ფსიქოთერაპევტმა, მზიკო დალაქიშვილმა გადაცემაში ,,იმედის დღე" ერთ-ერთ პრობლემურ საკითხზე ისაუბრა - რას განიცდის ბავშვი, როდესაც მას მშობელი უყვირის და როგორ უნდა მოიქცეს დედა თუ მამა, რომ ბავშვს აარიდოს ის ტრავმები, რაც ყვირილს, მძაფრს აგრესიას ახლავს.
,,ერთი წამით რომ გავიხსენოთ, როგორი შეგრძნებაა ყვირილი, თუნდაც არ იყოს ის შენკენ მიმართული - ეს ნამდვილად საშინელებაა. ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც კი ძალიან ცუდ შედეგს იძლევა ყვირილი. ეს აისახება არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ - მომავალზეც, ანუ ტოვებს კვალს და შესაძლოა, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს თემა უკავშირდება ტრავმას, ტრავმულ გამოცდილებას და შესაძლოა, ბავშვისთვის გადაიზარდოს მუდმივ დეპრესიაში, ანუ ბავშვი აღარ იყოს ადეკვატური სხვადასხვა მოვლენის მიმართ - ჩაიკეტოს, გამოავლინოს დაბალი თვითშეფასება, აღარ იყოს აქტიური, მეგობრებთან აღარ იყოს თამამი და მუდმივად ელოდებოდეს საფრთხეს.
როდესაც ბავშვს ვეუბნებით ერთხელ და მას არ ესმის, ყოველთვის დავსვათ შეკითხვა - იქნებ, ვერ ვეუბნები ისე, რომ მისთვის იყოს გასაგები? მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ ბავშვი უყურებს ტელევიზორს, მას არ აქვს უნარი, ერთდროულად ორი რამ აკეთოს - თან უყუროს და თან უსმინოს. მას უბრალოდ არ შეუძლია, ორად გახლიჩოს ყურადღება. რას ვაკეთებთ ამ დროს - მივდივართ მასთან ახლოს და ვამყარებთ ჯანსაღ კონტაქტს. ვუახლოვდებით, მივდივართ მის სამყაროსთან და ვცდილობთ, რომ მოვნახოთ შესაბამისი მდგომარეობა. ჯერ უნდა აღგვიქვას, რომ იქ ვართ და შემდგომ დავიწყოთ საუბარი. უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი კონტაქტზეა გამოსული. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი იმიტომ უყურებს ტელევიზორს დიდხანს, რომ მას არ აქვს კონტაქტი უფროსებთან, მშობლებთან.
ბავშვებს სიჯიუტე ახასიათებთ. ესეც ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ - არა ყვირილს. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი მძიმე ტონი შეცვალოთ ასე -
ძალიან არ მინდა, მაგრამ მგონი ვბრაზდები. ძალიან დიდი სხვაობა არ უნდა იყოს მშვიდ ტონსა და შეყვირებას შორის. უნდა დაფიქსირდეს, რომ მშობელთან მიდის ემოცია და ნელ-ნელა მდგომარეობა მძაფრდება, ყვირილის გარეშე", - ამბობს მზიკო დალაქიშვილი.
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''