Baby Bag

როგორ დავიცვათ ბავშვები მზის სხივებისგან - 6 მარტივი რჩევა

როგორ დავიცვათ ბავშვები მზის სხივებისგან - 6 მარტივი რჩევა

ბავშვობაში მიღებულმა მხოლოდ რამდენიმე სერიოზულმა მზის დამწვრობამაც კი შეიძლება გაზარდოს კანის კიბოს რისკი ზრდასრულობისას. იმისათვის, რომ ბავშვებმა მზის ზედმეტი სხივები მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი მათი დიდხანს ყოფნა აუზსა ან პლაჟზე. თუნდაც გარეთ სეირნობისას მათ კანს განსაკუთრებული დაცვა ესაჭიროება. გთავაზობთ ​რჩევებს, რომელთა მეშვეობით გაუმკლავდებით მზის ულტრაიისფერ სხივებს.

დაისვენეთ ჩრდილში

შუადღისას ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით საზიანოა, ამიტომ უმჯობესია თუ დღის ამ მონაკვეთისთვის ისეთ აქტივობებს დაგეგმავთ, რომ გარეთ გასვლას არ საჭიროებდეთ. მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მოძებნეთ ჩრდილი ხის ან ქოლგის ქვეშ. ეს ხერხი დაგეხმარებათ დამწვრობის თავიდან ასაცილებლად.

სწორად შეარჩიეთ ბავშვის სამოსი

გრძელმკლავიანი მაისურები, გრძელი შარვლები საუკეთესო გამოსავალია მზის სხივებისგან თავის დასაცავად. აღსანიშნავია, რომ მჭიდროდ ნაქსოვი ტანსაცმელი და სველი მაისურები უკეთ გვიცავს მზის მავნე გამოსხივებისგან. ასევე, საჭიროა სწორად შევარჩიოთ ფერებიც, უმჯობესია ღია ფერის ტანისამოსის გამოყენება. ზოგიერთი ტანსაცმელი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის დამოწმებული ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავდასაცავად.

აუცილებლად გამოიყენეთ ქუდი

საზაფხულო ქუდი, რომელიც ფარავს სახეს, სკალპს, ყურებსა და კისერს მარტივი გამოსაყენებელია. ასევე, ე.წ „ბეისბოლის კეპი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში, თუმცა ის ვერ იცავს ყურებსა და კისერს, ამიტომ ნაკლებად რეკომენდებულია. თუ ბავშვი მაინც კეპს აირჩევს, ყურისა და კისრის მიდამოები უნდა დამუშავდეს მზისგან დამცავი კრემით.

ატარეთ სათვალე

სათვალე იცავს ბავშვის თვალს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, რომელთა გავლენამ შესაძლოა, მოგვიანებით კატარაქტაც კი გამოიწვიოს. აუცილებელია, შეარჩიოთ სათვალე, რომელიც 100 %-ით დაფარავს თვალს და ამგვარად, უზრუნველყოფს საიმედო დაცვას.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები

სასურველია, მზისგან დამცავი კრემი გამოიყენოთ გარეთ გასვლამდე ნახევარი საათით ადრე. არ დაგავიწყდეთ, კრემი თანაბრად გადაანაწილოთ ცხვირზე, ყურებზე, ტუჩებზე. სასურველია, კრემი მთელი დღე თან ატაროთ და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ. აუცილებელია, ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას. მზისგან დამცავი ყველა კრემი არ შედგება ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან, თუ ბავშვი ალერგიულია რომელიმე ინგრედიენტზე, თქვენ უნდა მიმართოთ ექიმს, რის შემდეგადაც მარტივად გამოცვლით კრემს.

როგორ მოვიქცეთ მზის დამწვრობის დროს?

დაუცველი კანისთვის დაახლოებით 15 წუთიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ფერი შეიცვალოს და მოვარდისფრო გახდეს. დამწვრობის საბოლოო სახის გამოსავლენად კი 12 საათია საჭირო. ასე, რომ დღეს ბავშვის ოდნავ ვარდისფერი კანი, ხვალ შესალოა, დამწვრობად იქცეს, ამიტომ, პირველ რიგში, ბავშვი მზეს უნდა მოვარიდოთ.

სიგრილე ან მოღრუბლული დღე? ბავშვის კანს მაინც სჭირდება დაცვა. ღრუბელი და შედარებით დაბალი ტემპერატურა სულაც არ „ბლოკავს“ ულტრაიისფერ სხივებს. გამოსხივება კვლავ საშიშია.

ზუსტად დაგეგმეთ თუ რამდენი ხანი უნდა გაატაროს ბავშვმა ღია ცის ქვეშ, ვინაიდან, დამწვრობების გამომწვევი მიზეზი, საკმაოდ ხშირად, გაუთვალისწინებელი შემთხვევებია. ისევ შეგახსენებთ, რომ მუდმივად თან ატარეთ მზისგან დამცავი კრემი. მისი შენახვა შეგიძლიათ მანქანაში, ხელჩანთაში ან ბავშვის ზურგჩანთაში. 

ავტორი: მარიამ კვეტენაძე
წყარო: Centers for Desease control and prevention

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბოსტნეულის წვნიანი სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბოსტნეულის წვნიანი სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვისთვის წვნიანის შეყვარების ხრიკებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„თუ ბავშვი მოხარშულ საკვებს ჭამს ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ საკვები თერმულად კარგად არის დამუშავებული. სამწუხაროდ, ექიმი ვერ გირჩევთ თქვენ, როგორ უნდა მისცეთ ბავშვს წვნიანი, თუ ის არ ჭამს წვნიანს. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, არის ის, რომ თვითონ ბავშვს მიაღებინოთ მონაწილეობა საკვების მომზადების პროცესში. ლამაზად გაუფორმეთ ეს წვნიანი ბავშვს და იქნებ ასეთი ფორმით დააინტერესოთ.

ერთხელ კი ნუ შესთავაზებთ ბავშვს წვნიანს, დაახლოებით ერთ კვირაში ისევ იგივე შესთავაზეთ, მაგრამ თვითონ მიაღებინეთ მონაწილეობა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, უნდა სცადოთ თამაშით დააინტერესოთ წვნიანით. იქნებ ასეთი ფორმით მაინც შეჭამოს. წვნიანი ასეთი განსაკუთრებული რაღაც არ არის. მთავარია, სწორად იყოს კალორაჟი გათვალისწინებული და დღის განმავლობაში რაციონი სწორად იყოს შედგენილი.

რა თქმა უნდა, ბოსტნეულის წვნიანი, ხორცის წვნიანი (წყალი რამდენიმეჯერ უნდა გამოვუცვალოთ ხორცს, რომ პირიქით არ შებეროს), სასურველია დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მიიღოს ბავშვმა,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად