Baby Bag

თუ ახალშობილს თვალიდან ჩირქი მოსდის, დედის რძის ჩაწვეთება უშველის - ბებიების 10 მითი

თუ ახალშობილს თვალიდან ჩირქი მოსდის, დედის რძის ჩაწვეთება უშველის - ბებიების 10 მითი

ბებიების 10 მითის შესახებ ​პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ბებიები - ყველაზე სათუთი, ტკბილი ადამიანები, ხანდახან რომ გვგონია, ჩვენი შვილები ჩვენზე მეტად უყვართ, უფრო მეტად ზრუნავენ, ბევრს ეთამაშებიან, უფრო ბევრს პატიობენ, მათი სიხარული უხარიათ და ტკივილიც უსაზღვროდ სტკივათ.

და ამ ზრუნვაში ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ ხან თვითონ თხზავენ ახალ მითებს, ხანაც საკუთარი დედა-ბებიების გადმოცემებს გვიყვებიან. მათი მითები ხანდახან სულაც არაა საფუძველსმოკლებული, ზოგჯერ კი ისეთი ზღაპრულია, მტკიცებითი მედიცინის ერაში, ძალიან გაგეცინება.

ბებიების მითებს მიმოვიხილავ.

მაშ, ასე.

მითი N1 - ბავშვი ყინვაში რომ გაიყვანე, იმიტომ გაგიცივდა და ახველებს.

სინამდვილეში „გაციება“ ვირუსითაა გამოწვეული და სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა დაახლოებით 300-მდე ვირუსს შეუძლია. მათთვის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, ზოგჯერ კი ცხელებაცაა დამახასიათებელი.

მითი N2 - ახალშობილს მჭიდროდ თუ გაახვევ, სწორი ფეხები ექნება.

დარწმუნებული ვარ, გაგეღიმათ. ახალშობილის გახვევა აღარაა მიღებული პრაქტიკა. პირიქით, ბავშვის განვითარებისათვის მოძრაობა აუცილებელია. ძვლების ფორმებს კი გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს და თუ რაიმე დაავადების გამო არ განიცადა დეფორმაცია, სხვა არაფერი შეცვლის.

მითი N3 - რატომ კვებავ ბავშვს ძუძუთი ასე ხშირად? კუჭი გადაეტვირთება და ავად გახდება. 

არ დაიჯეროთ.

ქალის რძე ბავშვის კუჭში მცირე ხნით ყოვნდება და სწრაფად მოინელება, ამიტომ შეგძილიათ მშვიდად კვებოთ ის მოთხოვნილებისამებრ. ხელოვნური ნარევი კი ძნელადმოსანელებელია და კუჭში დაახლოებით 3-3,5 საათი ყოვნდება, ამიტომ ხელოვნური კვების დროს შუალედების დაცვა აუცილებელია.

მითი N4 - თავდაბანილი გარეთ არ გახვიდე, თორემ მენინგიტი დაგემართება 

მორიგი მითია. მენინგიტს ვირუსები და ბაქტერიები იწვევს.

მითი N5 - თუ ახალშობილს თვალიდან ჩირქი მოსდის, დედის რძის ჩაწვეთება უშველის.

არ გირჩევთ ამის გაკეთებას, დედის რძე მართლაც უნიკალური ნივთიერებაა, ის დიდი რაოდენობით ანტისხეულებს შეიცავს, რაც ინფექციებისაგან გვიცავს, მაგრამ თვალთან ეს კავშირში არაა. პირიქით, შესაძლებელია კონიუქტივიტის მოვლენები კიდევ უფრო გამწვავდეს, ამიტომ სჯობს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი გამოიყენოთ.

მითი N6 - ბავშვს „მუცლის თმას“ თუ გადაპარსავ, უფრო ხშირი თმა ამოუვა.

გოგონების დედიკოებს ალბათ უფრო გეცნოთ.

არ დაიჯეროთ! მითია. თმის სტრუქტურას გენეტიკა განაპირობებს და რამდენჯერად არ უნდა გადაპარსოთ პატარას თავი, სქელი ან ხვეული თმა მაინც არ ამოუვა.

რაც შეეხება „მუცლის თმას“, გახსოვდეთ, თმა მუდამ თვითგანახლებას განიცდის, თანდათან ცვივა და ახალი ამოდის. ასე, რომ ასეთი თმა მხოლოდ ახალშობილს აქვს.

მითი N7 - ერთჯერად საფენს მრავალჯერადი სჯობს. დაინახავ მაინც, როდის დასველდა და სწრაფად გამოუცვლი.

ეს ასე არ არის. ერთჯერადი საფენი ნამდვილად კარგი ხსნაა თანამედროვე მშობლებისათვის, რადგან ის ძალიან კომფორტულია. არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც რომელიმე ამ საფენის უპირატესობას დაადასტურებს მეორესთან შედარებით იმ შემთხვევაში, თუ მას დიდხანს დააყოვნებთ. ხშირი გამოცვლა ორივე ტიპის საფენს სჭირდება საფენის დერმატიტის თავიდან ასაცილებლად.

მითი N8 - კეფაზე თმა იმიტომ გასცვივდა, რომ სულ აქეთ-იქეთ იყურება წოლის დროს, თავს ამოძრავებს და კეფა „გაეხეხა“.

მითია. კეფაზე თმის გაცვენა რაქიტის ნაადრევი ნიშანია და თუ დიდხანს დაიჯერებთ ამ მითს და პატარას დ ვიტამინის გარეშე დატოვებთ, მას საკმაოდ ბევრი დეფორმაციისა და დაზიანებისათვის გაწირავთ.

მითი N9 - ახალშობილს სახლშიც უნდა ეხუროს ქუდი, რომ არ გაცივდეს.

არა, ახალშობილს სახლში ქუდი არ უნდა ეხუროს. გამონაკლისია ბანაობისშემეგომი პერიოდი, როცა პატარას სველი თავი აქვს და სითხოს ადვილად გასცემს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ ქუდი უნდა მოხადოთ.

მითს საფუძვლად ერთი ფაქტი უდევს - ახალშობილი მართლაც ძალიან სწრაფად კარგავს სითბოს. ამიტომ სამშობიარო ბლოკში დაბადების შემდგომ მას სწარფად ამშრალებენ, ახვევენ და სითბური გამათბობლის ქვეშ აწვენენ, რათა სითბოს დაკარგვა და სხეულის გადაციება თავიდან აიცილონ.

მითი N10 - საკვების მიცემა ვერცხლის კოვზით სჯობს, ბავშვს მიკრობებისაგან დაიცავს.

ვერცხლს მართლაც აქვს ანტიმიკრობული თვისებები, თუმცა რა ეფექტი შეიძლება მოახდინოს რამდენიმე წამით მასში დაყოვნებულმა საკვებზე, სადაოა. თანამედროვე მედიცინას ამ ეტაპზე არ აქვს განსაკუთრებული აკრძალვა ვერცხლის კოვზის გამოყენებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, რეკომენდაციები მისი გამოყენების სარგებლიანობასთან მიმართებაში.

სამყარო შეიცვალა, ბებიკოებო, და ბევრი მითიც გაქარწყლდა, დაუჯერეთ ხანდახან ახალგაზრდა დედებს - ქალიშვილებსა და რძლებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში,“- პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ მშობლებს ურჩია ბავშვის დასასვენებლად წაყვანის შემთხვევაში გარემოსთან ადაპტაციისთვის საჭირო დრო გაითვალისწინონ:

„გარემოსთან ადაპტაცია დიდსაც და ბავშვსაც ესაჭიროება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე, როდესაც ბავშვი იცვლის გარემოს, იცვლის საკვებს, წყალს და ა.შ. ამ გარემოსთან შეგუებას დაახლოებით 7-დან 10 დღემდე ესაჭიროება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა მიიღოს იმ გარემოდან რაღაც სარგებელი, ეს შეეხება ჰავის ცვლილებას, თუ მის ფსიქო-ემოციურ შეწყობას იმ გარემოსთან, თუ ის 10 დღეში უკან მოგვყავს, ის ადაპტაციასაც ვერ ახერხებს და ბრუნდება ისევ თავის სახლში.

ბავშვს ორი კვირით თუ წავიყვანთ დასასვენებლად, ეს დანაშაული არ არის, რა თქმა უნდა. სასურველია, თუ იქნება 20-30 დღე. ადაპტაციის დღეების რაოდენობა უნდა გავითვალისწინოთ. თუნდაც იყოს 2 კვირა, რომ 7 დღე იყოს ადაპტაცია, შემდეგ 7 დღე მიიღებს გარემოს და დაბრუნდებით სახლში. აუცილებელი არ არის ჩარჩო, რომ 20 დღე იყოთ დასასვენებლად და 21-ე დღეს წამოხვიდეთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად