Baby Bag

,,გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით" - ინფექციონისტი

,,გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით" - ინფექციონისტი

რა პერიოდია გრიპის ვირუსისთვის სეზონური და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - შვილი სახლში გამოკეტოს თუ პირიქით, არ მოარიდოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებს - ამის შესახებ ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.

​,,დედები ყოველთვის ჩივიან, რომ მათი შვილები ხშირად ავადობენ. საჭიროა ახსნა, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, დღესდღეობით, პირველ ადგილზე არის გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით. ასე არ არის, რომ ახლა ჩაივლის და დამთავრდება. ის გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 

ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდეც და მის შემდეგაც ცირკულირებს. ასე რომ, ოჯახში მხოლოდ ბავშვი რომ ხდება ცუდად და მისი უფროსი წევრები არ ავადდებიან, ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ ეს ინფექცია და ახლა ბავშვია ავად, რომელსაც არ უავადია ამ ვირუსით. გარკვეულწილად, ეს არის სახადი ინფექცია. ამ შტამს ერთხელ გადაიტანს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს. ვირუსებს რა ახასიათებს - დროთა განმავლობაში მოდიფიცირება. ახლა რომ ყველამ გადაიტანა და იმუნიტეტი გამოიმუშავა, ისევ უნდა მოხდეს მისი ცირკულირება. მას ერთი მიზანი აქვს - გამრავლდეს  გარემოში და მუდმივად იარსებოს. მოდიფიცირებული ვირუსი უკვე მძიმედ აღარ დააავადებს ბავშვს. ამიტომ, ის არ უნდა ჩავკეტოთ - ბაღშიც უნდა იაროს, სკოლაშიც უნდა იაროს, რომ შეხვდეს ვირუსი და გადაიტანოს. სოციალიზაცია, პლუს, ნიშნავს იმ მიკრობების, ვირუსების ცოდნასა და შესაბამისი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რაც გარემოში კონკრეტულ ეტაპზე არსებობს", - აღნიშნავს ინფექციონისტი.

წყარო: ,,​დილა მშვიდობისა საქართველო"

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუ ბავშვი არის ჯანმრთელი, არ არის აუცილებელი მისი მოთავსება კლინიკაში" - თემურ მიქელაძე

,,თუ ბავშვი არის ჯანმრთელი, არ არის აუცილებელი მისი მოთავსება კლინიკაში" - თემურ მიქელაძე

რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა კლინიკას, როდესაც მისი შვილი გრიპით ავადდება - ამის შესახებ პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,რა თქმა უნდა, აუცილებელია ექიმის დინამიკური მეთვალყურეობა მთელი ამ გრიპის მიმდინარეობის პერიოდში, განსაკუთრებით, H1N1 ტიპსა და H3N2 ტიპს, ა გრიპისას, ახასიათებს 5-7-8-დღიანი მიმდინარეობა. 5 დღის განმავლობაში არის ხოლმე ცხელება მაღალ ნიშნულზე, შემდეგ ერთი დღე არის ნათელი პერიოდი და მე-7 დღეს შესაძლოა, ერთდღიან, ორდღიან ცხელებასთან გვქონდეს საქმე. თუ ეს ორდღიანი ცხელება ჩამთავრდა, რა თქმა უნდა, უნდა დავმშვიდდეთ და უმეტეს შემთხვევაში ეს ასეც მიმდინარეობს, ასეა შემთხვევების 99-%-ში, თუმცა, იმ ერთ პროცენტის შემთხვევაში გვეშინია ჩვენ სხვადასხვა ბაქტერიული გართულების.

ცხადია, ამ დროს აუცილებელია ზოგ შემთხვევაში კლინიკური პარამეტრებისა და ლაბორატორიული პარამეტრების შეფასება. ამიტომ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება - ვმართოთ ამბულატორიულ პირობებში თუ უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. მაგრამ ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ, თუ ბავშვს არ აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგის (საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა ბევრი არ არის), პირველ, მეორე და მესამე დღეს ეს ბავშვი არ უნდა მოვათავსოთ კლინიკაში. ეს ძალიან ხშირად ხდება. საკმაოდ ძნელია, მაგრამ მშობელს არ უნდა შეეშინდეს და უნდა დამშვიდდეს. ჰოსპიტალი უნდა შევუნახოთ იმ ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ და ერთგვარი სოციალური აქტივობაც უნდა გვქონდეს იმისა, რომ თუ ბავშვი არის ჯანმრთელი, არ არის აუცილებელი მისი მოთავსება კლინიკაში", - ამბობს თემურ მიქელაძე.

წყარო: ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად