Baby Bag

ელექტრონული სიგარეტიც უამრავ დაავადებას იწვევს და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც

ელექტრონული სიგარეტიც უამრავ დაავადებას იწვევს და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც

რატომ არის მოწევა საშიში მოზარდებისათვის და არის თუ არა ელექტრონული სიგარეტი გამოსავლი, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი ნანა საპანაძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

თამბაქო მცენარეა, რომლის ფოთლებისგანაც მზადდება თამბაქოს პროდუქტები.

დამუშავებული თამბაქო შეიცავს 2 550 ქიმიურ ნივთიერებას. მოწევის დროს მწეველი შეისუნთქავს დაახლოებით 4 000 ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელთაგანაც 43 კანცეროგენია (კიბოს გამომწვევი ნივთიერება). ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმზე ზემოქმედებენ მასში მოხვედრისთანავე.

როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იწყებს თამბაქოს მოხმარებას, იწყება მისი ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების დაზიანება, განსაკუთრებით ზიანდება ფილტვები და სასუნთქი სისტემის სხვა ორგანოები; ირღვევა ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობა.
ნიკოტინი თამბაქოს შემადგენელი ნაწილია. იგი იწვევს დამოკიდებულების განვითარებას.

ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, ზრდის გულის შეკუმშვების სიხშირეს, არტერიული სისხლის წნევას, აფერხებს სისხლის მიწოდებას ცენტრალურ და პერიფერიულ ორგანოებამდე. ნიკოტინი მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც შედის ინსექტიციდებისა და სოფლის მეურნეობაში გამოყენებადი სხვადასხვა პესტიციდების შემადგენლობაში.

ნახშირჟანგი (CO) ძლიერმოქმედი შხამია, რომელიც გამოიყოფა თამბაქოს წვის შედეგად. იგი იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირის ზრდას, ხელს უშლის ერითროციტების მიერ სისხლში ჟანგბადის მიწოდებას, რაც განაპირობებს მნიშვნელოვანი ორგანოების ჟანგბადოვანი შიმშილის განვითარებას;

კუპრი (ფისის მსგავსი სქელი, წებოვანი ნივთიერება) წარმოიქმნება თამბაქოს ფოთლების წვის შედეგად. იგი ხშირად გამოიყენება გზების და ასფალტის დაგებისას. მოწევის დროს კუპრი რჩება სასუნთქ სისტემაში, ფარავს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსს და აღიზიანებს მას. ის ხასიათდება კანცეროგენული ზემოქმედებით.

დარიშხანი (შხამიანი ქიმიური ელემენტი, რომელიც იწვევს ძლიერ მოწამვლას), აცეტონი (გამოიყენება როგორც საღებავების გამხსნელი და ლაქის მოსაშორებელი საშუალება).

ამონიუმი (შედის იატაკის საწმენდი ქიმიური საშუალებების შემადგენლობაში), ფენოლი (საღებავი), ბუტანი (შედის სანთებელების შემადგენლობაში), ნაფტალინი (გამოიყენება ტანსაცმლის ჩრჩილისაგან დასაცავად), ფორმალინი (გამოიყენება ბიოლოგიურ ლაბორატორიებში მკვდარი ქსოვილებისა და სხეულების შესანახად), წყალბადის ციანიდი (ძალიან საშიში მომწამვლელი აირი), კადმიუმი (მანქანის აკუმლატორის შემადგენელი ნაწილი) და რადიაციული ნაერთები (შედის ბირთვული იარაღის შემადგენლობაში). თამბაქოს მოხმარებისას ეს ნივთიერებები მაღალი კონცენტრაციით ხვდება ორგანიზმში და იწვევს მის დაზიანებას.

მეორადი კვამლის ზემოქმედებას პასიური მოწევა ეწოდება, რაც გულისხმობს, არამწეველი ადამიანების მიერ თამბაქოთი დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვას, რაც იგივე ზიანს აყენებს ორგანიზმს, როგორც აქტიური მწეველობა.

ალბათ, უკვე ხვდებით, მოწევა ყველასთავის მავნებელია, თუმცა მოზარდის ჩამოუყალიბებელი, მზარდი ორგანიზმისათვის ის გაცილებით საშიშია.

საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს ჩვეულებრივი თამბაქოს ელექტრონული სიგარეტით ჩანაცვლების პროცესი. ელექტრონული სიგარეტიც უამრავ დაავადებას იწვევს და ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც.

ელექტრონული სიგარეტი ნელ-ნელა შემოდის მოდაში, მაგრამ ის სულაც არ არის თამბაქოსთვის თავის დანებების საშუალება, როგორც მას რეკლამას უწევენ. ეს არის მოდერნიზებული თამბაქოს ნაწარმი, რომელიც ნიკოტინთან ერთად შეიცავს ქიმიურ დანამატებს, რომლებიც მომწამვლელია ადამიანის ორგანიზმისათვის.

ოცზე მეტი გამოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ სიგარეტს კარგი ეფექტი აქვს მოკლე ვადით. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ის მართლაც ეხმარება მწეველებს თამბაქოსგან თავის შეკავებაში. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ხანგრძლივი პერსპექტივით. ამასთან, ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში თანმდევ ეფექტებთან - ხველებასთან, ქოშინთან, ხორხის არეში წვასთან - უფრო ხშირად გვაქვს საქმე, ვიდრე თამბაქოსგან გადასაჩვევი სხვა ტრადიციული მეთოდებისას.

ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯი ნიკოტინს შეიცავს, ოღონდ თხევადი სახით და რაც მთავარია, ამ დროს, სიგარეტის მოწევის სრული პროცესი შენარჩუნებულია. ეს ნიშნავს, რომ სიგარეტზე მიჯაჭვულობა და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც თამბაქოს მომხმარებლებისთვის ყველაზე რთულად დასაძლევი ეტაპია, ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დროს, ფაქტობრივად, არ იცვლება!
აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ელექტრონული სიგარეტი თამბაქოსთვის თავის დანებების საშუალება არ არის, ისიც ჩვეულებრივი სიგარეტია, ოღონდ მოდერნიზებული და თანამედროვე.

რა შედეგები მოყვება ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებებას?

• თავის დანებებიდან 20 წუთის შემდეგ – გულის ცემის სიხშირე ნორმას უბრუნდება.
• 12 საათის შემდეგ – სისხლში ნახშირჟანგის დონე ნორმას უბრუნდება.
• 2-12 კვირის შემდეგ – სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.
• 1-9 თვის შემდეგ – ხველება და ქოშინი მცირდება. ჰაერგამტარი გზების ლორწოვანზე არსებული წამწამები ნორმალურ ფუნქციონირებას იწყებს, გამოდევნის ლორწოს, ასუფთავებს ფილტვებს და ინფექციის რისკს ამცირებს.
• 1 წლის შემდეგ – გულის იშემიური დაავადების რისკი მწეველებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.
• 5-15 წლის შემდეგ – ინსულტის განვითარების რისკი ისეთივეა, როგორც არამწეველებში.
• 15 წლის შემდეგ – გულის იშემიური დაავადების რისკი არამწეველებისას უთანაბრდება.
• 10 წლის შემდეგ – ფილტვის კიბოს რისკი მწეველებთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება ყველა პირობებში ძალიან ძნელია. ამისთვის არ არსებობს რაიმე საუკეთესო გზა. ზოგი თავს ანებებს ერთბაშად, ზოგი - თანდათანობით. პირველ შემთხვევაში ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მართალია, მეტი ინტენსიურობით იჩენს თავს, მაგრამ მალე ქრება, მეორე შემთხვევაში ეს სიმპტომები ნაკლებად აწუხებს მას, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

თუ თქვენ უკვე სცადეთ და არ გამოგივიდათ თამბაქოსთვის თავის დანებება, გულს ნუ გაიტეხთ, სცადეთ მიზნის მიღწევა კიდევ ერთხელ. აი, რამდენიმე წესი:

• დანიშნეთ ზუსტი დღე ახლო მომავალში. მანამდე გააანალიზეთ, რა სიხშირით ეწევით და რა საქმიანობის დროს. ეს დაგეხმარებათ მოწევის დანებების პროცესის უკეთ წარმართვაში.
• სიგარეტის მოწევას თავი დაანებეთ ზუსტად დათქმულ დღეს. აღარ შეინახოთ სახლში სიგარეტი და ეცადეთ, უარი თქვათ სხვის მიერ შემოთავაზებულ ერთ ღერზეც კი.
• მიახდინეთ თქვენი ყურადღების და ძალების მობილიზაცია რომ იმ დღეს არ მოწიოთ სიგარეტი. ნუ იფიქრებთ ხვალინდელ და შემდეგ დღეებზე.
• გააფრთხილეთ ოჯახის წევრები და ახლობლები, რომ აპირებთ სიგარეტისთვის თავის დანებებას და სთხოვეთ ხელი შეგიწყონ.
• დააჯილდოვეთ თქვენი თავი იმ ფულით, რაც დაზოგეთ სიგარეტისთვის თავის დანებების გამო. იყიდეთ რაიმე თქვენთვის სასიამოვნო ნივთი ან მომსახურება.
და ბოლოს, ხშირად გაიხსენეთ ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის, ნობელის პრემიის ლაურატის, ბერნარდ შოუს სიტყვები „სიგარეტი ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოში ცეცხლია, მეორეში კი სულელი “ და ეცადეთ გამოაკლდეთ მათ რიგებს.

ნანა საპანაძე,

ჰოსპიტალური ქსელის „მედლაფას“ თბილისის კლინიკისა და ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის პედიატრი.
თსსუ კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მოწვეული პედაგოგი

სპეციალურად ბლოგისათვის Dr. Tamar Obgaidze/პედიატრი თამარ ობგაიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანები რომ დავყოთ ასე აცრილებად და აუცრელებად, ეს ყოვლად მიუღებელია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ადამიანები რომ დავყოთ ასე აცრილებად და აუცრელებად, ეს ყოვლად მიუღებელია,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ვაქცინაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის განხეთქილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცენ:

„ერთმანეთს ძალიან გაუფრთხილდით. ასე საუბარი არ შეიძლება! ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება! ​ვინც აიცრა, მადლობა ღმერთს, თუ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ამით საკუთარ თავს უშველოს და სხვაც გადაარჩინოს. ნუ ლანძღავ იმ ადამიანს, ვინც არ იცრება. ვკითხულობდი, რომ ვინც არ აიცრება, სახლში გამოკეტეთ. მახსენდება აღდგომის პერიოდი, როდესაც ადამიანებს, რომლებიც ტაძარში მოდიოდნენ, მკვლელებს ეძახდნენ. ასე ადამიანებს მოექცე, ასე ადამიანებს ესაუბრო, ასე გათელო ადამიანი?!“

დეკანოზის თქმით, ადამიანებს აქვთ როგორც აცრის გაკეთების, ასევე საპირისპირო გადაწყვეტილების მიღების უფლება:

„ადამიანებს გვაქვს კითხვები. ამ კითხვებზე არ გვაქვს პასუხი. ჩემი ბევრი მეგობარი სასულიერო პირი აიცრა. ჩათვალეს, რომ უნდა აცრილიყვნენ და მათ ამის სრული უფლება აქვთ. ჩემი სულიერი შვილები, ​ჩემი უახლოესი ადამიანები, ვინც ძალიან მიყვარს, აცრილები არიან. მათ აქვთ ამის უფლება. ადამიანები რომ დავყოთ ასე აცრილებად და აუცრელებად, ყოვლად მიუღებელია. ძალიან გთხოვთ, ყველამ თავი შეიკავეთ ერთმანეთის ლანძღვისგან. არ ღირს ეს ყველაფერი ამად.“

„ერთმანეთს პატივი ეცით, ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრეთ. რადგან შენ აცრა გაიკეთე, ასე დასცინო და აბუჩად აიგდო ადამიანები, მიუღებელია. ეს არის ძალიან დაბალი დონე ადამიანისა, მდაბიოობა ადამიანისა. რადგან შენ ეს გააკეთე, სხვას თვლი უგუნურ ადამიანად, ეს ასე არ არის. საფრანგეთის მოსახლეობის უმეტესობა გამოდის და საყოველთაო აცრას აპროტესტებს. ძალიან ბევრი მაღალი დონის ექიმი თვლის, რომ არ უნდა აიცრას. ძალიან ბევრი მაღალი დონის ექიმი თვლის, რომ უნდა აიცრას. ყველამ პირადად უნდა გადავწყვიტოთ, რას ვაპირებთ. ​ერთმანეთზე ნუ ვიძალადებთ ფსიქოლოგიურად. ყველა ადამიანს დაუტოვეთ უფლება, რომ თვითონ გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. ის, რომ ვიღაც აცრას არ ენდობა, არ ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება მედიცინას. ადამიანებს გვინდა სწორი ინფორმაცია,“ - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად