Baby Bag

რაზე მიგვანიშნებს თუ ბავშვი ადვილად იღლება, ფერს იცვლის ელემენტარული დატვირთვისას, ძილში ფორიაქობს და მოუსვენარია? - ინტერვიუ კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილთან

რაზე მიგვანიშნებს თუ ბავშვი ადვილად იღლება, ფერს იცვლის ელემენტარული დატვირთვისას, ძილში ფორიაქობს და მოუსვენარია? - ინტერვიუ კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილთან

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს გულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს ინფარქტს, შეიძლება თუ არა გულის პრობლემების მქონე ქალბატონებისთვის დაორსულება - ამ და სხვა საინტერესო თემებზე Moms.ge კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს გულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რა სიმპტომებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?

- თუ ბავშვი საეჭვოდ ადვილად იღლება თანატოლებთან თამაშის დროს ან ფერს იცვლის ელემენტარული დატვირთვისას, ძილში ფორიაქობს და მოუსვენარია, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პედიატრთან. იგი ბავშვის მდგომარეობას შეაფასებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, კარდიოლოგთან გადაამისამართებს.

- ტუჩების გალურჯება კავშირშია თუ არა გულის პრობლემებთან. თუ კი, რა სახის პრობლემებზე მიგვანიშნებს?

- ტუჩების გალურჯება შეიძლება, იყოს დაკავშირებული გულის პრობლემასთან, კერძოდ გულის სარქველების დაავადებასთან, რაც ბავშვებში, როგორც წესი, თანდაყოლილია ხოლმე, ასევე გულის კუნთის მოდუნების-ე.წ. მიოპათიის დროს, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. თუმცა ტუჩები, შეიძლება, გალურჯდეს სხვა მიზეზითაც. ამიტომ ამას გამოკვლევა სჭირდება.

- რევმატიზმი და გულის პრობლემები. როგორც ვიცით, ეს პრობლემა ბავშვობის ასაკში იჩენს თავს...

- რევმატიზმი ქსოვილების ანთებითი დაზიანებით მიმდინარე პროცესია, რომელსაც დროულად გამოვლინების და სწორი მკურნალობის შემთხვევაში გართულებები არ მოჰყვება ხოლმე. დიახ, როგორც აღნიშნეთ, უხშირესად ბავშვობის ასაკში იჩენს თავს და ისევ და ისევ პედიატრების ყურადღებამისაქცევია. შემდგომ ისინი გადამისამართდებიან რევმატოლოგებთან, რომლებიც მართავენ ამ პრობლემას. ჩვენთან, კარდიოლოგებთან ხვდებიან უკვე გართულებული გულის პრობლემებით, რომელიც სარქვლოვანი ან გულის კუნთის ანთებითი დაზიანებებით გამოიხატება.

- სანამ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდება ბავშვი, აუცილებელია თუ არა კარდიოლოგთან მიყვანა (თუ არაფერს არ უჩივის)?

- ვერ გეტყვით, რომ ცალსახად აუცილებელია, რადგან ბავშვები, როგორც წესი, პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. სპორტის ნებისმიერ სახეობაში, თუ მწვრთნელი შეამჩნევს საეჭვო ვითარებას ბავშვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაშინაა აუცილებელი მისი მიყვანა სპეციალისტთან.

- შეიძლება თუ არა ბავშვთა კვება კავშირში იყოს შემდეგში გულის დაავადებების განვითარებასთან?

- ბავშვობაშივე დაწყებული არასწორი კვება ცალსახად უარყოფითად აისახება მოზრდილობის ასაკში. არასწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი და რისკფაქტორია ისეთი სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების, როგორიცაა სტენოკარდია, ინსულტი, ინფარქტი და ა.შ.

- რა პროდუქტებს გაუწევთ რეკომენდაციას გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ბავშვებში?

- მნიშვნელოვანია კვების წესი, ანუ განაწილებული და ბალანსირებული კვება, დღეში რამდენჯერმე. კუჭნაწლავის სისტემა არ უნდა გადაიტვირთოს. რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა ბავშვმა, სასურველია კვებითი რაციონი მდიდარი იყოს ხილ-ბოსტნეულით, თუმცა ცილოვან და ცხიმის შემცველ საკვებსაც თავისი აუცილებელი წილი აქვს. ცალსახად აღიარებულია, რომ ე.წ. სწრაფი კვების ობიექტების საკვების უმეტესობა არ მიეკუთვნება ჯანსაღი კვების რაციონს.

- ორსულობასა და გულის პრობლემებზეც რომ ვისაუბროთ. თუ ქალს დაორსულებამდე გულთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება და შეიძლება თუ არა მისთვის ბუნებრივი მშობიარობა?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. როგორც ვიცით, ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის დამატებითი დატვირთვაა. გართულებების დიდი ნაწილი, რაც ორსულობის პერიოდს შეიძლება ახლდეს, გულთანაა დაკავშირებული. არსებობს შემთხვევები, როდესაც დაორსულება არ შეიძლება, ასევე არსებობს მეორე მოცემულობაც - დაორსულება შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა. კარდიოლოგმა და გინეკოლოგმა ერთად უნდა განსაზღვრონ პაციენტის მდგომარეობა და შეაფასონ რისკები, რომელიც თან ახლავს ორსულობას. რაც შეეხება ბუნებრივ მშობიარობას, ესეც ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როდესაც დაშვებულია ბუნებრივი მშობიარობა, არის შემთხვებები, როდესაც აუცილებელია საკეისრო კვეთა ზედმეტი დატვირთვების თავიდან ასაცილებლად.

- პროდუქტები, რომლებიც ორსულობისას დედამ უნდა მიიღოს, რომ ნაყოფს, ასე ვთქვათ, ძლიერი გული ჰქონდეს?

- ჩავთვალოთ, რომ ეს ერთი ორგანიზმია. დედისგან მიღებული საკვები გადადის სისხლში და ეს სისხლი მიეწოდება ბავშვს. მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა იკვებოს სწორად და ჯანსაღად. ჯანსაღია განაწილებული და ბალანსირებული კვება.

- და ბოლოს, ინფარქტის ძირითადი ნიშნები რომ გვითხრათ და როდის უნდა მივიდეს ადამიანი ექიმთან დაუყოვნებლივ?

- ისევ და ისევ ორსულობასთან მინდა, დავაკავშირო. თითქოს, ორსულობა ის მდგომარეობაა, როდესაც ინფარქტის ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ გვქონია მსგავსი შემთხვევაც - ძლიერი დაძაბვისა და დატვირთვის გამო მოხდა გულის მკვებავი სისხლძარღვის მექანიკური დაზიანება და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება. საბედნიეროდ, პრობლემის ძალიან სწრაფი, დროული დიაგნოსტირება მოხდა, რადგან კლინიკაში ერთ სივრცეშია სამშობიარო და კარდიოლოგიური განყოფილება და პაციენტს არამარტო სიცოცხლე შევუნარჩუნეთ, არამედ პრაქტიკულად ჯანმრთელი გულიც.

რაც შეეხება ინფარქტის ძირითად ნიშნებს, კლასიკური ნიშანი არის ტკივილი გულ-მკერდის შუაში (მკერდის ძვალი), მოჭერისა და სიმძიმის შეგრძნება, სუნთქვის მკვეთრი უკმარისობა - ეს ყველაფერი აუცილებლად ყურადღებამისაქცევია. ზოგადად ნებისმიერი უჩვეულო შეგრძნება-დისკომფორტი გულმკერდში, განსაკუთრებით თუ ის ფიზიკურ ან ემოციურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული, მიგვანიშნებს, რომ დროულად მივმართოთ ექიმს.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს კვებით აშლილობას ბავშვებში და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მათ?

რა იწვევს კვებით აშლილობას ბავშვებში და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მათ?

რა იწვევს კვებით აშლილობას ბავშვებში და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მათ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი.

რა არის კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობა ფსიქიკურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. ეს მდგომარეობა ყოველთვის დაკავშირებულია კვების მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებასთან. კვებითი აშლილობის დროს თავს იჩენს საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ცხადია დროთა განმავლობაში იწვევს, როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ავადმყოფობა ყოველ მე-5 ადამიანში ქრონიკულ სახეს იღებს და ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ ხანგრძლივი დროით ებრძვიან დაავადებისგან გამოწვეულ შედეგებს, მაგალითად, გულსისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მონელებელი, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს. კვებითი აშლილობა სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით ვლინდება ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანებში. თუმცა, სტატისტიკურად, უმეტესად კვებით აშლილობას ვხვდებით მოზარდობისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში.

- რა არის გამომწვევი მიზეზი ბავშვებში?

რაც შეეხება მიზეზებს, სპეციალისტები ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ. ისინი გვთავაზობენ ფართო სპექტრს იმ ფაქტორებისა, რაც შეიძლება იყოს კვებითი აშლილობის გამომწვევი. გამოყოფენ სამ ძირითად ჯგუფს:

  • გენეტიკური - მაღალი ემოციური მგრძნობელობა, ან აზროვნების თავისებურებები, მაგალითად მომატებული დეტალიზაციის სახით;
  • ფსიქოგენური - სტრესული გარემო, დაბალი თვითშფასება, პერფექციონიზმი, მოზარდობის ასაკში ავტონომიისკენ სწრაფვის ტენდენცია;
  • სოციოკულტურული - სოციუმში დამკვიდრებულია გარკვეული ღირებულებები, მაგალითად, ე.წ. სილამაზის სტანდარტი, აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება მოერგოს აღიარებულ სტანტარტს. როდესაც ასეთი მოთხოვნილება სცდება საღ აზრს შესაძლოა ვივარაუდოთ რომ უკვე გარკვეული ჩანასახი არსებობს კვებითი აშლილობის.

- რა სახის კვებითი აშლილობები არსებობს და მათ სიმპტომებზე რომ ვისაუბროთ.

კვებითი აშლილობის რამდენიმე სახეს გამოყოფენ. მათგან საკმაოდ გავრცელებულია ნერვული ანორექსია, რომელიც ძირითადად ვლინდება 14-15 წლის ასაკში. ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მადის დაქვეითებაზე, ეს არის საკუთარი სხეულის, წონის არასწორი, დარღვეული აღქმა. ადამიანს ჰგონია რომ აქვს ზედმეტი წონა და ამის გამო ცდილობს შეზღუდოს საკვები. ნერვული ანორექსიის ძირითადი ნიშანია, როდესაც მოზარდის სხეულის წონის ინდექსი ნორმის ქვემოთ ჩამოდის. ასევე, დამახასიათებელია დაღლილობა, დიეტების და კალორიების დათვლის მიმართ გადამეტებული ინტერესი, ჭარბი ფიზიკური აქტივობა, კვების დროს განმარტოების ტენდენცია, საკუთარი სხეულის კრიტიკულად შეფასება.

ბავშვებში კვებითი ქცევის დარღვევა ორგანიზმისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის, როდესაც ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის დეფიციტშია და ორგანიზმს არ მიეწოდება. გარდა ამისა, ვლინდება სომატური პრობლემები, მაგალითად, საყრდენ-მამოძრავებელი, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული სისტემის, ასევე, ადგილი აქვს თმის ცვენას, სტომატოლოგიურ პრობლემებს, ზრდის შეფერხებას. უმეტეს შემთხვევებში, მკურნალობის შედეგად ეს პრობლემა დაძლევადია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნერვული ანორექსია არის იმ მცირე რაოდენობის ფსიქიკური აშლილობებიდან ერთ-ერთი, რომელსაც აქვს ე.წ ლეტალური გამოსავალი და რთული შემთხვევებიდან 5% სამწუხაროდ ლეტალურ შედეგზე გადის.

კიდევ ერთი სახეობა კვებითი დარღვევისა არის ნერვული ბულემია. ამ დროს ადამიანი ჭარბად იკვებება და საკვების მიღების შემდეგ ცდილობს გაათავისუფლოს საკუთარი კუჭი ხელოვნურად, პირღებინებით. ბულემიის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა დაავადება, მაგალითად, დეპრესია. ამ შემთხვევაში, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ ქცევას, როგორიცაა აბაზანით ხშირად და ხანგრძლივად სარგებლობა. ამასთან, საყურადღებოა სხეულის წონის მკვეთრი ცვლილება, განწყობის უმიზეზოდ ცვალებადობა, თმის ცვენა, ხშირი ვირუსული დაავადებები, ღრძილების ანთება, საყლაპავი მილის დაზიანება, რომელიც ხშირი პიღებინებით არის გამოწვეული.

ასევე, არსებობს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა (Binge Eating Disorder ) . ამ დროს ადამიანი ვერ აკონტროლებს კვების რაციონს და ჭარბად მიღებული საკვების შემდეგ მას ეუფლება სინდისის ქენჯნა, სირცხვილის განცდა. ასეთი აშლილობის შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი.

ზოგჯერ კვებით აშლილობას მიაკუთვნებენ:

  • რუმინაციას (მიღებული საკვების რეგულარულად ამოღება);
  • ჯანსაღი კვებით გატაცებას, თუ ის წონის კლების იდეით არის განპირობებული;
  • ღამით ჭამის სინდრომს;
  • პიკას- როდესაც ხდება საკვებად გამოუსადეგარიან მავნე საკვების მიღებისკენ მიდრეკილება, რომელიც ორგანიზმისთვის საზიანოა;
  • საფაღარათო აშლილობას, რომელსაც ახასიათებს განზრახ ღებინება ან საფაღარათო აბების მიღება.

რაც შეეხება საფრთხეს, რომელსაც კვებითი აშლილობა იწვევს ბავშვებში. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სოციალური იზოლაციისკენ მიდრეკილებას, დადებითი ემოციებისგან თავის არიდებას, დეპრესიისკენ მიდრეკილებას და რთულ შემთხვევაში სუიციდურ აზრებს.

- როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ამ პრობლემას, რას ურჩევდით მშობლებს?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების გულისხმიერებას და დამოკიდებულებას. თუ მათ შეამჩნიეს ბავშვის სულიერი მდგომარეობის ცვლილება, აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს. კვებითი აშლილობის მქონე მოზარდებში მთავარი მანიშნებელი პრობლემისა არის წონის მკვეთი ცვლილება, უმიზეზო დაღლილობა და სისუსტე, შფოთვა საკვების მიღების დროს, თუ ზედმეტად აღელვებს საკუთარი სხეულის ფორმები, მოჭარბებულად იღებს საკვებს ან პირიქით, ზედმეტად არის გატაცებული დიეტებით, ჯანსაღი კვებით და იკვებება იზოლირებულად. ადრეულ ასაკში მშობელი შეიძლება დააკვირდეს ბავშვს აქვს თუ არა საკვების ხანგრძლივად ღეჭვის ჩვევა, ან მყარი საკვების ღეჭვის დროს გულისრევის რეაქცია,ვერ გრძნობს შიმშილს ან მიდრეკილია მუდმივად ჭამისკენ.

როგორც აღვნიშნე, მშობლის ყურადღება არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან თუ მცირეწლოვან ასაკში არ მოაგვარა ეს პრობლემა, შესაძლოა დროთა განმავლობაში სერიოზული ფორმით იჩინოს თავი კვებითმა აშლილობამ.

რაც შეეხება სპეციალისთან კომუნიკაციას, რაც უფრო ადრეულ ასაკში მივმართავთ, მით უფრო მოკლე ვადაში მოხდება პრობლემის აღმოფხვრა. ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია დიაგნოზის სწორად დასმა. ფსიქიატრიაში რომელიმე აშლილობის დიაგნოზის დასმის დროს ხელმძღვანელობენ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით შემოთავაზებული იმ სიმპტომების ჩამონათვალით, რაც მიესადაგება ამა თუ იმ დაავადებას. დიაგნოზის დასმა ხდება ფსიქიატრის მიერ და მკურნალობა არის კომპლექსური. პროცესში ჩართულია ფსიქიატრი, კვებითი სპეციალისტი და ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული ჩარევა, რომლის დროსაც ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰერვიორული თერაპია.

მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად