Baby Bag

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს დღის განმავლობაში მცირეწლოვანმა ბავშვმა?

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს დღის განმავლობაში მცირეწლოვანმა ბავშვმა?

ჰიდრატაციის მაღალ ხარისხს და წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებას ბავშვის ზრდისა და ნორმალური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ​აქვს. ჩვილებს სითხის მარაგის შევსება მხოლოდ ფორმულის ან დედის რძის მიღებითაც შეუძლიათ. ერთი წლის ასაკიდან ბავშვს წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება აუცილებლად ესაჭიროება, რათა სრულფასოვნად განვითარება შეძლოს.

ჰიდრატაციის მნიშვნელობა

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ სირბილის ან თამაშის დროს პატარების ორგანიზმი დიდი რაოდენობით ოფლს გამოყოფს. მოზრდილების მსგავსად, მცირეწლოვან ბავშვებსაც დაკარგული სითხის მარაგის ხელახალი შევსება აუცილებლად ესაჭიროებათ. ჰიდრატაცია ჩვენს ორგანიზმს გადახურებისგან იცავს, გარდა ამისა, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება თირკმლისა და საშარდე სისტემის ინფექციების პრევენციისთვის აუცილებელია. ბავშვის ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სითხის მარაგის მუდმივი შევსება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სითხის მიღება პატარას რძის ან ხილის წვენის სახითაც შეუძლია, კუნთებისა და ტვინის გამართული მუშაობისთვის წყალი შეუცვლელ როლს ასრულებს.

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს მცირეწლოვანმა ბავშვმა?

ერთი წლის ბავშვმა დღის მანძილზე 200-240 მილილიტრი წყალი უნდა მიიღოს, ორი წლის ბავშვმა 400-480 მილილიტრი. ყოველწლიურად პატარამ მიღებული წყლის დღიური დოზა 240 მილილიტრით უნდა გაზარდოს. ჩვილი ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ დედის რძეს ან ფორმულას მიირთმევენ, ჰიდრატაციისთვის დიდი რაოდენობით წყლის მიღებას არ საჭიროებენ. როგორც წესი, ჩვილები ცოცხალი ხილის ფაფებისა და მოხარშული ბურღულეულის ყოველდღიური მიღებით ორგანიზმში სითხის მარაგს მარტივად ივსებენ.

აღნიშნული რეკომენდაციები ყოველდღიური რუტინისთვის არის გათვალისწინებული. ბუნებრივია, მიღებული წყლის რაოდენობა ყოველთვის ერთი და იგივე არ უნდა იყოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე, ასევე პატარას აქტივობის ხარისხზე. თუ თქვენი ბავშვი პარკში დარბის ან გარეთ მაღალი ტემპერატურაა, აუცილებელია ბავშვს წყალი თამაშის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგაც მიაწოდოთ. ცხელ, მზიან ამინდში სითხის დანაკარგი გაცილებით მეტია, რის გამოც ბავშვისთვის მიცემული წყლის დღიური დოზა აუცილებლად უნდა გაზარდოთ.

მივცეთ თუ არა ბავშვს წყლის ნაცვლად რძე ან ხილის წვენი?

რძესა და ხილის წვენს ორგანიზმისთვის ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ როდესაც ჰიდრატაციაზე ვსაუბრობთ, წყალი საუკეთესო არჩევანია. თუ ბავშვი წყლის მიღებაზე უარს გეუბნებათ, სითხე მცირეოდენი ცირცელით ან კიტრის წვენით გაამდიდრეთ, რათა უფრო არომატული და სასიამოვნო დასალევი გახდეს. თუ თქვენი პატარა ძროხის რძეს ეტანება, რომელიც კალციუმითა და სხვა სასარგებლო მინერალებით არის გაჯერებული, 1-დან 9 წლამდე დღიურად მხოლოდ 2 ჭიქა რძის დალევის ნება უნდა მისცეთ. ხილის წვენები ბავშვს მხოლოდ ნატურალური სახით უნდა მიაწოდოთ. არ აქვს მნიშვნელობა წვენი ნატურალურია თუ არა, 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვმა დღიურად 180 მილილიტრზე მეტი ხილის წვენი არ უნდა დალიოს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ ბავშვის შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას,“ - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მოავადე ბავშვის მოვლის წესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის დროს ძმრიანი წინდების გამოყენებას რეკომენდაციას არ უწევს:

​არ ვაღიარებთ ძმრიან წინდებს, თუმცა ვაღიარებთ დაზელვას, ფიზიკური მეთოდებით გაგრილებას. უნდა გამოვიყენოთ წყალში დასველებული პირსახოცი. შეგვიძლია დავადოთ შუბლზე ან მთლიანად დავზილოთ ბავშვი. ტემპერატურის დროს რეკომენდაციას ვაძლევთ შხაპის ქვეშ ნელ-ნელა გაგრილებას. ვიწყებთ თბილი წყლით და ნელ-ნელა ვაგრილებთ სხეულის ტემპერატურამდე, 36,6 გრადუსამდე მაქსიმუმ.“

ანა მაღრაძის თქმით, სეზონური კვება ბავშვის ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს:

„ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ ხილის წვენი, მაგრამ, რა თქმა უნდა, წყალთან განზავებული.​ შესთავაზეთ სეზონური ხილი. ხილის წვენი უნდა იყოს აუცილებლად ნორმირებული და დოზირებული. ერთი ფორთოხლისგან რა წვენიც გამოვა, საკმარისია.“

„ბავშვმა რომ შეჭამოს ორი-სამი ლუკმა ყველაფერი, რაც მის რაციონს ეკუთვნის, დამატებით ვიტამინების მიცემა მას აღარ დასჭირდება. ბავშვები რაღაცით მაინც ინაზღაურებენ ხოლმე ამ დანაკლისს. თუ ბავშვს დიდი რაოდენობით ტკბილეულს არ მივცემთ, მას მეტი მოთხოვნილება ექნება კვებაზე. ნახშირწყლებით ნაკლებად დავტვირთოთ ბავშვი და შევთავაზოთ სწორი რაციონი,“ - აღნიშნულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად