Baby Bag

რაზე მიგვანიშნებს თუ ბავშვი ადვილად იღლება, ფერს იცვლის ელემენტარული დატვირთვისას, ძილში ფორიაქობს და მოუსვენარია? - ინტერვიუ კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილთან

რაზე მიგვანიშნებს თუ ბავშვი ადვილად იღლება, ფერს იცვლის ელემენტარული დატვირთვისას, ძილში ფორიაქობს და მოუსვენარია? - ინტერვიუ კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილთან

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს გულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რა ძირითადი ნიშნები ახასიათებს ინფარქტს, შეიძლება თუ არა გულის პრობლემების მქონე ქალბატონებისთვის დაორსულება - ამ და სხვა საინტერესო თემებზე Moms.ge კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზურაბ, როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს გულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რა სიმპტომებს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?

- თუ ბავშვი საეჭვოდ ადვილად იღლება თანატოლებთან თამაშის დროს ან ფერს იცვლის ელემენტარული დატვირთვისას, ძილში ფორიაქობს და მოუსვენარია, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ პედიატრთან. იგი ბავშვის მდგომარეობას შეაფასებს და თუ საჭიროდ ჩათვლის, კარდიოლოგთან გადაამისამართებს.

- ტუჩების გალურჯება კავშირშია თუ არა გულის პრობლემებთან. თუ კი, რა სახის პრობლემებზე მიგვანიშნებს?

- ტუჩების გალურჯება შეიძლება, იყოს დაკავშირებული გულის პრობლემასთან, კერძოდ გულის სარქველების დაავადებასთან, რაც ბავშვებში, როგორც წესი, თანდაყოლილია ხოლმე, ასევე გულის კუნთის მოდუნების-ე.წ. მიოპათიის დროს, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. თუმცა ტუჩები, შეიძლება, გალურჯდეს სხვა მიზეზითაც. ამიტომ ამას გამოკვლევა სჭირდება.

- რევმატიზმი და გულის პრობლემები. როგორც ვიცით, ეს პრობლემა ბავშვობის ასაკში იჩენს თავს...

- რევმატიზმი ქსოვილების ანთებითი დაზიანებით მიმდინარე პროცესია, რომელსაც დროულად გამოვლინების და სწორი მკურნალობის შემთხვევაში გართულებები არ მოჰყვება ხოლმე. დიახ, როგორც აღნიშნეთ, უხშირესად ბავშვობის ასაკში იჩენს თავს და ისევ და ისევ პედიატრების ყურადღებამისაქცევია. შემდგომ ისინი გადამისამართდებიან რევმატოლოგებთან, რომლებიც მართავენ ამ პრობლემას. ჩვენთან, კარდიოლოგებთან ხვდებიან უკვე გართულებული გულის პრობლემებით, რომელიც სარქვლოვანი ან გულის კუნთის ანთებითი დაზიანებებით გამოიხატება.

- სანამ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდება ბავშვი, აუცილებელია თუ არა კარდიოლოგთან მიყვანა (თუ არაფერს არ უჩივის)?

- ვერ გეტყვით, რომ ცალსახად აუცილებელია, რადგან ბავშვები, როგორც წესი, პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. სპორტის ნებისმიერ სახეობაში, თუ მწვრთნელი შეამჩნევს საეჭვო ვითარებას ბავშვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაშინაა აუცილებელი მისი მიყვანა სპეციალისტთან.

- შეიძლება თუ არა ბავშვთა კვება კავშირში იყოს შემდეგში გულის დაავადებების განვითარებასთან?

- ბავშვობაშივე დაწყებული არასწორი კვება ცალსახად უარყოფითად აისახება მოზრდილობის ასაკში. არასწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი და რისკფაქტორია ისეთი სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების, როგორიცაა სტენოკარდია, ინსულტი, ინფარქტი და ა.შ.

- რა პროდუქტებს გაუწევთ რეკომენდაციას გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ბავშვებში?

- მნიშვნელოვანია კვების წესი, ანუ განაწილებული და ბალანსირებული კვება, დღეში რამდენჯერმე. კუჭნაწლავის სისტემა არ უნდა გადაიტვირთოს. რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღოს ყველა ბავშვმა, სასურველია კვებითი რაციონი მდიდარი იყოს ხილ-ბოსტნეულით, თუმცა ცილოვან და ცხიმის შემცველ საკვებსაც თავისი აუცილებელი წილი აქვს. ცალსახად აღიარებულია, რომ ე.წ. სწრაფი კვების ობიექტების საკვების უმეტესობა არ მიეკუთვნება ჯანსაღი კვების რაციონს.

- ორსულობასა და გულის პრობლემებზეც რომ ვისაუბროთ. თუ ქალს დაორსულებამდე გულთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება და შეიძლება თუ არა მისთვის ბუნებრივი მშობიარობა?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. როგორც ვიცით, ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის დამატებითი დატვირთვაა. გართულებების დიდი ნაწილი, რაც ორსულობის პერიოდს შეიძლება ახლდეს, გულთანაა დაკავშირებული. არსებობს შემთხვევები, როდესაც დაორსულება არ შეიძლება, ასევე არსებობს მეორე მოცემულობაც - დაორსულება შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა. კარდიოლოგმა და გინეკოლოგმა ერთად უნდა განსაზღვრონ პაციენტის მდგომარეობა და შეაფასონ რისკები, რომელიც თან ახლავს ორსულობას. რაც შეეხება ბუნებრივ მშობიარობას, ესეც ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როდესაც დაშვებულია ბუნებრივი მშობიარობა, არის შემთხვებები, როდესაც აუცილებელია საკეისრო კვეთა ზედმეტი დატვირთვების თავიდან ასაცილებლად.

- პროდუქტები, რომლებიც ორსულობისას დედამ უნდა მიიღოს, რომ ნაყოფს, ასე ვთქვათ, ძლიერი გული ჰქონდეს?

- ჩავთვალოთ, რომ ეს ერთი ორგანიზმია. დედისგან მიღებული საკვები გადადის სისხლში და ეს სისხლი მიეწოდება ბავშვს. მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა იკვებოს სწორად და ჯანსაღად. ჯანსაღია განაწილებული და ბალანსირებული კვება.

- და ბოლოს, ინფარქტის ძირითადი ნიშნები რომ გვითხრათ და როდის უნდა მივიდეს ადამიანი ექიმთან დაუყოვნებლივ?

- ისევ და ისევ ორსულობასთან მინდა, დავაკავშირო. თითქოს, ორსულობა ის მდგომარეობაა, როდესაც ინფარქტის ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ გვქონია მსგავსი შემთხვევაც - ძლიერი დაძაბვისა და დატვირთვის გამო მოხდა გულის მკვებავი სისხლძარღვის მექანიკური დაზიანება და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარება. საბედნიეროდ, პრობლემის ძალიან სწრაფი, დროული დიაგნოსტირება მოხდა, რადგან კლინიკაში ერთ სივრცეშია სამშობიარო და კარდიოლოგიური განყოფილება და პაციენტს არამარტო სიცოცხლე შევუნარჩუნეთ, არამედ პრაქტიკულად ჯანმრთელი გულიც.

რაც შეეხება ინფარქტის ძირითად ნიშნებს, კლასიკური ნიშანი არის ტკივილი გულ-მკერდის შუაში (მკერდის ძვალი), მოჭერისა და სიმძიმის შეგრძნება, სუნთქვის მკვეთრი უკმარისობა - ეს ყველაფერი აუცილებლად ყურადღებამისაქცევია. ზოგადად ნებისმიერი უჩვეულო შეგრძნება-დისკომფორტი გულმკერდში, განსაკუთრებით თუ ის ფიზიკურ ან ემოციურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული, მიგვანიშნებს, რომ დროულად მივმართოთ ექიმს.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით 12 წლის თაკო კონცელიძე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და ახლა საკუთარი ნამუშევრების გაყიდვით სხვა ბავშვებს ეხმარება

გაიცანით 12 წლის თაკო კონცელიძე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და ახლა საკუთარი ნამუშევრების გაყიდვით სხვა ბავშვებს ეხმარება

12 წლის თაკო კონცელიძემ ლეიკემია დაამარცხა და ახლა სხვა ბავშვების დახმარებას ცდილობს, რომლებიც დაავადების დასამარცხებლად იბრძვიან. თაკო ხატავს და ლამაზ აქსესუარებს ამზადებს, რომლებსაც ყიდის, შემოსული თანხით კი ბავშვებს ეხმარება:

„მე ვარ თაკო კონცელიძე, 12 წლის, ვარ ბათუმიდან, ამჟამად ვცხოვრობ რუსთავში. მე ძალიან მიყვარს ხატვა. ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც გავიგე ლეიკემიის შესახებ. ბევრი არაფერი არ ვიცოდი ამ დაავადებასთან დაკავშირებით. არ მჯეროდა, რომ ეს მე დამემართა. განერვიულებული ვიყავი, უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი ყველას. ვხვდებოდი, რომ ეს კარგი საქციელი არ იყო, მაგრამ ჩემდა უნებურად ხდებოდა ეს.

5 წლის ვიყავი, როდესაც წავიქეცი სოფელში, გამიჩნდა სილურჯეები. მივედით ბათუმში, იქ დამიდგინეს ლეიკემია და გადმოგვამისამართეს თბილისის იაშვილის კლინიკაში. ყოველთვის მაძლიერებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები ჩემს გვერდით იყვნენ, ყოველთვის მამხნევებდნენ. ჩემს თავსაც ამიტომ შემოვუძახე, რომ კარგად უნდა გავმხდარიყავი. მკურნალობის დროს მხარში მედგა დედა, მამშვიდებდა, მაწყნარებდა, გულში მიკრავდა, სულ ცდილობდა გავემხიარულებინე, მაგრამ მაინც ცოტა ვნერვიულობდი ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდეს შენი თავის, რომ შეუძლებელი არაფერია. როდესაც ოჯახის წევრები გიდგანან გვერდში, შეუძლებელია, რომ მათ გამო მაინც არ გახდე კარგად.

დაავადებასთან ბრძოლის პერიოდში შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ხელოვნება. იაშვილში ხელოვნების მასწავლებლები გვასწავლიდნენ ხატვას. ძირითადად მიყვარს პორტრეტების ხატვა, მაგრამ პორტრეტებს უფრო ჩანახატებისთვის ვხატავ. რასაც ხშირად ვხატავ არის პეიზაჟები, ბუნება. იაშვილში სტუმრები რომ მოდიოდნენ, წვრილმან საჩუქრებს რომ გვირიგებდნენ, თითოეული საჩუქარი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. მინდა, რომ ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ, როგორიც მე ვიყავი მაშინ. მივხვდი, რომ ჩემი ნახატებითა და დამზადებული აქსესუარების გაყიდვით შემეძლო მათი დახმარება და გაბედნიერება. როდესაც პირველად გავყიდე ნახატი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხვდებოდი, რამხელა ბედნიერებას მივანიჭებდი პატარებს, რომლებიც იაშვილში მკურნალობენ. შემოსულ თანხას ვრიცხავ დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში, რომელიც ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მე ასევე დავეხმარე ჩემს მოსახელე გოგონას, რომელიც ამჯერად თურქეთში მკურნალობს. ვფიქრობ, ჩემ მიერ გადარიცხული ფული დიდი არაფერია, მაგრამ იმედია ეს მათ რაღაცაში დაეხმარება და მათ მალე გამოჯანმრთელებაში ხელს შეუწყობს.

როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ ჯანმრთელი ხარო და გამწერეს, ეს დღე იყო ჩემი დაბადების დღე. უბედნიერესები ვიყავით. უდიდესი ტორტი მივართვით ექიმებს. ჩემი თავის ვირწმუნე, რომ შეუძლებელი არაფერია,“ - თავისი ისტორიის შესახებ თაკო კონცელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად