Baby Bag

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე... რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დიარეულ დაავადებებთან დაკავშირებით წერს. გთავაზობთ მის პოსტს:
​„ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით.

რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით:
პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა. დღემდე აქტუალურია „ბისეპტოლის“ მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი ჰგონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.
დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი.
სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).
დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას.
მთავარია სითხის ადეკვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი „გადასხმა“ არ სჭირდება.
ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

​რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს

​რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს

რუსეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის საკმარისი ინფორმაცია, რომ რაიმე დასკვნები გამოვიტანოთ:

„ამ შტამის შესახებ ჯერჯერობით ძალიან ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდება, არ გაგვაჩნია სამეცნიერო მტკიცებულებები, თუ როგორ მიმდინარეობს, აქვს თუ არა უფრო რთული კლინიკური გამოვლინებები და სიკვდილიანობა. ამაზე არაფერი არ ვიცით. ზოგადად, როდესაც ახალი შტამი ჩნდება, როგორც წესი, მას თავისებურება ის აქვს ხოლმე, რომ წინამორბედთან შედარებით ბევრად უფრო უფრო ეფექტურად ვრცელდება და ადვილად გადამდებია. მაღალი ალბათობით, ეს იქნება ამ ახალი შტამის შემთხვევაშიც.

არსებობს ასეთი ცნება - კონტაგიოზურობის ინდექსი, ანუ ერთი ადამიანი რამდენს აინფიცირებს. პანდემია რომ დაიწყო, ვუჰანის შტამზე ვამბობდით, რომ კონტაგიოზურობის ინდექსი იყო 2. გრიპის შემთხვევაშიც ასეა 1,5. დელტა შტამმა 5-ს გადააჭარბა, ზოგიერთი მონაცემებით - 7-საც კი უდრის. ფაქტობრივად, ამ ინდექსით უახლოვდება ისეთ ინფექციებს, რომლებიც ჰაერის გზითაც გადადის. თუმცა ჯერჯერობით ჰაერის გზით გადაცემა არ არის დადასტურებული. რაც უფრო ახალია მუტაცია, ეს თავისუბურება აქვს, რომ კონტაგიოზურობის ინდექსი მატულობს. როგორც ჩანს, ამ ახალი შტამის შემთხვევაში მოსალონდელია, რომ დელტაზე კიდევ უფრო მეტად გადამდები იყოს,“ - აღნიშნა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად