Baby Bag

გავუშვათ თუ არა სკოლაში ბავშვი, თუ ის ავადაა?

გავუშვათ თუ არა სკოლაში ბავშვი, თუ ის ავადაა?
თუ შვილი თავს შეუძლოდ გრძნობს, მისი სკოლაში გაშვება მშობლის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯია. შეგიძლიათ ნებისმიერ დედას ჰკითხოთ, გაუშვებდა თუ არა შეუძლოდ მყოფ ბავშვს სასწავლო დაწესებულებაში. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მისი პასუხი ნეგატიური იქნება. საკლასო ოთახი ინფექციების და ვირუსების გავრცელებას მეტისმეტად უწყობს ხელს. ავადმყოფი ბავშვის სკოლაში გაშვებას მშობლები ყოველთვის ერიდებიან, რადგან მისი მდგომარეობის დამძიმება აშინებთ. როგორც წესი, ადამიანები მკაცრად აკრიტიკებენ ისეთ მშობლებს, რომლებიც შვილის ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან და სურდოთი ან ცხელებით შეპყრობილ ბავშვს სკოლაში უპრობლემოდ უშვებენ. ნებისმიერი დედა გეტყვით, რომ ეს დაუფიქრებელი და წინდაუხედავი საქციელია, რომელიც მშობლის უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

გაციება საშუალოდ 7-დან 10 დღემდე გრძელდება, მაგრამ როდესაც ბავშვზე ვსაუბრობთ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. მოზრდილმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის როგორ მოიქცეს, როდესაც გაციებულია. ის რეგულარულად იბანს ხელებს, ერიდება უცხო პირებთან კონტაქტს, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას და დაუდევრად ჩაცმას. ბავშვები ჯანმრთელობაზე ნაკლებად ფიქრობენ. დააკვირდით თქვენი შვილის ქცევებს, შესაძლოა, ბავშვი პირში ნადები ხელით ეხებოდეს ყველა ნივთს, რომელიც მის ირგვლივაა. სწორედ ამიტომ, უბრალო გაციება პატარებს ხშირად სერიოზულ პრობლემებს უქმნის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხანგრძლივად უარესდება.

მშობლებს ხშირად უჭირთ იმის გაგება, ბავშვი გაცივდა თუ სრულიად ჯანმრთელია. შესაძლოა, პატარა ახველებდეს, მაგრამ ამას უბრალო ჩვევის გამო აკეთებდეს და არა ყელის პრობლემების გამო. ხშირად ბავშვები, რომლებსაც სურდო აქვთ და ხშირად აცემინებენ, თავს ძალიან ენერგიულად გრძნობენ, სახლში დარბიან, ნივთებს აზიანებენ და მხიარულ განწყობაზე იმყოფებიან.

ერთ-ერთი მშობელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ მისი 8 წლის შვილი, რომელსაც გაციების სიმპტომები სახლში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ მაინც აღენიშნებოდა, სკოლაში გაუშვა. ბუნებრივია, ვიდრე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა, დედამ ბავშვი პედიატრს აჩვენა. ექიმის თქმით, ბავშვმა ვირუსი დაამარცხა და ძირითადი სირთულეები უკან დარჩა. სკოლაში დაბრუნებიდან მეორე დღესვე ბავშვს გაციების სიმპტომები გაუმძაფრდა. პედიატრმა მას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვა, რაც სკოლაში ნაადრევი დაბრუნებით და სხვა დაავადებულ ბავშვებთან ფიზიკური კონტაქტით ახსნა. მშობელი აღნიშნავს, რომ მისი შვილის გამოჯანმრთელებას 3 კვირა დასჭირდა.

მშობლებს მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ, როდესაც ავადმყოფი ბავშვის სკოლაში გაშვებას გადაწყვეტენ. თუმცა არც ისეთი მშობლების კრიტიკაა სწორი, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს უშიშრად იღებენ, რადგან ხშირად გაციების მსუბუქი სიმპტომები ვირუსულ სეზონზე ბავშვებს თვეების მანძილზე აწუხებთ, თუმცა დაავადება სერიოზულ სახეს არ იღებს. მსგავს შემთხვევაში მშობელი იძულებულია ბავშვი სკოლაში გაუშვას. ხშირად ვირუსული ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. ბავშვი, რომელიც ენერგიულია და თავს შესანიშნავად გრძნობს, შესაძლოა, უკვე დაავადებულიც იყოს. ბუნებრივია, მისი სკოლაში გაშვება ვირუსულ ინფექციას უფრო გაართულებს, მაგრამ მშობლები მსგავს შემთხვევებში უძლურები არიან. თუ დაავადება საწყის ეტაპზე უსიმპტომოა, მსგავსი უსიამოვნებების თავიდან აცილება შეუძლებელია.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ასეთ წარმონაქმნს საკუთარ ან თქვენი პატარას სხეულზე შეამჩნევთ - ექიმის გაფრთხილება!!!

თუ ასეთ წარმონაქმნს საკუთარ ან თქვენი პატარას სხეულზე შეამჩნევთ - ექიმის გაფრთხილება!!!

როგორ გამოვიცნოთ ბორელიოზი-დაავადება, რომელიც ტკიპებს გადააქვთ? - აღნიშნულ თემაზე ექიმი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ფოტოზე ბეჭდისებრ ლაქას ხედავთ. თუ ასეთ წარმონაქმნს საკუთარ ან თქვენი პატარას სხეულზეც ამჩნევთ, ნიშნავს, რომ ექიმს გადაუდებლად უნდა მიმართოთ. ასეთი ტიპის ლაქა ბორელიოზისათვისა დამახასიათებელი.

და სანამ მზიანი, ცხელი დღეები და ქალაქგარეთ დასვენების პერიოდი საბოლოოდ გასულა, ამ დაავადებაზეც მოგითხრობთ.

იგი 1975 წელს იქნა აღწერილი აშშ-ში ალენ სტირის მიერ, 1982 წელს ისიც დადგინდა, რომ მას მიკროორგანიზმი, სახელად Borrelia burgdorferi იწვევს. დაავადებას ბორელიოზი ანუ ლაიმის დაავადება ეწოდა. 

სხვათა შორის იგივე გამომწვევი ალპებში 5300 წლის წინ დაღუპული ადამიანის ნაშთებშიც იქნა ნაპოვნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიკროორგანიზმი კაცობრიობასავით ძველია.

ბორელია ადამიანის ორგანიზმში ტკიპის კბენის შემდეგად ხვდება. ის ტკიპის სანარეწყვე ჯირკვლებშია დაბანაკებული.

დაავადების დასაწყისი კანზე სპეციფიური გამოვლინებით იწყება. ტკიპის კბენის ადგილზე ჩნდება დამახასითებელი ე.წ. ბეჭდისებრი, მრგვალი, წითელი ლაქა ღია ფერის ცენტრით, რასაც შესაძლოა თან ახლდეს გაციების ნიშნები - ცხელება, ცხვირიდან გამონადენი, კუნთების ტკივილი. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოზი სწორედ ამ ეტაპზე დაისვას და მკურნალობაც დროულად დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება პროგრესირებს და ვლინდება 

შესაძლებელია გამოვლინდეს წითელი ფერის ლაქები-ერითემა სხეულის სხვადასხვა უბანზე (მიგრირებადი ერითემა,) სახსრების, გულის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, მათ შორის მენინგიტიც. 

დაავადების დიაგნოზი სპეციალური, სეროლოგიური კვლევის საფუძველზე ისმება, რაც ბორელიას საწინააღმდეგო ანტსიხეულების სისხლში გამოვლენას ემყარება. მკურნალობა კი ანტიბიოტიკებით ხდება.

რა უნდა გვახსოვდეს?

ტკიპის საღმოჩენისას, ის არ უნდა მოაძროთ. დაადეთ ზეთით გაჟღენთილი საფენი და აცადეთ, რომ კანი კარგად გაიჟღინთოს. ზეთი ტკიპას მოძრაობის უნარს უკარგავს და მისი ხრახნისსებრი მოძრაობით ფრთხილად მოძრაობა კანიდან ადვილია. 

თუ კანში ტკიპას თავი დარჩა, ჩათვალეთ, ის ვერ მოაცილეთ უსაფრთხოდ, რადგან ბორელიები სანრეწყვე ჯირკვლებში, თავის არეში ბინადრობენ. ასეთ შემთხვევაში უახლოეს კლინიკას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაკითხოთ, რათა ექიმმა სრულად მოაცილოს ტკიპა.

და კიდევ, თუ სოფლად, ტყეში ან მინდვრებში სეირნობისას ბავშვს ისეთი სამოსი ჩააცვით, რაც მის სხეულს დააფარავს, რაც ტკიპას სხეულზე მოხვედრას თვიდან აგაცილებთ,“ - აღნიშნავს პედიატრი. 

წაიკითხეთ სრულად