ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.
რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.
გაციების დროს რა უნდა გააკეთოთ და რა - არა! - თემაზე ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
მისი თქმით, გაციება ამ ბოლო დროს პრობლემად იქცა, რადგან ზოგიერთს ჰგონია, რომ კორონა ვირუსი აქვს. ვიდეოში ექიმი რეზიდენტი საუბრობს კონკრეტულად გაციების დროს რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და რა არ უნდა გააკეთოს:
,,გაციება ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ცხვირის და ხახის ლორწოვანი გარსების ანთება, მას ვირუსული ნაზოფარინგიტი ჰქვია და მას იწვევს 200-ზე მეტი ვირუსი. თუმცა ყველაზე ხშირია რინოვირუსი. თუ ამ ვირუსით დაავადებულს შეხვდებით, ხელს ჩამოართმევთ, დაეკონტაქტებით, ორ დღეში დაიწყება სიმტომები. მისი სიმპტომებია - სურდო, ვერ სუნთქავთ ცხვირით და იცვლება ხმაც, ყელის ტკივილი, შეიძლება იყოს ხველა და ასევე ცემინება. ეს არის კლასიკური გაციება,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
ექიმი ასევე გასწავლით, თუ როგორ ებრძოლოთ გაციებას:
,,თუ ვინმეს შეხვდებით, ვინც გაციებულია, ეგრევე ხელები დაიბანეთ. ხელების დაბანით თავს დაიცავთ - ეს არის პირველი რჩევა. თუ მაინც დაინფიცირდით და შემაწუხებელი სიცხე გაქვთ, არსებობს ორი მედიკამენტი: იბუპროფენი და აცეტამინოფენი, იგივე პარაცეტამოლი. გაციების დროს ყველაზე კარგად იბუპროფენი მუშაობს. პარაცეტამოლის ეფექტი გაციების დროს არ ვიცით როგორია, ამიტომ სჯობს იბუპროფენი მიიღოთ. მეორე რჩევაა, არ გამოიყენოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ეს ფულის ტყუილად ხარჯვაა. ამას განსაკუთრებით ვეუბნები მშობლებს, მით უმეტეს 6 წლამდე ბავშვებს ნუ დაალევინებთ ხველის საწინააღმდეგო წამლებს, რადგან გაციების დროს მათი სარგებელი და რისკები არ არის ერთმანეთთან ბალანსში. ზოგიერთი იყენებს ასევე ცხვირის საშუალებებს, რაც სურდოს ხსნის, მაგრამ მათი ეფექტურობაც გაციების შემთხვევაში ძალიან დაბალია. ყველაზე ეფექტურია გაციების დროს თუთია. გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ 24 საათში თუ მიიღებთ თუთიას, პირველი - შემცირდება დაავადების სიმძიმე, მეორე შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა, მესამე - შეიძლება აღარც დაგჭირდეთ სხვა მედიკამენტები, რადგან მდგომარეობიდან უფრო სწრაფად გამოხვალთ. არ დალიოთ კატეგორიულად ანტიბიოტიკები. თუთიის ეფექტურობა თუ გინდათ დაინახოთ, მაშინ დოზა სწორად უნდა შეარჩიოთ. გაციების დროს თუთია უნდა იყოს გამოყენებული 50-იდან 75 მილიგრამამდე,'' - დასძენს გიორგი ღოღობერიძე.
რაც შეეხება C ვიტამინს, იგი გაციების ხანგრძლივობას ცოტათი ამცირებს, თუმცა სიმძიმეს არ ცვლის. ამიტომ C ვიტამინზე ეფექტური თუთიაა. D ვიტამინის როლი კი არ არის ცნობილი.