Baby Bag

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკვე ხელმისაწვდომია

გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკვე ხელმისაწვდომია

გულის და კარდიოლოგიური დაავადებების ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევა - კარდიო MRI, იგივე გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკვე ხელმისაწვდომია

კვლევა ტარდება Siemens-ის უახლესი, 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით.

ამ თემაზე უფრო დეტალურად MomsEdu.ge-სთან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსმა, კარდიოლოგმა ეკა კაპანაძემ ისაუბრა.

- რა არის გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (კარდიო MRI) და კონკრეტულად რა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება?

ეკა კაპანაძე: გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის გულის სიღრმისეული გამოკვლევა, რომელიც მაგნიტური ველის და რადიო სიხშირის ტალღების გამოყენებით ტარდება. ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავებით გვაძლევს გულის მაღალი დონის გამოსახულებას. აღსანიშნავია, რომ გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის არაინვაზიური კვლევა (არ ხდება ორგანიზმში ჩარევა) და რაც მთავარია, მავნე დასხივების გამოყენების გარეშე ვიღებთ მაღალი დონის გამოსახულებას.

ამ კვლევის მეშვეობით, ჩვენ ვაფასებთ გულის, როგორც ანატომიას და ფუნქციას, ასევე სისხლის ნაკადს და რაც მთავარია, გულის მრტ კვლევით შესაძლებელია გულის კუნთის ქსოვილის შეფასება, რომელიც სხვა ვერცერთი არაინვაზიური კვლევით ვერ ხდება. ამიტომ ამ კვლევას აქვს დიდი როლი იმ დაავადებების დიაგნოსტიკაში და მართვაში, რომლებიც მიმდინარეობს გულის კუნთის დაზიანებით, ეს იქნება მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც აზიანებს გულის კუნთს (ე.წ. კარდიომიოპათიები), თუ შეძენილი, მაგალითად, მიოკარდიტი - გულის კუნთის ანთება, რაც შეიძლება წარმოადგენდეს გადატანილი ვირუსული ინფექციის გართულებას. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით მიოკარდიტის დიაგნოზის დასმა ადრეულ სტადიაზე არის შესაძლებელი მანამ, სანამ ეს ნათელი გახდება სხვა კვლევით, მაგალითად, ექოკარდიოსკოპიით. ამ შემთხვევებში ვაფასებთ, ხომ არ არის ჩანაცვლებული გულის კუნთოვანი ქსოვილი რაიმე სხვა ქსოვილებით, მაგალითად, ცხიმოვანით და/ან ნაწიბუროვანით.

ასევე, აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კომბინირებული გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირების დროს. თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ერთ-ერთი მათგანი - ფალოს ტეტრადა, როდესაც პაციენტს ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ქირურგიული ჩარევა შეიძლება დასჭირდეს. სწორედ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვიღებთ იმ ზუსტ ინფორმაციას, რომლის სხვა კვლევით მიღება შეუძლებელია (კერძოდ, მარჯვენა პარკუჭის ფუნქციისა და მოცულობის შეფასებით). შემდგომში ამ მონაცემით ხდება გადაწყვეტილების მიღება: ესაჭიროება თუ არა პაციენტს განმეორებითი კარდიოქირურგიული ჩარევა - ფილტვის არტერიის სარქვლის იმპლანტაცია.

ამ კვლევამ გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებში ნაწილობრივ ჩაანაცვლა ანგიოგრაფიული კვლევა (კათეტერიზაცია), განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთაც სიცოცხლის მანძილზე უწევთ განმეორებითი ანგიოგრაფიული კვლევის ჩატარება. ანგიოგრაფიული კვლევა კი გახლავთ, პირველ რიგში, ინვაზიური კვლევა და მეორე, მაიონიზირებელი (მავნე) დასხივების ქვეშ მიმდინარე კვლევა.

გულის მრტ არის ერთ-ერთი შეუცვლელი კვლევა პაციენტებში, რომელთაც გულის სიმსივნური წარმონაქმნები/თრომბები აწუხებთ.

- სხვა კვლევებისგან განსხვავებით, რა შესაძლებლობები აქვს მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას და არსებობს თუ არა ისეთი დაავადებები, რომლებიც სხვა კვლევებით არ იყო თვალსაჩინო და კარდიო MRI-ის საშუალებით გამოჩნდა?

ეკა კაპანაძე: ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ კვლევა ტარდება მაიონიზირებელი დასხივების გარეშე. გულის მრტ კვლევა წარმოადგენს ოქროს სტანდარტის კვლევას მიოკარდიუმის ფუნქციის, მოცულობის შეფასებაში და ნაწიბუროვანი ქსოვილით ჩანაცვლების გამოსავლენად. ასევე ის გახლავთ უნიკალური კვლევა ქსოვილის დაწვრილებითი შეფასებისათვის, მიოკარდიუმის შეშუპების და მიოკარდიუმის პერფუზიის შეფასებისთვის (ანუ სისხლმომარაგების და ე.წ. სიცოცხლისუნარიანობის შეფასებაში, გადატანილია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ).

ამასთან ერთად, გვაძლევს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას. კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, ვიღებთ გულის მუშაობის ვიდეოებს, ანუ მოძრაობაში ვაფასებთ გულს, გულის ფუნქციას. არის გარკვეული დაავადებები, როდესაც დიაგნოსტიკაში პრიორიტეტულია კომპიუტერული ტომოგრაფია და არის დაავადებები, როდესაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. რიგ შემთხვევაში პაციენტს ორივე კვლევის ჩატარება სჭირდება. მაგალითად, თუ კითხვა არის გულის კუნთის ქსოვილის დაზიანებაზე, მის მასშტაბზე, სარქვლოვანი პათოლოგიების შეფასებაზე და ნაკლოვანების ნაკადის მოცულობის ზუსტად დათვლაზე, მაშინ უნდა დაინიშნოს გულის მრტ კვლევა, თუკი თქვენს ექიმს სურს, შეაფასოს გულის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობა, მაშინ სჯობს ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია.

თუ შევადარებთ ექოკარდიოსკოპიას, გვაძლევს გულის კუნთის (მიოკარდის) ნაწიბუროვანი ცვლილებების შეფასების საშუალებას, ანუ გულის კუნთი თუ გარკვეულ ადგილებში ჩანაცვლებულია ე.წ. ნაწიბუროვანი ქსოვილის თუ რაიმე ნივთიერების დაგროვებით, ამის შეფასების საშუალებას გვაძლევს მხოლოდ გულის MRI. ამასთან ერთად, გამოსახულების მიღება არ არის გაძნელებული ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, როგორც ექოკარდიოსკოპიის დროს, ასევე ექოკარდიოსკოპიით. შეზღუდულია გამოსახულების მიღება პაციენტებში, ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვთ, ამიტომ გულის სტრუქტურის და ფუნქციის მეტი გარჩევადობისთვის ინიშნება გულის მრტ კვლევა.

სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ გულის MRI ძალიან კარგია რთული შემთხვევების დიაგნოსტიკისათვის და განსაკუთრებით იმ მდგომარეობების დროს, როდესაც სხვა კვლევის შედეგები გაურკვეველი, საეჭვო ან ორაზროვანია.

გულის მრტ იძლევა კარგ ინფორმაციას გულის კონკრეტული მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და გვეხმარება პროგნოზის განსაზღვრაში, რაც საბოლოოდ გვეხმარება პაციენტის მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვაში.

- როგორ მიმდინარეობს პროცედურა, რა დრო სჭირდება და პაციენტი რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კვლევისას?

ეკა კაპანაძე: მინიმალური კარდიოლოგიური პროტოკოლის ჩატარების დრო არის 40 წუთიდან 1 საათამდე. ვინაიდან გული მოძრავი ორგანოა, კარგი გამოსახულების მიღებისთვის აუცილებელია პერიოდულად სუნთქვის შეკავება. ტარდება, როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში, არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. უბრალოდ 8 წლამდე ასაკის ბავშვებს, როგორც წესი, უჭირთ სუნთქვის ადეკვატური შეკავება და უმოძრაოდ გაჩერება, ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია კვლევის ზოგადი ანესთეზიით ჩატარება.

ერთ-ერთი განმასხვავებელი სხვა ორგანოს მრტ-სთან არის ის, რომ კვლევა ტარდება პაციენტის ელექტრო კარდიოგრაფიის სინქრონიზაციით, რათა აპარატმა დაასკანეროს გულის ციკლი გარკვეულ ფაზაში და მივიღოთ მაღალი გარჩევადობის გამოსახულება. ეს კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, ასევე მის გარეშე, გააჩნია რა კლინიკური კითხვა აქვს თქვენს ექიმს.

როგორც წესი, ეს კვლევა პაციენტისთვის დისკომფორტს არ ქმნის. იმის მიუხედავად, რომ პაციენტი სკანერში იმყოფება, მასთან მუდმივად ხდება კომუნიკაცია.

- რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, სანამ კვლევას ჩაიტარებს, სჭირდება თუ არა, რაიმე განსაკუთრებული მომზადება?

ეკა კაპანაძე: პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ კვლევაზე მისი მიმართვა ხდება მკურნალი კარდიოლოგის მიერ, რათა პასუხი გავცეთ გარკვეულ კითხვებს, რაც ვერ გაირკვა უკვე ჩატარებული კვლევებით, შესაბამისად, ეს კვლევა პირველადი კვლევა არ არის.

გულის მრტ კვლევის ჩატარებამდე პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კვლევისას სჭირდება კონტრასტული ნივთიერების გამოყენება, წინასწარ ხდება პერიფერიული ვენური კათეტერის ჩაყენება.

თუ პაციენტი ბავშვია, ვაზუსტებთ დეტალებს და ვაფასებთ, რამდენად შეძლებს პაციენტი კვლევის ჩატარებას ზოგადი ანესთეზიის გარეშე.

და ბოლოს ვიტყვი, რომ გულის მრტ კვლევის ჩატარებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სკანერი (აპარატი), რომლითაც სრულდება ეს კვლევა, არამედ აუცილებელია სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ხდება მიღებული გამოსახულების და ინფორმაციის დამუშავება. „ნიუ-ჰოსპიტალსის“ უპირატესობა გახლავთ ზუსტად ის, რომ გარდა უახლესი თაობის მრტ სკანერისა, გვაქვს კარდიოლოგიური პროგრამების სრული პაკეტი, რომლის გამოყენებითაც ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ექიმი, რომელიც ატარებს კვლევას, კარგად უნდა ფლობდეს აპარატს და ჰქონდეს ცოდნა რადიოლოგიაში და ამასთან, აუცილებელია იყოს კვალიფიციური კარდიოლოგი, რომელსაც სიღრმისეულად შესწავლილი აქვს გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ასევე, გულის, როგორც შეძენილი, ისე თანდაყოლილი ანომალიები.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვება

როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვება
მეძუძური დედის სრულფასოვანი კვება არამარტო დედის ჯანმრთელობის, არამედ პატარას ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა. მეძუძური დედის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს დედის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე და უზრუნველყოფდეს სრულფასოვანი რძის წარმოქმნას. დედის რძეში ვიტამინების, მიკროელემენტების, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნაკლებობა უარყოფითად აისახება წლამდე ასაკის ბავშვის განვითარებაზე.

პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს მეძუძური დედის რაციონში:
ცილების შემცველი პროდუქტები: საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი (სასურველია, არაუმეტეს კვირაში ორჯერ), რძე და რძემჟავა პროდუქტები, კვერცხი, ხაჭო;
ცხიმების შემცველი პროდუქტები: განსაკუთრებით სასარგებლოა მცენარეული მზესუმზირის, ზეითუნის ზეთი;
ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები: უხეშად დაფქვილი ფქვილის პური, მარცვლეული, სხვადასხვა ფაფა, ხილი და ბოსტნეული. უნდა შეიზღუდოს იოლად ათვისებად ნახშირწყლები, როგორიცაა: შაქარი, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი;
ვიტამინების შემცველი ხილი და ბოსტნეული: თუმცა თუ თქვენს პატარას კოლიკის ხშირი შეტევები აწუხებს, უმჯობესია, აღნიშნული პროდუქტები მოხარშული სახით მიიღოთ;
რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღოთ: 200 გრამი ხორცი, ერთ ლიტრამდე რძე და რძემჟავა პროდუქტები, 100-150 გრამი ხაჭო, ყველი, კვერცხი, ნახშირწყლების დღიური ნორმა შეადგენს 450-500 გრამს, ცხიმების კი 110-120 გრამს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარას ძვლების ნორმალური განვითარებისათვის კალციუმის შემცველი პროდუქტები: ხაჭო, ყველი, რძემჟავა პროდუქტები.
რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ?
მეძუძური დედისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, დღე-ღამეში არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ორი ლიტრისა, რაც მოიცავს ჩაის, წყალს, რძეს, შედარებით ნაკლები რაოდენობით წვენებს, რადგან თავიდან ავიცილოთ შაქრის მიღება. სითხე უნდა სვათ ხშირ-ხშირად, წყურვილის გრძნობა ჩნდება ბავშვის ძუძუს წოვის პერიოდში, ამიტომ დაიდგით ამ დროს ჭიქა წყალი გვერდით. შეგიძლიათ, მიმართოთ მარტივ ტესტს იმის შესაფასებლად იღებთ თუ არა საკმარისი რაოდენობით სითხეს: დააკვირდით თქვენს შარდს, თუ ის ღია ფერისაა, ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ ძალიან მუქია და მძაფრი სუნით ხასიათდება, ეს შესაძლოა, გაუწყლოების პირველი ნიშანი იყოს.
შეზღუდვები მეძუძური დედის კვების რაციონში:
ერთი შეხედვით, არსებობს მრავალი პროდუქტი, რაც არ უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ, რომ პატარას ალერგია არ განუვითარდეს ან კოლიკამ არ შეაწუხოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი პროდუქტი უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. თუ რომელიმე პროდუქტი განსაკუთრებით აწუხებს თქვენს პატარას, იწვევს მეტეორიზმს, შეგიძლიათ, ამოიღოთ გარკვეული ხნით, დაახლოებით ერთი თვე და შემდეგ გადახედოთ რაციონს. ასევე ვრცელია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ალერგენებს შეიცავენ, თუმცა აქაც შეგიძლიათ დაკვირვების შედეგად განსაზღვროთ, კონკრეტულად რა იწვევს ალერგიულ რეაქციას და ნახავთ, რომ სულ ერთი-ორ პროდუქტზე მოგიწევთ უარის თქმა. ალერგიის ნიშანი შეიძლება იყოს გამონაყარი, დიარეა, ცხვირის „გაჭედვაც“ კი. თუ რომელიმე ამ ნიშანს შენიშნავთ, ამოიღეთ სულ მცირე ერთი კვირით ალერგიის გამომწვევი პროდუქტი საკვები რაციონიდან და დააკვირდით შეიცვლება თუ არა თქვენი პატარას მდგომარეობა.
ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია: თხილი, ნიგოზი, თაფლი, თევზი, კვერცხი, ქათმის ნახარში, ახალი რძე, ციტრუსი, გარგარი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი და ა.შ.
განსაკუთრებით თავი უნდა ავარიდოთ ძუძუთი კვების პერიოდში ალკოჰოლს და კოფეინს. არ არსებობს უსაფრთხო ალკოჰოლის დონე დედის რძეში. რაც შეეხება კოფეინს, დასაშვებია დღეში 2-3 ფინჯანი კოფეინის შემცველი სასმელის მიღება. გახსოვდეთ, რომ კოფეინმა შესაძლოა, იმოქმედოს თქვენი პატარას გუნება-განწყობაზე და ძილზე.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ დედამ შეიძლება დაიცვას ბალანსირებული კვების დიეტა, პატარას შესაძლოა მაინც განუვითარდეს კოლიკა, ამიტომ ჩვენ გირჩევთ იმოქმედოთ ცდისა და შეცდომის ტაქტიკით - სცადეთ ყველაფერი და უარი თქვით იმ პროდუქტებზე, რომლებიც უმწვავებს თქვენს პატარას კოლიკას, მით უმეტეს, რომ რეალურად არ არსებობს მეცნიერულად დასაფუთებული საკვები პროდუქტების „შავი სია“, რომელზეც 100% შემთხვევებში უნდა ვთქვათ კატეგორიული უარი.
ხოლო თუ პატარას მუცელი მაინც შეაწუხებს, რაც 3 თვემდე ასაკში ძალიან ხშირად ხდება, მიუხედავად დედისა და შვილის კვების რაციონისა, არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ახალშობილთა კოლიკისთვის. ერთერთი ასეთი საშუალებაა „ბეიბიქალმის“ მცენარეული წვეთები.

რატომ „ბეიბიქალმი“?
ბეიბიქალმი“ არის მცენარეული ეთერზეთების შემცველი საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ახალშობილებისთვის - აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილის სამკურნალოდ.
• შეიცავს 100% ნატურალური ინგრედიენტებს;
• არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს;
• არ შეიცავს შაქარს და ხელოვნურ დამატკბობლებს;
• არ შეიცავს სპირტს;
• არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამტებს;
• კომფორტულია გამოყენებისთვის;
• მოქმედებს მომენტალურად;
• არ აქვს გვერდითი მოვლენები;

​• არ იწვევს შეჩვევას;
• არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ფარმ-პროდუქტთან ერთად;
• გამოყენების ჯერადობა შეუზღუდავია, რაც ნიშნავს, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ დღეში იმდენჯერ რამდენჯერაც ბავშვს კოლიკა შეაწუხებს;
• აქვს FDA, ABC, GMP, ISO საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატები;
• „ბეიბიქალმი“ უკვე 30 წელია, უზრუნველყოფს მილიონობით ჩვილის მშვიდ ძილს. იგი აღიარებულია ისრაელის, რუსეთის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მარეგულირებლებლების მიერ. „ბეიბიქალმს“ გამოარჩევენ სხვა მსგავსი პროდუქტებისაგან და ყველაზე ხშირად ურჩევენ მშობლებს ექიმები და ფარმაცევტები.
• „ბეიბიქალმის“ გამოყენების წესი და დოზირება შემდეგია: ბოთლი უნდა შეივსოს ანადუღარი, გაგრილებული წყლით ეტიკეტის ზედა საზღვრამდე (თეთრი ისარი); თავისივე პიპეტით ჩავაწვეთოთ ბავშვს პირში 10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან კვებასა და კვებას შორის - ნელ-ნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენოთ კოვზი, რომ არ გადასცდეს პატარას). დღე-ღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის; ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ბოთლის შენჯღრევა; გამოიყენება გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში.
R
წაიკითხეთ სრულად