Baby Bag

გავუშვათ თუ არა სკოლაში ბავშვი, თუ ის ავადაა?

გავუშვათ თუ არა სკოლაში ბავშვი, თუ ის ავადაა?
თუ შვილი თავს შეუძლოდ გრძნობს, მისი სკოლაში გაშვება მშობლის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯია. შეგიძლიათ ნებისმიერ დედას ჰკითხოთ, გაუშვებდა თუ არა შეუძლოდ მყოფ ბავშვს სასწავლო დაწესებულებაში. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მისი პასუხი ნეგატიური იქნება. საკლასო ოთახი ინფექციების და ვირუსების გავრცელებას მეტისმეტად უწყობს ხელს. ავადმყოფი ბავშვის სკოლაში გაშვებას მშობლები ყოველთვის ერიდებიან, რადგან მისი მდგომარეობის დამძიმება აშინებთ. როგორც წესი, ადამიანები მკაცრად აკრიტიკებენ ისეთ მშობლებს, რომლებიც შვილის ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან და სურდოთი ან ცხელებით შეპყრობილ ბავშვს სკოლაში უპრობლემოდ უშვებენ. ნებისმიერი დედა გეტყვით, რომ ეს დაუფიქრებელი და წინდაუხედავი საქციელია, რომელიც მშობლის უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

გაციება საშუალოდ 7-დან 10 დღემდე გრძელდება, მაგრამ როდესაც ბავშვზე ვსაუბრობთ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. მოზრდილმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის როგორ მოიქცეს, როდესაც გაციებულია. ის რეგულარულად იბანს ხელებს, ერიდება უცხო პირებთან კონტაქტს, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას და დაუდევრად ჩაცმას. ბავშვები ჯანმრთელობაზე ნაკლებად ფიქრობენ. დააკვირდით თქვენი შვილის ქცევებს, შესაძლოა, ბავშვი პირში ნადები ხელით ეხებოდეს ყველა ნივთს, რომელიც მის ირგვლივაა. სწორედ ამიტომ, უბრალო გაციება პატარებს ხშირად სერიოზულ პრობლემებს უქმნის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხანგრძლივად უარესდება.

მშობლებს ხშირად უჭირთ იმის გაგება, ბავშვი გაცივდა თუ სრულიად ჯანმრთელია. შესაძლოა, პატარა ახველებდეს, მაგრამ ამას უბრალო ჩვევის გამო აკეთებდეს და არა ყელის პრობლემების გამო. ხშირად ბავშვები, რომლებსაც სურდო აქვთ და ხშირად აცემინებენ, თავს ძალიან ენერგიულად გრძნობენ, სახლში დარბიან, ნივთებს აზიანებენ და მხიარულ განწყობაზე იმყოფებიან.

ერთ-ერთი მშობელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ მისი 8 წლის შვილი, რომელსაც გაციების სიმპტომები სახლში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ მაინც აღენიშნებოდა, სკოლაში გაუშვა. ბუნებრივია, ვიდრე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა, დედამ ბავშვი პედიატრს აჩვენა. ექიმის თქმით, ბავშვმა ვირუსი დაამარცხა და ძირითადი სირთულეები უკან დარჩა. სკოლაში დაბრუნებიდან მეორე დღესვე ბავშვს გაციების სიმპტომები გაუმძაფრდა. პედიატრმა მას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვა, რაც სკოლაში ნაადრევი დაბრუნებით და სხვა დაავადებულ ბავშვებთან ფიზიკური კონტაქტით ახსნა. მშობელი აღნიშნავს, რომ მისი შვილის გამოჯანმრთელებას 3 კვირა დასჭირდა.

მშობლებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ, როდესაც ავადმყოფი ბავშვის სკოლაში გაშვებას გადაწყვეტენ. თუმცა არც ისეთი მშობლების კრიტიკაა სწორი, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს უშიშრად იღებენ, რადგან ხშირად გაციების მსუბუქი სიმპტომები ვირუსულ სეზონზე ბავშვებს თვეების მანძილზე აწუხებთ, თუმცა დაავადება სერიოზულ სახეს არ იღებს. მსგავს შემთხვევაში მშობელი იძულებულია ბავშვი სკოლაში გაუშვას. ხშირად ვირუსული ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ბავშვი, რომელიც ენერგიულია და თავს შესანიშნავად გრძნობს, შესაძლოა, უკვე დაავადებულიც იყოს. ბუნებრივია, მისი სკოლაში გაშვება ვირუსულ ინფექციას უფრო გაართულებს, მაგრამ მშობლები მსგავს შემთხვევებში უძლურები არიან. თუ დაავადება საწყის ეტაპზე უსიმპტომოა, მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილება შეუძლებელია.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

მაკარონი ჩვენს კუჭს ცომად რომ არ დააწვეს, მისი მომზადებისას ეს წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ - ლევან ქარაზანიშვილის რეკომენდაცია

მაკარონი ჩვენს კუჭს ცომად რომ არ დააწვეს, მისი მომზადებისას ეს წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ - ლევან ქარაზანიშვილის რეკომენდაცია

კარდიოქირურგმა ლევან ქარაზანიშვილმა მაკარონის სწორად მომზადების წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაკარონის მირთმევა ადამიანის წონაში მატებას არ იწვევს:

„მაკარონი წონაში არ მოგამატებინებთ. საქმე იმაშია, რომ პასტას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. ეს არის სისხლში გლუკოზის შეწოვის მაჩვენებელი და ეს ნიშნავს იმას, რომ ის საკმაოდ ნელა შეიწოვება ჩვენს ორგანიზმში. მისი მიღების შემთხვევაში მაძღრობის შეგრძნება ნელ-ნელა იმატებს და ძალიან დიდხანს გაგვყვება. მაკარონი არ უნდა იყოს გაჯერებული ისეთი სოუსებით, რომ ეს გლიკემიური ინდექსი ამ სოუსმა გადაფაროს. ბევრი ცხიმი არ უნდა დავასხათ მაკარონს.

ყველა მაკარონს აწერია ყუთზე რამდენი წუთის განმავლობაში უნდა მოიხარშოს. მე ამას ძალიან დიდი ყურადღებით ვუყურებ, როდესაც ვხარშავ. დანიშნული მაქვს დრო, იმიტომ, რომ ვიცი, რომ იმაზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არ იკარგება მისი ბუნებრივი თვისებები, რაც აქვს. გადახარშული მაკარონი არ არის სასარგებლო. ის ცომად აწვება ჩვენს კუჭს. მისი მონელებაც უფრო რთულია,“ - აღნიშნა ლევან ქარაზანიშვილმა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად