Baby Bag

ცისტიტის გამომწვევი მიზეზები და კლინიკური ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოეპაროთ მშობლებს - თემაზე პედიატრი, ნეფროლოგი თამთა ხუჯაძე საუბრობს

ცისტიტის გამომწვევი მიზეზები და კლინიკური ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოეპაროთ მშობლებს - თემაზე პედიატრი, ნეფროლოგი თამთა ხუჯაძე საუბრობს

რამ შეიძლება გამოიწვიოს ცისტიტი ბავშვებში და რა კლინიკური ნიშნები აქვს? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ნეფროლოგი თამთა ხუჯაძე.

- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა არის ცისტიტი?

- ცისტიტი, ქვედა საშარდე გზების ინფექცია, იგივე შარდის ბუშტის ანთება არის ინფექციური დაავადება, რომელიც საკმაოდ ხშირად გვხვდება ბავშვებში. ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით, გოგონებში მეტად ხშირია, ვიდრე ბიჭებში. ცისტიტი ბაქტერიული ინფექციაა, შესაბამისად, გამომწვევის ზუსტ გამოვლენას ლაბორატორიული დადასტურება სჭირდება. უმეტესად, გამომწვევი ნაწლავის ჩხირია (E.Coli), რომელიც ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე მარტივად ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან საშარდე სისტემაში და დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. საშარდე გზებში ბაქტერიის შეღწევა შეიძლება მოხდეს არასათანადო ჰიგიენის, ტუალეტის გამოყენების შემდეგ არასწორი გაწმენდის (უკნიდან წინა მიმართულებით) ან შარდის ბუშტის სრულად არდაცლის გამო. ძირითადად, პრაქტიკაში გვხვდება გართულებული და გაურთულებელი ცისტიტი. გაურთულებელი ცისტიტი მოიცავს ქვედა საშარდე გზებს და როგორც წესი, გვხვდება 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში, რომელთაც არ აღენიშნებათ საშარდე სისტემის ანატომიური და ფიზიოლოგიური დარღვევები. ასევე, გაურთულებელი ცისტიტი გამოწვეულია პათოგენებით, რომლებიც მგრძნობიარეა გამოყენებული ანტიმიკრობული აგენტების მიმართ. რაც შეეხება რთულად მიმდინარე პროცესს, ხასიათდება გამოყენებული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობით, ამასთანავე, ავადობა ასოცირებულია თანმხლებ, თანდაყოლილ საშარდე სისტემის ანატომიურ ან ფიზიოლოგიურ დარღვევებთან, მაგალითად, როგორებიცაა: საშარდე გზების ობსტრუქცია და შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის არსებობა და ა.შ. რომელთა დიაგნოსტირებისათვის მოწოდებულია დამატებითი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები და რეკომენდებულია შესაბამისი სპეციალისტის (ნეფროლოგი/ურლოგი) ჩართულობა. დროული რეაგირებისა და მკურნალობის შემთხვევაში ცისტიტი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა უნდა გავითვალისიწნოთ, რომ არასწორმა მკურნალობამ ან მკურნალობის არჩატარებამ შესაძლოა, გართულება გამოიწვიოს.

- რა იწვევს ცისტიტს?

- ცისტიტის განვითარებისათვის არსებული რისკ-ფაქტორებია: სექსუალური აქტივობა, საშარდე სისტემის განვითარების ანომალიები, მუდმივი შარდის ბუშტის კათეტერი, გარკვეული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, იმუნოდეფიციტი, სტრესი, გაციება, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, საფენის დიდხანს გამოუცვლელობა, როდესაც მიკრობი დიდი ხნის განმავლობაში არის კანთან კონტაქტში ხდება მისი რაოდენობის გაზრდა და ამ გზით შარდის ბუშტის ანთების გამოწვევა.

- რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებას და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ დაეხმაროს პატარას?

- კლინიკური ნიშნები, რომლებიც შეიძლება შენიშნოს მშობელმა არის: ხშირი შარდვა, შარდვის გაძნელება, შარდის შეუკავებლობა, წვა და ტკივილი შარდვის დროს, უსიამოვნო სუნისა და მუქი შეფერილობის, ზოგჯერ სისხლის შემცველი ულუფებით შარდვა, უმადობა, მუცლისა და წელის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია. აღნიშნული ჩივილებით მშობელმა რეკომენდებულია მიმართოს სპეციალისტს, მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება და შერჩეულ იქნას მკურნალობის ტაქტიკა. ცისტიტის დიაგნოზირება ხდება კლინიკური ჩივილების, ფიზიკური გამოკვლევისა და დამატებითი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. დიაგნოსტირებისათვის ინიშნება ლაბორატორიული ანალიზები, რომლებიც ადასტურებს ან გამორიცხავს ინფექციის არსებობას: 

1) შარდის საერთო ანალიზი, რომლისთვისაც მასალის აღება უნდა მოხდეს შესაბამისი ჰიგიენური წესების დაცვით; 

2) შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომელიც გვეხმარება გამომწვევის გამოვლენასა და შესაბამისად, ჩატარებული მკურნალობის სქემის შედგენაში;

3) საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც გამოავლენს თანდაყოლილ ან მწვავე ინფექციის ფონზე განვითარებულ ცვლილებებს, დაგვეხმარება სამომავლო ტაქტიკის დაგეგმვაში. მკურნალობა წარიმართება სიმპტომური საშუალებებითა და ანტიბიოტიკოთერაპიით, რომლის არჩევაც ხდება ინდივიდუალურად სიმპტომატიკისა და ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით, აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს სრულფასოვანი მკურნალობა, რაც მოიცავს სრული კურსის დასრულებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები შემსუბუქდება ან გაქრება.

- როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან?

პედიატრიულ პოპულაციაში დაავადების სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვი ზუსტად ვერ აღწერს სიმპტომებს, ამიტომ ხშირად დაავადება შეუმჩნეველი ხდება და მკურნალობა დროულად არ ტარდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ პატარების პირადი ჰიგიენის წესები, რათა ბაქტერიები შარდის გამომყოფ გზებში არ მოხვდეს. საშარდე გზებში ბაქტერიის შეღწევა შეიძლება მოხდეს არასათანადო ჰიგიენის, ტუალეტის გამოყენების შემდეგ არასწორი გაწმენდის დროს (უკნიდან წინა მიმართულებით).

ასევე, მშობლებს ვურჩევთ, ხშირად უცვალონ საფენი პატარებს, თითქმის ყველა მიშარდვის შემდეგ (ძირითადად ეხება ახალშობილებს). 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დროულად უნდა შეწყდეს საფენების გამოყენება, შესაბამისად, აუცილებელია მშობლის მიერ კონტროლდებოდეს რეგულარულად შარდის ბუშტის დაცლა, რითაც ავირიდებთ შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას. გოგონებს უნდა ვასწავლოთ სწორი ჰიგიენის ჩვევები: ასაკობრივად გათვალისწინებული დასაბანი საშუალებებით აბაზანის მიღება, წინა მხრიდან უკანა მხრივი მიმართულებით. ხშირად უნდა მოხდეს საცვლების შეცვლა, განსაკუთრებით თუ ის სველია ან გამოყენებულია საცურაო აუზში/მდინარეში/ ზღვაზე. რეკომენდებულია სითხეებით დატვირთვა - წყლის რეგულარული მიღება ასევე გვეხმარება დაავადების პრევენციაში.

- როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აქვს ცხელება, რომლის ზუსტი მიზეზი უცნობია და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჩივილი: მუცლის და/ან წელის ტკივილი, სისხლისნი ან მუქი შეფერილობის ცუდი სუნის მქონე შარდი, უმადობა, შეუპოვარი ღებინება ან უჩვეულოდ გაღიზიანებულია. ასევე აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა და დამატებითი შეფასება მორეციდივე ან ატიპიური გამომწვევით გამოწვეული ცისტიტის შემთხვევაში, ანტიმიკრობული თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში. მკურნალობის ტაქტიკა გაცემული რეკომენდაციები და სამომავლო მართვა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებსა და არსებულ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ მონაცემებზე შესაბამისად, აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც მშობლები თვლიან, რომ ბავშვმა ყველაფერი უნდა ჭამოს, ეს მითი არ არის, ეს არის ახირება,” - პედიატრი ია გოგებაშვილი

​​პედიატრი ია გოგებაშვილი იმ ცნობილი მითების შესახებ საუბრობს, რომლებიც ბავშვის მოვლის შესახებ ფართოდ არის გავრცელებული. ია გოგებაშვილის თქმით, ჩვილი ბავშვის დაჯდომა 5-6 თვის ასაკიდან შესაძლებელია, თუმცა ინდივიდუალური თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ:

„5-6 თვის ასაკიდან უკვე შეგვიძლია ბავშვის დასმა. ყველა ​ბავშვი ინდივიდუალურია. ბავშვის მოტორული განვითარება გიკარნახებთ, თუ როდის იქნება ის მზად დამოუკიდებლად მყარად დასაჯდომად დახმარების გარეშე. უფრო მნიშვნელოვანია მოტორული შეფერხების გამოვლენა და იმის ცოდნა, როდის უნდა ატეხოთ განგაში. თუ სამი თვის ასაკში ბავშვი თავს ვერ იჭერს, ეს საშიშროების ნიშანია. თუ ბავშვი 9 თვის ასაკში დამოუკიდებლად ვერ ჯდება, ეს უკვე საშიშროების ნიშანია. თუ ბავშვი ხუთი თვის ასაკში ზურგიდან მუცელზე ბრუნს არ აკეთებს, ეს საშიშროების ნიშანია. თუ ბავშვი, თუნდაც დახმარებით, ფეხზე მყარად არ დგას 11 თვის ასაკში, ესეც საფრთხის ნიშანია. თუ ბავშვმა 12 თვის ასაკში პირველი ნაბიჯები არ გადადგა, ამაში არაფერია საგანგაშო, 15-16 თვის ბავშვი კი უნდა დადიოდეს უკვე.“

ია გოგებაშვილი ​მშობლების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბავშვმა ყველაფერი უნდა ჭამოს, ახირებად მიიჩნევს:

„როდესაც მშობლები თვლიან, რომ ბავშვმა ყველაფერი უნდა ჭამოს, ეს მითი არ არის, ეს არის ახირება. ახალგაზრდა მშობელს რისი მიწოდება უხარია? მას უნდა ბავშვმა დააგემოვნოს შოკოლადი, მარწყვი. ასევე თავისი სურვილები აქვს უფროს თაობას. მე მინახავს შვიდი თვის ბავშვი კლინიკაში და ბედნიერი, ამაყი ბაბუა, რომელიც ამბობს, რომ ბავშვს მეგობრებთან ერთად ყოფნისას დააგემოვნებინა ხინკალი და ლუდი. როდესაც მას შენიშვნა მივეცით, ის მაინც ბედნიერი რჩებოდა, დედაც ბედნიერი იყო, შეიძლება ხათრით. მაშინ უკვე ავუხსენით, რომ ეს აღარ არის სასაცილო. სპირტიანი სასმელის მიწოდება ბავშვისთვის ნებისმიერ ასაკში, პუბერტატულ ასაკამდე არ არის რეკომენდებული. ჩვენი ეროვნული კერძები, რომლებიც სუნელებით არის გაჯერებული. ისეთი ცხიმოვანი შემადგენლობისაა, რომელიც ჩვილისთვის არანაირად არ არის რეკომენდებული. ​მსგავს კერძებს სამ წლამდე რეკომენდაციას ვერ მივცემდი. ღვინოს თავისი სიკეთე აქვს, მაგრამ არა ბავშვთა ასაკში. თავის ტვინზე, გონებრივ განვითარებაზე სპირტიანი სასმელები აბსოლუტურად ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. მშობლები ხშირად აჭმევენ ბავშვებს ერთჯერად არომატულ წვნიანებს. მერე გახარებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ უჭმელი ბავშვი ამ ერთჯერად პროდუქტს მიირთმევს. ამ ასაკში ბავშვის გემოვნება და კვების რეჟიმი ყალიბდება. ყველაზე საფრთხილოა მისი კვება. თუ მას მსგავს საკვებს მივაჩვევთ, ის მთელი ცხოვრება ასე განაგრძობს კვებას.“

ია გოგებაშვილი აღნიშნავს, რომ ბავშვის კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით გავრცელებული მითია ყოველ 24 საათში დეფეკაციის აუცილებლობის შესახებ არსებული მოსაზრება:

„მითია, რომ ბავშვს კუჭის მოქმედება ყოველ 24 საათში ერთხელ უნდა ჰქონდეს. არაფერია საგანგაშო, თუ ასე არ ხდება. ძუძუთი კვებისას ექვს თვემდე ასაკში დასაშვებია, რომ ბავშვს ყოველი კვების შემდეგაც ჰქონდეს დეფეკაცია. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ექვს თვემდე კუჭის მოქმედება სასურველია იყოს 24 საათში 2-ჯერ ან 3-ჯერ. უფრო მოზრდილ ასაკში შეიძლება 24 საათში ერთი დეფეკაციის ეპიზოდიც არ იყოს და ეს არ არის საგანგაშო. თუ ბავშვს ნაწლავების გათავისუფლების პრობლემა უქმნის დისკომფორტს, ბავშვი წუხს, აქვს მეტეორიზმი, ჭირვეულობს, მუხლებს ხრის და მიაქვს მუცელთან, ეს მისთვისაც გაუსაძლისია, ერთჯერადად უნდა დავეხმაროთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ბამბის ჩხირი ან თერმომეტრი, რომ ხელოვნურად გამოვიწვიოთ დეფეკაცია. ​ამით ისევ და ისევ ვიწვევთ ყაბზობას და გაუვალობას.“

ია გოგებაშვილი აცხადებს, რომ ახალშობილი ყოველდღიურად უნდა დავბანოთ, თუმცა მხოლოდ წყლით:

„ახალშობილი ყოველდღე უნდა დავბანოთ. არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება საპნებით დაბანა. უნდა გამოვიყენოთ შესაბამისი ტემპერატურის წყალი. ხუთი-ათი წუთი აბსოლუტურად საკმარისია. ზოგიერთ ბავშვს ეს მოსწონს. ზოგიერთი ვერ ეგუება. ამ შემთხვევაში 5 წუთი საკმარისია, რომ ათი წუთი არ ატიროთ ბავშვი. ბავშვისთვის ეს კომფორტი უნდა იყოს და არა დისკომფორტი. თუ ახალშობილს რაიმე კანის პრობლემა არ აქვს, წყალში რაიმე დანამატს ნუ გამოიყენებთ. საპნებით ბანაობას რაც შეეხება, კვირაში ერთხელ საკმარისია.“

„კრუნჩხვის დროს ენის დაჭერა ფრჩხილებით, კოვზით, იწვევს ბავშვის ტრავმატიზებას. მინახავს საშინლად დაჭრილი, სისხლიანი ენა, ყურის ნიჟარა გაჭრილი. როდესაც გოგონა დედობისთვის ემზადება, არსებობს უამრავი ლიტერატურა, რომელსაც შეიძლება გაეცნოს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. დედობისთვის მზადებისას აუცილებლად უნდა ვიკითხოთ. ლიტერატურაში გაეცნობით პატივსაცემი პედიატრების რჩევებს. ​რას ვაკეთებთ კრუნჩხვის დროს? არავითარ შემთხვევაში არ ვისვრით ბავშვს პანიკაში და არ გავრბივართ მეზობლის დასაძახებლად. ვაწვენთ სწორ ზედაპირზე გვერდულად, ნიკაპი ზემოთ უნდა ავუწიოთ, რომ სასუნთქი გზები იყოს გამავალი და პირნაღები მასა არ მოხვდეს სასუნთქ გზებში. შევეცადოთ, დავაფიქსიროთ კრუნჩხვის დრო, თუ დედა ამდენ უნარს შეინარჩუნებს, რადგან ეს შემზარავი სანახავია,“ - აღნიშნავს ია გოგებაშვილი.

წყარო: ​შუადღე GDS

წაიკითხეთ სრულად