Baby Bag

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.

რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ომიკრონის პირობებში კოვიდ პასპორტის გაუქმებაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არც ის მგონია, რომ ეს ფაქტი ეპიდსიტუაციას გააუარესებს“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„ომიკრონის პირობებში კოვიდ პასპორტის გაუქმებაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არც ის მგონია, რომ ეს ფაქტი ეპიდსიტუაციას გააუარესებს“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კოვიდ პასპორტის გაუქმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

​„გულწრფელად რომ ვთქვა, ომიკრონის პირობებში კოვიდ პასპორტის გაუქმებაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არც ის მგონია, რომ ეს ფაქტი ეპიდსიტუაციას გააუარესებს (მეტი რაღა უნდა გაუარესდეს, ესეც არ მესმის), იმიტომ რომ:
1. კოვიდ პასპორტის რეგულაციის (ისევე როგორც ზოგადად რეგულაციების) აღსრულება ძალიან ცუდად ხდებოდა და ფაქტობრივად ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
2. კოვიდ პასპორტმა ვაქცინაციის ტემპებს დიდად რომ არ უშველა, ესეც ცხადია.
3. ჩვენთან კოვიდ პასპორტი იმათაც ჰქონდათ, ვინც დიდი ხნის წინ გადაიტანა კოვიდი, არადა, ეს ხალხიც ძალიან ეფექტურად ინფიცირდება ომიკრონით.
4. ვაქცინის მთავარი ამოცანა არ არის (არც ადრე იყო დიდად და ომიკრონის პირობებში მით უმეტეს) ინფიცირებისგან დაცვა, ვაქცინის მთაცარი ამოცანაა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ანუ გართულებების და სიკვდილის რისკის შემცირება და ამ მისიას აშკარად ასრულებს. ამიტომ კოვიდ პასპორტის, როგორც ინფექციის გავრცელების შემცირების საშუალების როლი არც ისე მნიშვნელოვანია. ანუ ის ფაქტი, რომ ადამიანს კოვიდ პასპორტი აქვს, სულ არ ნიშნავს, რომ ის ინფექციის წყარო ვერ იქნება.
5. კოვიდ პასპორტს ერთადერთი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა ამჟამად ინფიცირებულების შემთხვევაში, რადგან კოვიდ პასპორტში ჩანს, რომ ადამიანს ახლახან დაუდასტურდა კოვიდი (ესეც მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევის დროს და თანაც თუ პირი, რომელიც კოვიდ პასპორტს ამოწმებს, საერთოდ დააკვირდება ამას).
6. ძალინ უცნაურია, რომ ზოგიერთი ადამიანი ნანობს, აბა ვაქცინა რატომ გავიკეთე, თუ პასპორტი მაინც გაუქმდებოდაო. კიდევ ვიმეორებ, ვაქცინაციას ადამიანები კოვიდ პასპორტის მისაღებად კი არა, სტაციონარში მოხვედრის და ჟანგბადზე მიერთების რისკის შესამცირებლად უნდა იკეთებდნენ. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთან სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ზუსტად ის ხალხი ერიდება ვაქცინის გაკეთებას, ვისაც ყველაზე მაღალი რისკი აქვს გართულებების, ანუ ვისაც სხვადასხვა დაავადება აქვს. ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

სხვათა შორის, ამას შეიძლება ისიც უწყობდეს ხელს, რომ აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, სადაც ეკითხებიან ამა თუ იმ დაავადების შესახებ. ეს აჩენს განცდას, რომ თუ ეს დაავადება გაქვს, აცრა არ შეიძლება. არადა, არც ერთი ეს დაავადება არ არის აცრის წინააღმდეგჩვენება. საერთოდ, სრულიად აუხსნელია, რა საჭიროა ეს კითხვარი. ზედმეტი დროის ხარჯვაა და კიდევ ვიმეორებ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ რადგან ეკითხებიან, ესე იგი ამ დაავადებების დროს აცრა პრობლემაა,“ - წერს მაია ბუწაშვილი.
წაიკითხეთ სრულად