Baby Bag

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის საჭირო" - ინფექციონისტი

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის  საჭირო" - ინფექციონისტი

როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ თავი აარიდოს არასასურველ პროცესებს? ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ,,იმედის" გადაცემაში - ,,ჩვენი ოჯახი" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებითია, მშობელმა ექიმს მიმართოს, როდესაც არ იცის, რასთან აქვს საქმე.

,,ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე და არა ვირუსზე - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, რომელთან გვაქვს საქმე ან ხომ არ გართულდა ვირუსული ინფექცია და გახდა ის ბაქტერიული. სახლის პირობებში რომ მშობელმა ეს შეძლოს, არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობთ, რაღაც მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი, უნდა მივმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი. ამის საკუთარი ინტერპრეტირება მშობელმა არ უნდა მოახდინოს.

ხანდახან შესაძლოა,  ვირუსიც გაგრძელდეს ათი დღის განმავლობაში და არ იყოს საჭირო ანტიბიოტიკი, ხანდახან კი შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მეორე-მესამე დღესაც იყოს საჭირო მისი მიღება. ამის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლოა, ბავშვს მშობელმა ანტიბიოტიკი ისეთ დროს მისცეს, როცა ეს არ შეიძლება ან პირიქით, დაგვიანებულად მისცეს და ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. 10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის ხოლმე საჭირო, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ის აუცილებელია როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე - ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და იმუნური სისტემისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვებრძოლოთ ვირუსს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

წყარო: ​,,ჩვენი ოჯახი"

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მივხვდეთ, როცა ბავშვს წყლის დეფიციტი აქვს?

როგორ მივხვდეთ, როცა ბავშვს წყლის დეფიციტი აქვს?

როგორ მივხვდეთ, როცა ბავშვს/მოზრდილს წყლის დეფიციტი აქვს? - თემაზე ექთანი თამარ დაუსი საუბრობს. 

მისი თქმით, თუ ბავშვი ტირის და მას არ მოსდის ცრემლი, არის ჩავარდნილი ყოფლიბანდი, დიდი ხნის განმავლობაში საფენი არის მშრალი, ასევე კანი არის მშრალი, ხელის შეხების შემდეგ კანი დიდი ხანი რჩება ამოწეული და არ უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას - ეს იმას ნიშნავს, რომ პატარას აკლია წყალი და სითხის შევსება უნდა დავიწყოთ. 

თამარ დაუსი ასევე მოზრდილ ადამიანებსა და თინეიჯერებზე საუბრობს. როგორც ექთანი აღნიშნავს, ამ შემთხვევაში იწყება არაფერთან დაკავშირებული ცუდად ყოფნის შეგრძნება:

,,წყლის ნაკლებობის შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოს. მაგალითად, დაღლილია ან წამოდგომისას აქვს თავბრუსხვევა, თავისტკივილი, პირღებინების შეგრძნება. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წყალი მივიღოთ, მაგრამ დიდი რაოდენობის ერთბაშად მიღება არ არის რეკომენდებული. ბავშვებს თუნდაც 1 ჩაის კოვზი დავალევინოთ 5-წუთიანი ინტერვალებით, შემდეგ კი გავზარდოთ რაოდენობა. მოზრდილებშიც არ უნდა დაველოდოთ წყურვილის გრძნობას და თითო-თითო ყლუპი გავლა-გამოვლაზე დავლიოთ.''

ორგანიზმში წყლის ნაკლებობის მიმანიშნებელია ასევე ხელის და ფეხის კუნთების შეკრთომა. 

წყარო: „პირადი ექიმი - მარი მ​ალაზონია“

წაიკითხეთ სრულად