Baby Bag

როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი

როგორ გამოვიცნოთ კრუპი?  - დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი

როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - აღნიშნულის შესახებ პედიატრი ​თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„როგორ გამოვიცნოთ კრუპი? - დაიმახსოვრეთ სამი მთავარი ნიშანი:

  • ხმის ტემბრის შეცვლა
  • მყეფავი ხველა
  • სტრიდორი ანუ გაძნელებული, ხმაურიანი შესუნთქვა

დებიუტი უხშირესად ერთიდაიგივეა - პატარას ღამით მშვიდობიანად გაისტუმრებთ დასაძინებლად და უეცრად გამთენიისას მას მყეფავი ხველით, სუნთქვის გაძნელებით ეღვიძება. მდგომარეობა იმდენად შემაძრწუნებელი სანახავია, რომ უნებრურად შიში გიპყრობთ.

მყეფავი ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა რამდენიმე დღეს შეიძლება გაგრძელდეს და ბოლოს ის ნახველის წარმოქნით და მდგომარეობის გაუმჯობესებით სრულდება. დაავადება შესაძლებელია მსუბუქად, საშუალო სიმძიმით ან მძიმედ მიმდინარეობდეს. მძიმე მიმდინარეობა ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან შესაძლებელია ხორხის სრული დახშობა მოჰყვეს ძლიერი შეშუპების ხარჯზე.

რა ვქნათ?

  • პირველ რიგში, უმთავრესი - არ დაიბნეთ!
  • დაამშვიდეთ პატარა. ჭირვეულობა, ტირილი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას.
  • მოახვიეთ საბანი და პატარა აივანზე გაიყვანეთ. ცივი ჰაერის ზეგავლენით სპაზმური კომპონენტი მოიხსნება და მდგომარეობა რამდენამდე გაუმჯობესდება.
  • მიეცით თბილი სითხეები
  • გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა


კრუპის მკურნალობა სტეროიდულ ჰორმონის მიღებას გულისხმობს. მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებს, რომ გადაყლაპული, კუნთში შეყვანილი და ინჰალაციით მიღებული ჰორმონის ეფექტურობა ექვივალენტურია. ამიტომ თუ ინჰალატორი გაქვთ, დაუყოვნებლივ ჩაატარეთ ბუდესონიდის ინჰალაცია. ეს მედიკამენტი აფთიაქებში რამდენიმე სავაჭრო დასახელებით იყიდება და შერჩევაც იქვე შეგიძლიათ. 

დარწმუნებული ვარ, იმ მშობლებს, ვის პატარასაც კრუპის სინდრომი ერთხელ მაინც დამართია, ინჰლატორიც და საჭირო მედიკამენტიც შინ აქვთ. ექიმის მეთვალყურეობით საშუალო და მძიმე კრუპის დროს ეპინეფრინის ინჰალაციაც ჩატარდება, რაც მდგომარეობას სწრაფად გააუმჯობესებს.

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, შემდგომი მართვის რეკომენდაციებს პედიატრები მოგცემენ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებსა და მოზარდებში სამი ძირითადი საკვები ნივთიერების ნაკლებობა გამოიკვეთა, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა განგაშის საფუძვლად მიიჩნიეს,“ - მარი მალაზონია

„ბავშვებსა და მოზარდებში სამი ძირითადი საკვები ნივთიერების ნაკლებობა გამოიკვეთა, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა განგაშის საფუძვლად მიიჩნიეს,“ - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ ბავშვებში საკვები ნივთიერებების ნაკლებობის პრობლემაზე ისაუბრა და ის სამი ძირითადი ნივთიერება დაასახელა,რომელიც ბავშვებს ხშირად აკლიათ:

„ყველა კვლევა ადასტურებს, რომ სამი ძირითადი საკვები ნივთიერების ნაკლებობა გამოიკვეთა ბავშვებსა და მოზარდებში, რაც განგაშის საფუძვლად მიიჩნიეს საერთაშორისო ექსპერტებმა.​ ეს არის ბავშვებში ცილის, კალციუმისა და რკინის ნაკლებობა.“

მარი მალაზონიას თქმით, მნიშვნელოვანია მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეხამება:

„თუ ჩვენ ერთმანეთს შევუხამებთ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ეს არის მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ჩვენ რეგულარულად ვერ ვაძლევთ ბავშვს ხორცს, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი აღმოჩნდეს რძის ნაწარმი და კვერცხი. პატარებს თუ არ აქვთ სათანადო შეფასება ჯანმრთელობის მდგომარეობის, ავტომატურად მარხვაზე ნუ გადავიყვანთ. ოჯახი რომ არის ვეგანურ ან ვეგეტარიანულ კვების მოდელზე, ნუ გადავიყვანთ ბავშვსაც ამ მოდელზე ავტომატურად.“

„დღევანდელი კვლევებით დასტურდება, რომ ​რძის ნაწარმის მეშვეობით კალციუმის და ცილის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. მაშინაც კი, როდესაც ხორცს ვზღუდავთ, ბოსტნეულის ფუძესთან ერთად ბავშვი კვერცხსა და რძის ნაწარმს აუცილებლად უნდა იღებდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად