Baby Bag

ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა ზრდის გამოჯანმრთელების შანსს და ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა დაბალდოზიანი CT სკრინინგია

ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა ზრდის გამოჯანმრთელების შანსს და ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა დაბალდოზიანი CT სკრინინგია

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. აღნიშნული სხვა ონკოლოგიურ დაავადებებთან შედარებით, მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება და მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს პირველ ან მეორე სტადიაზე, რათა მკურნალობა ეფექტურად წარიმართოს.

ანზორ ლაგვილავა: „მის ძირითად სირთულეს წარმოადგენს ასიმპტომური განვითარება და დაავადების ასიმპტომური პროგრესირება. სიმპტომების გამოჩენისას დაავადება უკვე შორს წასულია, რომლის დროსაც აქტიური ქირურგიული მეთოდები ნაკლებად ეფექტურია“.

MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოქირურგ, თორაკალურ ქირურგს ანზორ ლაგვილავასეწვია და ამ თემის ირგვლივ საინტერესო ინფორმაცია მოამზადა.

- რამდენად მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ონკოლოგიურ დაავადებებთან შედარებით?

ანზორ ლაგვილავა: „სტატისტიკურად, საქართველოში, ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელების თვალსაზრისით მამაკაცებს უკავიათ პირველი ადგილი (ბოლო პერიოდში ფილტვის კიბოს მაჩვენებელმა 50%-ით მოიმატა ქალებში) და წელიწადში 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სიკვდილიანობა სხვა ონკოლოგიურ დაავადებებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. უფრო ხშირად დაავადება გვხვდება 50+ ასაკში და პიკი 50-დან 70 წლამდეა’’.

- რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი და ვინ შედის რისკ-ჯგუფში?

ანზორ ლაგვილავა: ,,ძირითადად, რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, ვინც 15 წელზე მეტი აქტიურად მოიხმარენ თამბაქოს და მათ, ვისაც ანამნეზში ოდესღაც ჰქონდათ 15-20წლიანი სტაჟი. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში შესაძლოა აღარ იყვნენ მწეველები, მაინც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. ასევე, სხვადასხვა ქიმიურ ნაერთებთან (აზბესტი), რადიოაქტიურ ნივთიერებებთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე ადამიანები და ბოლოს, დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს, თუ მშობლებს, მამიდებს, დეიდებს და ზოგადად, სისხლით ნათესავებს ჰქონიათ ფილტვის კიბო, ეს ადამიანებიც რისკ-ჯგუფში შედიან“.

- რა სიმპტომებით შეიძლება ფილტვის კიბოს ამოცნობა?

ანზორ ლაგვილავა: ფილტვის კიბოს სიმპტომატიკა არის ძალიან დაფარული და პირველ/მეორე სტადიაზე არანაირი გამოვლენა არ გააჩნია. სიმპტომები ვლინდება მესამე-მეოთხე სტადიაზე. ესენია: სისხლიანი ნახველი, დაბალი ტემპერატურა, ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, ჩასუნთქვისას ტკივილი, თავის ტკივილი.’’

- რას გულისხმობს ფილტვის დაბალდოზიანი CT სკრინინგი და ვინ უნდა ჩაიტაროს იგი?

ანზორ ლაგვილავა: „ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული სკრინინგი და მისი ადრეული გამოვლენა. ვინაიდან, დაავადებას პირველ-მეორე სტადიაზე სიმპტომატიკა არ გააჩნია, ასეთი ჯგუფები საჭიროებენ სკრინინგს. მსოფლიოში არსებობს მიღებული წესი, დაბალდოზიანი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა, რომლის დროსაც ნებისმიერი მცირე ზომის სიმსივნური წარმონაქმნის იდენტიფიკაცია ხდება. სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს, რომ ამ სკრინინგის დროს პაციენტი საკმაოდ დაბალი დოზით იღებს დასხივებას, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია რისკ ჯგუფში შემავალი პაციენტებისთვის მასიურად ჩატარდეს ეს კვლევა. რაც შეეხება სიხშირეს, სასურველია ჩატარდეს ორ წელიწადში ერთხელ, მაღალი რისკის შემთხვევაში წელიწადში ერთხელ“.

- როგორ ხდება დიაგნოსტირება ნიუ-ჰოსპიტალსში?

ანზორ ლაგვილავა: „ნიუ-ჰოსპიტალსში“ გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური კაბინეტი, მაღალი ხარისხის მაგნიტურ-ტომოგრაფიული კვლევა. ასევე, სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტი, რომლის საშუალებითაც შესაძლოა გამოვავლინოთ დაავადება. ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით ამჟამად ფილტვის კიბოს სკრინინგის დაბალდოზიან CT კვლევაზე მოქმედებს ფასდაკლება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაიტაროს აღნიშნული კვლევა 90 ლარად 270 ლარის ნაცვლად. ასევე, შესაძლებელია სკრინინგზე რეგისტრაცია - მომხმარებლებს შეუძლიათ შეავსონ პატარა კითხვარი და დაადგინონ აქვთ თუ არა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.“

- როგორ ხდება ფილტვის კიბოს მკურნალობა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ნიუ-ჰოსპიტალსში?

ანზორ ლაგვილავა: „ნიუ-ჰოსპიტალსში მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს ვიყენებთ, როგორც, ქირურგიულს, ასევე არაქირურგიულს. ქირურგიული მეთოდი გამოიყენება ძირითადად პირველი ან მეორე სტადიის სიმსივნეების დროს, როდესაც ქირურგიული ჩარევით საშუალება გვაქვს ამოვკვეთოთ ძირითადი კერა და პაციენტი სრულად განვკურნოთ ამ პროცედურით. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოში პირველ ან მეორე სტადიაზე გამოვლენილი პაციენტების ნაკადი საკმაოდ დაბალია და უფრო მეტად ჭარბობენ მესამე და მეოთხე სტადიის პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, მათი მკურნალობა არაქირურგიული მეთოდებით მიმდინარეობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პაციენტები, ოპერაბელური და მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილებით საჭიროებენ მეორე ეტაპად ქირურგიულ მკურნალობას, მათ უკვე უტარდებათ ოპერაცია და შემდგომი მონიტორინგი ჩვენი კლინიკური ონკოლოგების მიერ.

კლინიკაში დანერგილია, როგორც ტრადიციული, ღია ოპერაციები, ასევე, მცირე ინვაზიური, თორაკოსკოპიული ჩარევები. ჩარევები ტარდება ფილტვზე, პლევრის ღრუსა და შუასაყარზე, დამზოგველი მეთოდით, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ პაციენტს ტრავმა და პოსტოპერაციული გართულებები“.

R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ხდება ბავშვის ძილის რუტინის დარღვევა, გამოვლინდება საკმაოდ მძიმე მოვლენები,“ - პედიატრი თამარ ობგაიძე

„როდესაც ხდება ბავშვის ძილის რუტინის დარღვევა, გამოვლინდება საკმაოდ მძიმე მოვლენები,“ - პედიატრი თამარ ობგაიძე

პედიატრმა თამარ ობგაიძემ ბავშვის ძილის რეჟიმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის იძინებს ბავშვი:

„ადრეული ასაკის ბავშვების ძირითადი ნაწილი დროის დიდ ნაწილს ატარებს ძილში და იღვიძებს მხოლოდ კვებისთვის. რაც უფრო ასაკი მატულობს, მით უფრო მცირდება ძილის ეს პერიოდი. წინა სასკოლო პერიოდში დაახლოებით 14 საათი შეიძლება ეძინოს ბავშვს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდის ვიძინებთ, როდესაც ბავშვს ეხება საქმე, მით უფრო მნიშვნელოვანი. ძილის ჰორმონი გამომუშავდება საღამოს ცხრა საათიდან პირველ საათამდე შუალედში. სწორედ ამ ჰორმონის ხარჯზე ხდება სრულყოფილი ჩაძინება. 9-დან 12 საათამდე ჩაძინება ჯანმრთელი ძილის გარანტიაა.“

თამარ ობგაიძის თქმით, ძილის რუტინის დარღვევა ბავშვებში საკმაოდ მძიმე მოვლენებს იწვევს:

​თუ სტუმრიანობა ხშირია, ხმაურია, ხდება ძილის რუტინის დარღვევა და გამოვლინდება საკმაოდ მძიმე მოვლენები. პირველ რიგში, ეს არის ქცევის დარღვევები. დადგენილია, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც სისტემატურად აქვთ ძილის გადაცდენები და რეჟიმიდან ამოვარდნა, აქვთ მომატებული აგრესიულობა, ქცევის სხვადასხვა ტიპის დარღვევა, აქვთ ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი.“

„8-9 წლის ასაკამდე ბუებად და ტოროლებად დაყოფა ძილის მხრივ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, განსხვავებული ტემპერამენტი არსებობს, მაგრამ რომ განვაზოგადოთ ასე არ არის. ​ბავშვზე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ბუ და მოდი, არაუშავს, დაიძინოს ღამის სამ საათზე. არა! გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვთა ასაკში ძილი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ამ დაყოფას ჩვენ არ ვეთანხმებით,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ ობგაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად