Baby Bag

,,რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ბავშვი ცურვას, მით უფრო ჯანსაღი იქნება'' - ინტერვიუ წყალბურთის მწვრთნელთან

,,რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ბავშვი ცურვას, მით უფრო ჯანსაღი იქნება'' - ინტერვიუ წყალბურთის მწვრთნელთან
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის წყალბურთზე შეყვანა, რისთვის არის განსაკუთრებით კარგი, კვირაში რამდენჯერ და რამდენი საათია რეკომენდებული ბავშვის წყალბურთით დაკავება? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ​Moms.ge-ს საქართველოს სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ  და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის წყალბურთის მწვრთნელმა დავით ხავთასმა უპასუხა.

- ბატონო დავით, რატომ წყალბურთი? რის განვითარებას უწყობს ხელს?

- წყალბურთი ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. სპორტის ეს სახეობა ასწავლის მას გუნდურობას, მიზნისთვის ბრძოლას, სხვების მხარდაჭერას. წყალბურთი ბავშვს სძენს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ეხმარება მას ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა სულ სხვა თაობა მოდის და გამუდმებით ტექნიკასთან აქვთ კავშირი, სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშულებაა, რომ დაამყარონ ცოცხალი ურთიერთობები. ზოგადად, ცურვა, წყალში მოძრაობა, ძალიან სასარგებლოა ყველასთვის. ამ დროს ჩართულია კუნთოვანი სისტემა სრულად. ცურვა ხელს უწყობს ბავშვის სხე­უ­ლის სწო­რად ფორ­მი­რე­ბას, დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე... რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ბავშვი ცურვას, მით უფრო ჯანსაღი იქნება. თუ ვატყობთ, რომ ბავშვს ცურვის ნიჭი აღმოაჩნდა, ჩვენთან გადმოგვყავს. მთავარი კომპონენტია ცურვის ცოდნის ხარისხია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ გაუძლებს ორმაგ დატვირთვას.

- რა ასაკიდან უნდა შევიყვანოთ ბავშვი წყალბურთზე?

- მიზანშეწოლილია სამი წლის ასაკიდან, თუმცა ამ ასაკის ბავშვებთან კონტაქტი ძალიან ძნელია. მათ ბოლომდე არ ესმით მასწავლებლის მითითებები. როგორც აღვნიშნე, ცურვა ისეთი ფიზიკური აქტივობაა, რომელიც ეხმარება ბავშვის ზრდა-განვითარებას. ყველაფერთან ერთად, ცურვა ბავშვს თვითგადარჩენის უნარ-ჩვევებს უყალიბებს. ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად, ცურვის საფუძვლიანად სწავლაა აუცილებელი პროფესიონალის ზედამხედველობით.

 

- აუცილებელი ინვენტარი, რაც ბავშვის წყალბურთზე ტარებისას დაგვჭირდება?

- სანამ ბავშვი სწავლობს ცურვას, აუცილებელია სათვალე, წყლის ქუდი, საცურაო კოსტიუმი და ჩანთა. ხოლო, როცა ცურვიდან წყალბურთში გადაინაცვლებს, სათვალე აღარ არის საჭირო.

- კვირაში რამდენჯერ და რამდენი საათია რეკომენდებული სპორტის ამ სახეობით დაკავება?

- მანამ, სანამ ეს სპორტი ბავშვისთვის გამაჯანსაღებელ საშუალებას წარმოადგენს, კვირაში სამი დღეა სიარული რეკომენდებული, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი ჩამოყალიბდება წყალბურთელად, ყოველდღიური ვარჯიშია აუცილებელი. ყველაფერთან ერთად, მას ნორმალური ძილი ესაჭიროება და სპეციალური კვების რაციონიც უდგინდება.

- წყალბურთი ყველასთვის სასარგებლოა, თუ არსებობს გამონაკლისებიც?

- რა თქმა უნდა, ცურვა და ზოგადად, წყალი ყველასთვის სასარგებლო და უმეტესად აუცილებელიც კია. სპორტის სახეობებიდან არაფერი ისე არ უხდება ბრტყელტერფიანებსა და სქოლიოზის მქონე ბავშვებს, როგორც წყალი.

- ტრავმების მხრივ რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის სპორტის ეს სახეობა?

- თუ თვითდაზიანება არ მოხდება, ყოველმხრივ უსაფრთხო სპორტია. ერთადერთი, ხელის არასწორად მოსმის დროს, შეიძლება, კუნთი დაეჭიმოს, თუმცა არც ესაა პრობლემა, ექიმთან ვიზიტის შემდეგ თავისუფლად შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად