Baby Bag

უნდა მივცეთ თუ არა ბავშს ხველის წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე?

უნდა მივცეთ თუ არა ბავშს ხველის წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე?

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს ხველის წამლები ექიმის დანიშნულების გარეშე? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„არა! ეს უსაფრთხო არ არის. არც ისაა სწორი, ექიმს დისტანციურად სთხოვოთ ხველის წამლის დანიშვნა. ხველას მიზეზი და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი აქვს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ბრონქოსპაზმი აქვს, ნახველის გამათხევადებელი წამლის დანიშვნამ შესაძლებელია მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. კრუპის სინდრომისათვის დამახასიათებელი ხველის დროს კი წამლის დალევა უშედეგო იქნება, რადგან ის ხორხის შეშუპებაზე არ იმოქმედებს.

ინიშნება თუ არა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს ანტიბიოტიკები?

დიახ, თუ დაავადება ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული. ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა აბსოლუტურად უშედეგოა - ისინი ვირუსებს ვერა, მაგრამ ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას ანადგურებენ, აქვეითებენ იმუნიტეტს, რასაც ხშირი ავადობა, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები მოჰყვება. მრავალი კვლევა ადასტურებს - ანტიბიოტიკის გამოყენება გართულებებს თავიდან ვერ აგვაცილებს, ამიტომ მათი დანიშვნა მაშინ უნდა მოხდეს, როცა ვირუსით გამოწვეული დაავადება ბაქტერიული ინფექციით გართულდება.

სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს უხშირესად ვირუსები იწვევენ. მათი რიცხვი 300-მდეა და წლის მანძილზე სხვადასხვა გამომწვევით დასნებოვნების შანსი საკმაოდ მაღალია. 300 ვირუსს 300 სხვადასხვა სახელი კი აქვს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და გართულებებიც მსგავსი აქვთ - ზედა სასუნთქი გზებიდან ინფექციამ ხორხს ქვევით თუ ჩაინაცვლა, ბრონქიტისა და ფილტვის ანთებამდე აღარაა შორი. სასუნთქი გზები ორ ნაწილად იყოფა-ზედა და ქვედა სასუნთქ გზებად. ხორხზე საზღვარი გადის. მის ქვემოთ ქვედა სასუნთქი გზებია.

როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?

პატარებში ის უხშირესად ცხელებით იწყება, თუმცა შესაძლოა, ტემპერატურის მომატების გარეშეც ჩაიაროს. უმადობა, ჭირვეულობა, ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა - აი, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მთავარი ნიშნები. მართალია, ამ ინფექციებს საერთო ნიშნები აქვთ, მაგრამ ზოგჯერ დაავადების სურათის მიხედვით მათი გამოცნობაც შეგვიძლია. თუ თქვენს პატარას მყეფავი ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა უვლინდება, დიდი ალბათობით დაავადება პარაგრიპის ვირუსითაა გამოწვეული. ბრონქების სპაზმის უხშირესი გამომწვევი რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია. დაავადება, რომელიც მაღალი ცხელებით, სახსრების, თავის, თვალბუდეების ტკივილით იწყება და შემდგომ ხველა ვლინდება, შესაძლოა, გრიპის ვირუსით იყოს განპირობებული.

როგორ ვუმკურნალოთ?

პირველ რიგში, პატარა შინ უნდა დატოვოთ. მისი საბავშო ბაღსა და სკოლაში გაშვება არ შეიძლება, ამით მასაც დაიცავთ გართულებისაგან და მის პატარა მეგობრებსაც - დასნებოვნებისაგან. გახსოვდეთ, მკურნალობის მთავარი პრინციპი თბილი სითხეების მიწოდებაა. შესთავაზეთ ყველაფერი, რაც მას მოსწონს - რძე, ჩაი, თბილი კომპოტი, სუპი. თუ პატარა ძუძუზე გყავთ, ძუძუ უფრო ხშირად უნდა მისცეთ.

გაზომეთ ტემპერატურა

თუ ის 38,5 გრადუსი და მეტია, იზრუნეთ სიცხის დაწევაზე. ამისათვის პირველ რიგში, პარაცეტამოლი აირჩიეთ. სწორედ ამ პრეპარატს მიიჩნევენ ექიმები ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტად ცხელების მართვისათვის. არჩევის მეორე რიგის პრეპარატი იბუპროფენი გახლავთ. გახსოვდეთ, რომ პარაცეტამოლის ორ დოზას შორის მინიმალური შუალედი 4 საათია, იბუპროფენის დოზებს შორის კი 6 სთ. არ დაივიწყოთ სხეულის გაგრილების ფიზიკური მეთოდები - გახადეთ ბავშვს სამოსი, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, შეამშრალეთ და გრილად ჩააცვით. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ - სხეულის გაგრილება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა პატარას მაღალი ცხელება აქვს, მაშინ კი, როცა მას ამცივნებს, სიცხე უწევს, დაზელვა არ შეიძლება. ამ დროს პირიქით, აუცილებლად ჩაათბუნეთ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

რატომ სტკივათ ბავშვებს ძვლები? - ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგ ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვებში ძვლების ტკივილის ერთ-ერთ ხშირ გამომწვევ მიზეზზე ისაუბრა:

„როდესაც ბავშვები იზრდებიან, ძვალი იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე კუნთები და მყესები, რომელიც მასზე არის მიმაგრებული. რაღაც მომენტში დგება დისბალანსი, როდესაც ძვალი დიდია, კუნთები შედარებით დაჭიმული. ის თავისი მიმაგრების ადგილებზე ქაჩავს და იწვევს გარკვეული სახის ტკივილებს. კარგი არის ის, რომ ეს არ არის პათოლოგია, მას არ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.“

„ცუდია ზუსტად ის, რომ მას არ აქვს სპეციფიკური მკურნალობა. კიდევ ერთი, როდესაც ბავშვი მოდის, როგორც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას აქვს ზრდის ტკივილი, მე უნდა გამოვრიცხო ყველა შესაძლო ვარიანტი, ყველა შესაძლო პათოლოგია. თუ იქ ყველაფერი წესრიგშია, მერე ვეუბნები მშობლებს: „თქვენს შვილს ზრდის ტკივილი აქვს.“ ცოტა მეტი სპორტი, ცოტა მეტი აქტივობა, ცოტა მეტი მოთმინება და ეს ყველაფერი გაივლის,“- აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად