Baby Bag

თუ საკვების მიღების დროს დავლევთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ... - შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს?

თუ საკვების მიღების დროს დავლევთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ... - შეიძლება თუ არა წყლის მიღება ჭამის დროს?

შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღების დროს? - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

ალბათ გსმენიათ, რომ როდესაც საკვების მიღების დროს წყლის მიღება არ შეიძლება, რადგან მონელებას ხელი შეეშლება. თუ საკვებს ვერ მოინელებ, გაზები შეგაწუხებს, გასუქდები და სხვა. სწორია თუ არა ეს ყველაფერი? - ეს არ არის სიმართლე და დაგიმტკიცებთ რატომ. 

როდესაც საქმე ეხება საკვების მონელებას, ჩვენს კუჭში არსებობს სპეციალური გარემო და ამ გარემოს ქმნის მარილმჟავა. როგორც კი მასში აღმოჩნდება საკვები, ერთი მხრივ, გაათავისუფლებს ბაქტერიებისგან, რათა ინფექცია არ შეიჭრას სხეულში, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ მასში არსებული ცილები გაიშალონ (ამას ჰქვია დენატურაცია) და მესამე, ააქტიურებს სპეციალურ ფერმენტებს, განსაკუთრებით პეპსინს, რომელიც ამ ცილებს დაჭრის და შემდეგ ჩვენ მას მოვინელებთ. 

აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ კუჭში მჟავიანობა არის საკვანძო მომენტი, მაშინ წყლის დალევა როგორ შეიძლება არ აღმოჩნდეს ხელისშემშლელი? 

თუ საკვების მიღების დროს მივიღებთ წყალს, ის ნამდვილად გააზავებს მარილმჟავას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში. იქ, სადაც კუჭი მთავრდება და იწყება თორმეტგოჯა ნაწლავი გვაქვს ადგილი, რომელსაც ჰქვია ანტრუმი. ანტრუმში არიან G უჯრედები, რომლებიც აფიქსირებენ, რომ კუჭში მჟავიანობა დაეცა მიღებული წყლის ხარჯზე, გამოყოფენ ჰორმონ გასტრინს, რომელიც იმოქმედებს კუჭზე, რის საფუძველზეც მჟავიანობა ისევ აღდგება. შესაბამისად, თუ საკვების მიღების დროს წყლის დალევა გიყვართ, მიიღეთ, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

ის ფაქტი, რომ თითქოს საკვების მიღების დროს წყლის დალევით წონაში მოიმატებ, ეს აბსულუტური სისულელეა, პირიქით, შეიძლება დაიკლო კიდეც. კვლევა ჩატარდა, სადაც ნახეს რომ თუ ადამიანი საკვების მიღების დროს, 12 კვირის განმავლობაში იღებდა 500 მლ სითხეს, წონაში იკლებდა. რა თქმა უნდა, წონაში კლება არ იყო მაინცდამაინც შთამბეჭდავი, მაგრამ 2 კილოგრამის დანაკარგი შეიმჩნეოდა 3 თვის განმავლობაში. ამიტომ, თუ თქვენ კვების დროს წყალს იღებთ, ამით შესაძლოა წონაშიც დაიკლოთ და შეკრულობაც მოიგვაროთ.

აქვე მინდა დავამატო, რომ ვისაც აწუხებს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მაშინ წყლის მიღება საკვების მიღების დროს არ არის კარგი,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ. 

წყარო: ​,,მთავარი დიაგნოზი''

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად