Baby Bag

ყველაფერი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ, თუ ბავშვის ცურვაზე შეყვანას გეგმავენ - ინტერვიუ ცურვის ინსტრუქტორთან

ყველაფერი, რაც მშობლებმა უნდა იცოდნენ, თუ ბავშვის ცურვაზე შეყვანას გეგმავენ - ინტერვიუ ცურვის ინსტრუქტორთან
როგორ უნდა დაძლიოს ბავშვმა წყლის შიში, რა წესები უნდა დავიცვათ ზამთარში ცურვისას გაციების ასარიდებლად, ყველასთვის სასარგებლოა ცურვა, თუ არსებობენ გამონაკლისებიც - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Moms.ge-ს ვაკის საცურაო აუზის ცურვის ინსტრუქტორი ირაკლი გოშაძე ესაუბრა.

- რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ცურვაზე შეყვანა?

- ცურვა კარდიოდატვირთვების ლიდერია და ამ მხრივ ვერც ერთი სპორტი ვერ შეედრება. მშობელს ნებისმიერი ასაკიდან შეუძლია შვილის ცურვაზე შეყვანა. მოგეხსენებათ, ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდშივე წყალშია და მან ფიზიოლოგიურად იცის ცურვა, ასე ვთქვათ, თანდაყოლილად აქვს ეს ნიჭი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ფიზიოლოგიური ცურვა სპორტულ ცურვაში გადადის და ბავშვები იწყებენ ტექნიკის შესწავლას. როცა ბავშვს შეუძლია დავალებებზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება (3-4 წლის ასაკში), შესაძლებელია მათთვის ცურვის შესწავლა.

- თუ ბავშვს წყლის შიში აქვს, როგორ ეხმარებით მის გადალახვაში?

- თუ ბავშვს წყალთან ურთიერთობა არ ჰქონია და რაიმე ფსიქოლოგიური ტრავმა არ აკავშირებს მასთან, წყლის შიში არ აქვს. ბავშვს შიში უჩნდება მოგვიანებით, როდესაც ის აანალიზებს, რა შეიძლება მოჰყვეს წყალთან ურთიერთობას. როდესაც 3 წლის ბავშვი მოდის ცურვაზე, მასთან ერთად წყალში მასწავლებელიცაა. მასწავლებელს ხელით უჭირავს ბავშვი, ესაუბრება და აძლევს მითითებებს. ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, რომ შიშის ფაქტორი, თავისთავად გამორიცხულია. დამხმარე საშუალებები დიდ როლს თამაშობს: ჰაერის მუსკულები, დაფები, ჩხირები, ჟილეტები. შიშის ფაქტორის მაქსიმალური გაქარწყლებისთვის ვიყენებთ თამაშების პრინციპს, ვინაიდან ამ დროს ბავშვი მთელი ყურადღებით არის ჩართული და არ ეძლევა საშუალება, დაფიქრდეს, „ვაი, რა მომივა წყალში, მარტო რომ ვიყო“. ტექნიკის შესწავლით ხდება ადამიანი თავდაჯერებული, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ ეშინია.

- ცურვა ყველა ბავშვისთვის სასარგებლოა, თუ არსებობს გამონაკლისები?

- არ არსებობს ადამიანი, რომელზეც შეიძლება ცურვამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა აუზის წყალი სპეციალური წამლებით მუშავდება და სწორედ ამ წამლების მიმართ შეიძლება, ზოგიერთი ბავშვი იყო ალერგიული. მათთვის ხელშემწყობი ფაქტორებია საჭირო. 

- რა ინვენტარი უნდა იქონიოს მშობელმა ბავშვის ცურვაზე მიყვანისას?

- არსებობს წყლის წესები, რასაც გვერდს ვერ ავუვლით. ცურვის შესწავლისას აუცილებელია შემდეგი ინვენტარის ქონა: საცურაო კოსტიუმი, წყლის სათვალე, რეზინის ქუდი. დანარჩენი სავალდებულო ნივთებში არ შედის, მაგრამ სასურველია, იქონიონ საკუთარი ჩუსტები და პირსახოცი.

- წყლის ოპტიმალური ტემპერატურა პატარებისთვის...

- პატარები, ძირითადად, დახურულ აუზში შეისწავლიან ცურვას და მისი ოპტიმალური ტემპერატურაა 30 გრადუსი. გააჩნია ჰაერის ტემპერატურასა და ბავშვის დატვირთვასაც. ასაკის მიხედვით მათ განსხვავებული შრომა და მუშაობა უწევთ. 30 გრადუსი არის ნორმა (+2 გრადუსი). შეიძლება 3 წლის ბავშვს ცოტა ცივი მოეჩვენოს წყალი, თუმცა მოგეხსენებათ, ყველა ასაკის ბავშვისთვის ცალკე ტემპერატურის შექმნა შეუძლებელია.

- კვირაში რამდენჯერ და რამდენი საათია რეკომენდებული ცურვა ბავშვებში?

- მინიმალური მაჩვენებელი გულისხმობს კვირაში 3-ჯერ ვარჯიშს 45 წთ-იდან 1 სთ-მდე. ეს არის შესწავლის პერიოდში რეკომენდებული ინტერვალი. როდესაც ბავშვი სწავლობს და ითვისებს რაღაცას, არ შეიძლება ატაროთ კვირაში ერთხელ. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი არის ცოცხალი ორგანიზმი, მას აქვს მეხსიერება, მაგრამ ის არ არის ხანგრძლივი. იგი დამოკიდებულია ინსტიქტზე, განსკუთრებით, როცა საქმე ცურვას ეხება. დიდი ინტერვალი იწვევს ათვისების შეფერხებას, ასე ვთქვათ, ადგილზე გაჩერებას.

- საშუალოდ რა დროა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად ცურვა ისწავლოს?

- ეს დამოკიდებულია როგორც ასაკზე, ასევე თუ რამდენად ყურადღებიანია ბავშვი. საკმაოდ ინდივიდუალური საკითხია. ცურვის შესწავლა მთლიანად ადამიანზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე, თუ რა სიხშირით დადის ვარჯიშზე. ბავშვებში ყველაფერი მარტივადაა. ისინი სუფთა ფურცლები არიან, როგორც დაწერ, ისე ისწავლიან. მინიმუმ სამი თვე აუცილებლად სჭირდება ბავშვს, რომ აითვისოს ცურვის 4 სტილი და მოერგოს წყალს. სამი თვის შემდეგ კი იწყება უფრო კონკრეტული მუშაობა. 

- და ბოლოს, რა წესები უნდა დავიცვათ ზამთარში ცურვისას, რომ თავიდან ავიცილოთ გაციება?

- მე წლების განმავლობაში ვიყავი დაკავებული წყალბურთით. ბევრი თანაგუნდელი გამოეთიშა ასპარეზობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. სამწუხაროდ, მწვრთნელები ამაზე არ საუბრობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიცვალოთ ის კოსტიუმი, რომლითაც იცურავეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ტანზე დატოვება და შეშრობა. ცხელი წყლით უნდა ჩამოიბანოს აუზის წყალი, გაიშროს ტანი და თავი. აუცილებელი ინვენტარია ქუდი. სველი თმით არ უნდა დატოვოთ აუზი.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ღიმილის დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი, თუმცა ღიმილი სულ არსებობს. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, არანაირ რასას, არანაირ რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია. თითოეულ ჩვენს რეაქციას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი ტვინში მიმდინარე პროცესებია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ეს სამივე გახლავთ ჩვენი სიამოვნების, დაჯილდოვების, კარგი ხასიათის ხელშემწყობი.

ის, რომ ღიმილი აჯანსაღებს, ეს ნამდვილად ასეა. ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, ძლიერდება უამრავი სისტემის მუშაობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის,“ - მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად