Baby Bag

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს...“

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ორსულ ქალბატონებს...“

29 ოქტომბერს სახელმწიფომ 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოიტანა, რომელიც განაწილებულია რეგიონებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები:

„მოგეხსენებათ, ჩვენთან ის აქტივირდება ძირითადად ნოემბრის ბოლოს დეკემბერში და პიკზე გადის დეკემბრის ბოლოს იანვარში. აქედან გამომდინარე, ახლა ყველაზე კარგია ვაქცინაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ეს ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით აიცრებიან, პირველ რიგში, მაღალი რისკის მქონე ადამიანები და შემდგომ იმის მიხედვით, ვაქცინის რაოდენობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვექნება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს მიმართავს:

„განსაკუთრებით მინდა, მივმართო ორსულ ქალბატონებს, რადგან განსაკუთრებული რისკი გრიპის გართულებისა, არის სწორედ ორსულ ქალბატონებში. ამიტომ მინდა, მივმართო მათ, რომ მიმართონ შესაბამის პოლიკლინიკებს, აიცრან, რადგან ყველაზე კარგი საშუალება გრიპის გართულების პრევენციისთვის ორსულობის პერიოდში არის ვაქვინაცია. ასევე რისკჯგუფებში შედიან მინისტრის იანვრის ბრძანებით დამტკიცებული ადამიანები და ესენი არიან სამედიცონო მუშაკები. სასურველია, სწრაფად აიცრან მედიცინის მუშაკები, რამეთუ ისინი პირველი ხვდებიან გრიპის ვირუსის მქონე პაციენტს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გარდა აცრებისა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება.

„მთავარია, რომ თუ გრიპის ზოგადი სიმპტომებია და ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ცემინება, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და ვიმოქმედოთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თვითმკურნალობა გრიპის დროს არ არის დასაშვები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უპირატესობები აქვს ორსულობის დროს ცურვას სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით?

რა უპირატესობები აქვს ორსულობის დროს ცურვას სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა უპირატესობები აქვს ორსულობის დროს ცურვას სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით? ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია.

  1. ცურვის დროს მთელი ორგანიზმის ვარჯიშია შესაძლებელი. მოქმედებაშია ყველა კუნთი, გულისცემის სიხშირე იზრდება დატვირთვის გარეშე, ყველა კუნთი ტონუსშია, სხეული ეჩვევა თანდათანობით დატვირთვას (ორსულობის მატებასთან ერთად, იმატებს ქალის წონა და შესაბამისად, დატვირთვა ორგანიზმზე).
  2. ცურვისას კუნთებთან ერთად აქტიურად მუშაობს შინაგანი ორგანოებიც: გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ცურვა აუმჯობესებს გულისა და ფილტვების მუშაობას.
  3. ცურვა კარგია ისეთი ადამიანებისთვის და ორსულებისთვის, რომელთაც აქვთ გადატანილი ტრავმა, აქვთ ართრიტი ან კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა.
  4. კარგია ასთმის მქონე პირებისთვის, ვინაიდან ცურვის დროს ასევე შესაძლებელია სუნთქვითი ვარჯიშების კეთება, რაც დადებითად აისახება ფილტვების მდგომარეობაზე. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლითაც ხდება აუზის დეზინფიცირება და ქლორიანი წყალი, იწვევს ასთმური შეტევის პროვოცირებას, ამიტომ უნდა შეარჩიოთ ისეთი აუზი, რომელშიც ქლორის მაგივრად გამოიყენება მარილიანი წყალი.
  5. ცურვა კარგია კალორიების დასაწვავად, წონის შესანარჩუნებლად ორსულობის დროს.
  6. აუმჯობესებს ღამის ძილს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ორსულების გარკვეულ ნაწილს აწუხებს უძილობა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ ცურვა, თუ თქვენს ორსულობას არ აქვს გართულება.

გისურვებთ ჯანმრთეობას და ბედნიერ დედობას!

წაიკითხეთ სრულად