Baby Bag

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.

რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ გვჭირდება როგორც ვაქცინა, ასევე აუცილებლად ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი," - თენგიზ ცერცვაძე

„ჩვენ გვჭირდება როგორც ვაქცინა, ასევე აუცილებლად ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი," - თენგიზ ცერცვაძე

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კოვიდ-19-ის ვირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტის გამოშვების მნიშვნელობასა და სავარაუდო თარიღებზე ისაუბრეს. ამირან გამყრელიძის თქმით, რამდენიმე მედიკამენტი ამჟამად კვლევის ფაზაშია:

„ბევრი კომპანია მუშაობს და არის ბევრი სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი კვლევის სხვადასხვა ფაზაში. როდის იქნება, ეს არავინ არ იცის. თვითონ კომპანიებს აქვთ თავიანთი მოლოდინი, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში,​ გარკვეული მედიკამენტები შეიძლება იყოს ავტორიზირებული სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ.“

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინა ყველა ადამიანში მყარ და გარანტირებულ იმუნიტეტს არ ტოვებს:

​ვაქცინირება ყველა ავადმყოფში არ ტოვებს გარანტირებულ, მყარ იმუნიტეტს. არის მოლოდინი, რომ სხვადასხვა ვაქცინით, მათ შორის ფაიზერით, აცრილ ადამიანებში იმუნიტეტი არ იქნება მუდმივი, არ იქნება მყარი და გარკვეული დროის შემდეგ (ასახელებენ ექვს თვეს ან ერთ წელიწადს, ეს იმუნიტეტი თანდათან სუსტდება.“

„ჩვენ გვჭირდება როგორც ვაქცინა, ასევე აუცილებლად ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი, ვინაიდან იმ პირებისთვის, ვისთანაც ვაქცინა არ იმუშავებს, ჩვენ რეზერვში გვქონდეს მედიკამენტი, რომ ჩავუტაროთ მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც გარანტირებულად მოგვცემს საშუალებას, რომ პაციენტი განიკურნოს,“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო: ​ტელეკომპანია „იმედი“

წაიკითხეთ სრულად