Baby Bag

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.

რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ უნდა აიღოთ შარდი ანალიზისათვის ბამბის ტამპონის გაწურვით და როგორია შარდის სწორი შეგროვების წესები ჩვილებში

რატომ არ უნდა აიღოთ შარდი ანალიზისათვის ბამბის ტამპონის გაწურვით და როგორია შარდის სწორი შეგროვების წესები ჩვილებში

რატომ არ უნდა აიღოთ შარდი ანალიზისათვის ბამბის ტამპონის გაწურვით და როგორია შარდის სწორი შეგროვების წესები ჩვილებში, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ჩვილებში შარდის შეგროვება მართლა რთული მისიაა. პატარა ხომ თქვენს თხოვნასა და სურვილს მოშარადვასთან დაკავშირებით ვერაფრით დაემორჩილება?! არადა, ექიმმა სწორედ შარდის ანალზის ჩატარება გირჩიათ.

​შარდის ასაღებად და შესაგროვებლად ორი მეთოდი არსებობს - შეგროვება კონტეინერში (ქილაში, რომელსაც სახურავი აქვს) და შეგროვება სპეციალურ პაკეტ-კოლექტორში, რომელიც ჩვილის შორისის მიდამოში მაგრდება. ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ადვილი მოსახმარია.

რა დაგჭირდებათ?

  • მისაწებებელი პაკეტი - კოლექტორი
  • შარდის შესაგროვებელი ქილა - კონტეინერი

როგორ ავიღოთ მასალა კვლევისათვის

  • პირველ რიგში, დაიბანეთ ხელები
  • ჩვილი ჩაბანეთ, გამშრალეთ. დააწვინეთ ზურგზე.
  • გახსენით პაკეტის შეფუთვა, მოხსენით პაკეტის მისაკრავად განკუთვნილ ბოლოებს წებვადი ლენტი.
  • კოლექტორი უნდა მიამაგროთ შორისის მოდამოში ისე, რომ გოგონას სასაქეო ბაგეებს სრულად ფარავდეს, ხოლო ვაჟებში სასქესო ასო მოთავსებული იყოს მის შიგნით.
  • პაკეტის ზემოდან არ ჩააცვათ საფენი, რათა მისი მიჭლყეტა არ მოხდეს. ამ შემთხვევში შარდს ვერ შეაგროვებთ.
  • მოშარდვას დააჩქარებთ, თუ პატარას ძუძუს, ხელოვნურ ნარევს ან რაიმე სითხეს მისცემთ.
  • მოშრადვამდე ბავშვი ვერტიკალურად ხელში ვერტიკალურად გეჭიროთ, რათა პაკეტიდან შარდის გადადინება და დაკარგვა არ მოხდეს.
  • მოშარდვის შემდეგ მოხსენით პაკეტი, გადაასხით შიგთავსი სტერილურ ქილაში და რაც შეიძლება სწრაფად წაიღეთ ლაბორატორიაში.

რა არ შეიძლება?

დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მოხმარებამდე არ მოხსნათ თავსახური ქილა-კონტეინერს.
საქმის გასაიოლებლად საფენის ქვეშ არ მოათავსოთ ნაჭერი ან ბამბის ტამპონი, რომელსაც მოშარდვის შემდეგ გაწურავთ. ამგვარად აღებული შარდი დაბინძურებულია ბაქტერიებით და რაც მთავარია, გაფილტრულია, შესაბამისად, ანალიზის პასუხი აუცილებლად მცდარი იქნება,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად