Baby Bag

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის საჭირო" - ინფექციონისტი

,,10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის  საჭირო" - ინფექციონისტი

როდისაა ანტიბიოტიკების მიღება რეკომენდებული და რა უნდა იცოდეს მშობელმა, რომ თავი აარიდოს არასასურველ პროცესებს? ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ,,იმედის" გადაცემაში - ,,ჩვენი ოჯახი" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არსებითია, მშობელმა ექიმს მიმართოს, როდესაც არ იცის, რასთან აქვს საქმე.

,,ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე და არა ვირუსზე - ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავაკეთოთ დიფერენცირება, რომელთან გვაქვს საქმე ან ხომ არ გართულდა ვირუსული ინფექცია და გახდა ის ბაქტერიული. სახლის პირობებში რომ მშობელმა ეს შეძლოს, არის ძალიან რთული. აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობთ, რაღაც მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსი, უნდა მივმართოთ ექიმს და ის გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი. ამის საკუთარი ინტერპრეტირება მშობელმა არ უნდა მოახდინოს.

ხანდახან შესაძლოა,  ვირუსიც გაგრძელდეს ათი დღის განმავლობაში და არ იყოს საჭირო ანტიბიოტიკი, ხანდახან კი შესაძლოა, ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მეორე-მესამე დღესაც იყოს საჭირო მისი მიღება. ამის შეფასება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რადგან შესაძლოა, ბავშვს მშობელმა ანტიბიოტიკი ისეთ დროს მისცეს, როცა ეს არ შეიძლება ან პირიქით, დაგვიანებულად მისცეს და ბავშვის მდგომარეობა გართულდეს. 10-დან ცხრა შემთხვევაში ვირუსების დროს ანტიბიოტიკი არ არის ხოლმე საჭირო, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბავშვთა ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რძის პროდუქტების მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ის აუცილებელია როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე - ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და იმუნური სისტემისთვის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად ვებრძოლოთ ვირუსს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ. 

წყარო: ​,,ჩვენი ოჯახი"

შეიძლება დაინტერესდეთ

„თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში... სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი,“ - ინგა მამუჩიშვილი

„თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში... სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი,“ - ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანების მიერ ვირუსით ინფიცირებისას სოციალური იზოლაციის წესების დარღვევა გააკრიტიკა:

„გაბრაზებული და გაოცებული ვარ. ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში,არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსია, რინოვირუსი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური,გრიპი თუ სხვა,საჭიროა იზოლაცია სხვა ადამიანების დასაცავად და საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც, ვირუსი ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით და ძალიან სწრაფად ვირუსი იწყებს ცხოვრებას და გამრავლებას ცოცხალ ორგანიზმში, ამიტომაც საფრთხილოა!​ თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში...

სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი გონიერი ადამიანისთვის! ვერ ხედავთ,რომ ამ ქვეყანაში ისევ ჩვენ, ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!! თან აპოკალიფსური იანვარი დაანონსდა! გაუფრთხილდით ერთმანეთს!!! პანიკა სულაც არ არის საჭირო, სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო და იქნება, მათი ინტენსიური გავრცელების პრევენციისთვის,ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში მის ელიმინაციამდე,არ იაროთ სტუმრად, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, ფაქტებმა დამაწერინა ეს პოსტი! ჯანმრთელობა თქვენ!“- აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად