Baby Bag

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის საჭირო" - ინფექციონისტი

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის  საჭირო" - ინფექციონისტი

როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ თავი აარიდოს არასასურველ პროცესებს? ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ,,იმედის" გადაცემაში - ,,ჩვენი ოჯახი" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებითია, მშობელმა ექიმს მიმართოს, როდესაც არ იცის, რასთან აქვს საქმე.

,,ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე და არა ვირუსზე - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, რომელთან გვაქვს საქმე ან ხომ არ გართულდა ვირუსული ინფექცია და გახდა ის ბაქტერიული. სახლის პირობებში რომ მშობელმა ეს შეძლოს, არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობთ, რაღაც მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი, უნდა მივმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი. ამის საკუთარი ინტერპრეტირება მშობელმა არ უნდა მოახდინოს.

ხანდახან შესაძლოა,  ვირუსიც გაგრძელდეს ათი დღის განმავლობაში და არ იყოს საჭირო ანტიბიოტიკი, ხანდახან კი შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მეორე-მესამე დღესაც იყოს საჭირო მისი მიღება. ამის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლოა, ბავშვს მშობელმა ანტიბიოტიკი ისეთ დროს მისცეს, როცა ეს არ შეიძლება ან პირიქით, დაგვიანებულად მისცეს და ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. 10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის ხოლმე საჭირო, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ის აუცილებელია როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე - ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და იმუნური სისტემისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვებრძოლოთ ვირუსს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

წყარო: ​,,ჩვენი ოჯახი"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხოვრება ხომ თეატრის ნაირსახეობაა. ის ტოვებს იმ ნაოჭს, რა ტიპითაც იცხოვრე,“ - დათო ზურაბაშვილი

„ცხოვრება ხომ თეატრის ნაირსახეობაა. ის ტოვებს იმ ნაოჭს, რა ტიპითაც იცხოვრე,“ - დათო ზურაბაშვილი

ფსიქიატრმა დათო ზურაბაშვილმა ასაკობრივი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ნაოჭები კანის სიბერის ერთ-ერთი მახასიათებელია და თითოეულ ნაოჭს თავისი დატვირთვა აქვს:

„ნაოჭი არის მექანიკური, კანის ​სიბერის ერთ-ერთი ნაწილი. სიბერის არა, ალბათ, უფრო გაცხიმოვნების, შეცვლის და სომატური ტრანსფორმაციის შედეგი. ყველა ნაოჭს აქვს თავისი დატვირთვა. ნაოჭი შეიძლება იყოს ის, რომელიც გამოჩნდა მუდმივი ღიმილით. შეიძლება იყოს ნაოჭი, რომელიც გამოჩნდა ცხოვრებისეული წესით, ემოციებით და ასე შემდეგ.“

​დათო ზურაბაშვილის თქმით, ცხოვრება თეატრის ნაირსახეობაა, შესაბამისად ის ადამიანს იმ სახის ნაოჭს უტოვებს, რა ტიპის ცხოვრებაც განვლო:

„თეატრში როდესაც ადამიანს ხატავენ, ყოველი სცენის წინ ხატავენ შესაბამისი ნაოჭით, რომ გვაჩვენონ, რისი გადაცემა უნდათ. ცხოვრებაც ხომ თეატრის ნაირსახეობაა. ის ტოვებს იმ ნაოჭს, რა ტიპითაც იცხოვრე. შეიძლება ეს ნაოჭი გაძლევდეს შენ სილამაზეს, იმიტომ, რომ სახე მუდმივად იცინის. შესაძლოა, ეს ნაოჭი გაძლევდეს შენ დაღლილობის შეგრძნებას.“

„რატომ უნდა გავასწორო ან ერთი, ან მეორე?! თუ დაღლილობაა, გასწორებული ნაოჭი შინაგან ​დაღლილობას არ მომიხსნის. ჩემი ქცევა არ შეიცვლება, იქნება შეუსაბამო. ბავშვის სახით მოხუცის სიარული შეიძლება?! სახე, ის ნიღაბი, რომელიც ადამიანს ცხოვრებამ, დრომ, სიტუაციამ გაუკეთა, ღირსეულად უნდა ატაროს,“ - აღნიშნულ საკითხზე დათო ზუარაბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად