Baby Bag

,,გახშირებული სუნთქვა, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე, ძილიანობა - ყველაფერი ეს მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია" - ივანე ჩხაიძე

,,გახშირებული სუნთქვა, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე, ძილიანობა - ყველაფერი ეს მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია" - ივანე ჩხაიძე

არსებული ვირუსების პირობებში, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს და როდის არის საჭირო მცირეწლოვანის გადაყვანა კლინიკაში - ამის შესახებ პედიატრმა, ივანე ჩხაიძემ ,,შუადღის" ეთერში საუბრისას განმარტა.

,,5 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უფრო დიდი რისკით გამოირჩევა ორ წლამდე ასაკი. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, მით უფრო მეტია გართულებების რისკი. 5 წლამდე ასაკის შემთხვევაში, აუცილებლად, მაღალი ტემპერატურის პირველივე დღიდანვე საჭიროა ექიმის ჩართვა ბავშვის მართვის პროცესში. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, მან უნდა შეაფასოს. ეს არ უნდა იყოს სატელეფონო საუბარი. აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვის გასინჯვა. ყველაზე მეტად ჩვენ რისიც გვეშინია, ეს არის ფილტვების ანთება. ამ დიაგნოზის დასმა გარკვეული მანძილის პირობებში შეუძლებელია. ამიტომ, ფილტვების მოსმენა, სატურაციის შეფასება და ა.შ. არის მართლაც აუცილებელი, განსაკუთრებით - 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აქ უკვე საკითხი ხდება მნიშვნელოვანია - არის თუ არა საჭირო ბავშვის გადაყვანა საჭირო სამედიცინო დაწესებულებაში. მაგალითად, 15 წლის ბავშვის მართვა, უმეტესად, შესაძლებელია სახლის პირობებში - იქნება ეს ტემპერატურის კონტროლი თუ სხვა. მაგრამ თუ ბავშვი მცირე ასაკის არის, უმჯობესია, შეაფასოს ექიმმა. სითხის მიღების შეუძლებლობა - და არა საკვების, ძალიან გახშირებული სუნთქვა, ცხვირ-ტუჩის გარშემო სილურჯე, ძილიანობა - ყველაფერი ეს მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია. ამ ნიშნების შემთხვევაში, პირდაპირ უნდა მიმართოთ კლინიკას", - აღნიშნა ჩხაიძემ.

წყარო: ,,შუადღე"

შეიძლება დაინტერესდეთ

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად