Baby Bag

მოცურავე ჩვილები დროულად და ზოგჯერ თანატოლებზე უფრო ადრეც იწყებენ ჯდომას, ხოხვას, სიარულს

მოცურავე ჩვილები დროულად და ზოგჯერ თანატოლებზე უფრო ადრეც იწყებენ ჯდომას, ხოხვას, სიარულს

რატომ არის სასარგებლო ცურვა ჩვილისათვის? - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ევოლუციის პროცესს თუ გავიხსენებთ, იმ ფაქტს, რომ სიცოცხლე წყალში ჩაისახა, იმასაც, რომ ჩვენი სხეულის უდიდესი ნაწილი წყალია და მუცლადყოფნის პერიოდში გარს სანაყოფე სითხე გვაკრავს, სადაც ბედნიერად და უზრუნველად ვცხოვრობთ დაბადებამდე, სულაც არ გაგვიკვირდება, რომ წყალი ჩვენთვის ლამის მშობლიური გარემოა.

​შესაძლებელია თუ არა, ასწავლოთ პატარას ცურვა ადრეულ ასაკში, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ის სიარულს დაიწყებს?!

​დიახ, შეიძლება.

დღეს გიამბობთ, რაში ეხმარება ჩვილს წყლის პროცედურები და როგორ მივაჩვიოთ ის წყალს ადრეული ასაკიდან.

საბავშვო საცურაო აუზში რომ ენით აუწერელი მხიარულებაა, ალბათ დარწმუნებული ხართ. და მაინც, რისთვისაა კარგი ჩვილობის ასაკიდან ცურვა?

​პირველ რიგში, ის ხელს უწყობს ჩვილის ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემების ჰარმონიულ განვითარებას.

ცურვა გაკაჟების საუკეთესო საშუალებაა. ტემპერატურის ცვლილებები პატარას ადაპტაციის პროცესების ფორმირებაში ეხმარება, იწვევს იმუნიტეტის გამყარება-გაკაჟებას, რის გამოც თქვენი პატარა უფრო იაშვიათად იავადებს სასუნთქი გზების ინფექციებით. ის ადრეული ასაკიდანვე შეეჩვევა გარემოს ტემპერატურის ცვლილებებს.

ზომიერი ფიზიკური დატვირთვა საცურაო აუზში ხელს უწყობს გულის კუნთის განვითარებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

ცურვის დროს ვითარდება სასუნთქი მუსკულატაურა და ფილტვები. ცურვა ხომ საუკეთესო სუნთქვითი ვარჯიშიცაა.

ძალიან მნიშვნელოვანია მოტორიკის განვითარების ხელშეწყობა, რისთვისაც ცურვა საუკეთესო სტიმულია. მოცურავე ჩვილები დროულად და ზოგჯერ თანატოლებზე უფრო ადრეც იწყებენ ჯდომას, ხოხვას, სიარულს. უფრო აქტიურებიც არიან და ხალისიანებიც. კარგად უვითარდებათ ბალანსი და კოორდინაცია.

მადა და საკვებზე უარის თქმა ბევრი მშობლის თავის ტკივილია. იცით, რომ ჩვილი, რომელიც ცურავს, უფრო მადიანად მიირთმევს საკვებს?

წყალს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. პატარებს, რომელბიც ცურავენ, უფრო უფრო ღრმად სძინავთ და გაცილებით უფრო მშვიდებიც არიან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცურვა ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს.

თუ თქვენ ადრეული ასაკიდან შეაჩვევთ ბავშვს ფიზიკურ ქტივობას, ჩათვალეთ, რომ დიდი ალბათობით, ეს მისი ცხოვრების წესი გახდება. ასეთ პატრებს არ აქვთ წყლის შიში და საერთოდაც, გაცილებით უფრო დარწმუნებულნი არიან საკუთარ ძალებში.

ცურვას ენერგიის ხარჯვაა და ჭარბი ცხიმის წვა მოჰყვება, ასე, რომ თუ თქვენი პატარა ჭარბი წონისაკენაა მიდრეკილი, ცურვა მისთვის საუკეთესო აქტივობაა.

და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ცურვა (თუ წყალბურთს არ ჩავთვლით), ასე ვთქვათ, სოლო სპორტია, ის სოციალური კავშირების დამყარების საუკეთესო საშუალებაა. საცურაო აუზში ხომ მუდამ საოცარი მხიარულებაა, პატარებიც სწრაფად ეცნობიან თანატოლებს და მშობლებისთვისაც საუკეთესო ადგილია ახალი ნაცნობების შესაძენად.

როდიდან?

სახლში ცურვის მცირე გაკვეთილები 3-4 კვირის ასაკიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. მას შემდეგ, რაც ჭიპი სრულად შეხორცდება. თუმცა საცურაო აუზზე ჩვილის მისაყვანად 3 თვის ზემოთ ასაკი საუკეთესოა, რადგან 2 თვის შემდეგ იხსნება ემბრიონის პოზა, ბავშვი კიდურებს თავისუფლად ამოძარვებს და გაცილებით უფრო აქტიურიცაა.

რა დროს არ უნდა იფიქროთ აუზზე?

გულის თანდაყოლილი მანკები, თირკმლის თანდაყოლილი პათოლოგია, ინფექციური დაავადებები, კანის მწვავე დაავადებები ცურვის უკუჩვენებაა.

როგორ შევარჩიოთ საცურაო აუზი ჩვილისათვის?

პირველ რიგში, აუზი უნდა იყოს სუფთა და ის სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს.

დაუშვებელია ჩვილების ცურვა წყალში, რომელიც ქლორით მუშავდება. ქლორს ბავშვის კანის ადვილად გაღიზიანება და ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია.

საცურაო აუზში წყლის ტემპერატურა 32-33 გრადუსი უნდა იყოს.

საცურაო აუზზე ჩვილებს შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების ინსტრუქტორი უნდა ავარჯიშებდეს.

უპირატესობა ისეთ აუზს უნდა მიანიჭოთ, სადაც პატარებს მუდმივად მეთვალყურეობს ექიმი, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაც დაუყოვნებლად მოხდება და აუზში ჩასვლის წინ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში პატარას აუცილებლად გასინჯავს, - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან არასწორია, როდესაც კონსერვს ობი აქვს მოკიდებული, იმას აშორებენ და შემდეგ ამ კონსევრს მიირთმევენ,“- სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ ზაფხულში კონსერვების მირთმევასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა:

„კონსერვს ყოველთვის აწერია შენახვის პირობები. სათავსო უნდა იყოს მზის სხივებისგან დაცული აუცილებლად. ძალიან ცხელ წერტილში, სადაც მზე ადგება, არ უნდა შევინახოთ. კონსერვები საფრთხილოა და ზაფხულში ნაკლებად სასურველია, რომ მივირთვათ. კიტრის მწნილსაც ზაფხულში უმჯობესია მოვერიდოთ. ჩვენ მაღაზიაში რომ ვიყიდეთ, იმ წამს შეიძლება იდო ბნელ და გრილ ადგილას, მაგრამ არ ვიცით სად როგორ ხვდება ხოლმე. თუ ქილა დაზიანებულია, ასეთი პროდუქტი საერთოდ არ შეიძინოთ. მზის სხივები ხელს უწყობს იმ მავნე ნივთიერებების გამოვლენას, რომლითაც პროდუქტი არის დაკონსერვებული.

სახლში კონსერვების მომზადება საფრთხილო ამბავია ზუსტად იგივე ბოტულინუმის ჩხირის გამო, რომელიც სპორას იქმნის ირგვლივ და დუღილის პროცესშიც შეუძლია გადარჩეს. კონსერვი აუცილებლად უნდა წამოდუღდეს, როდესაც გავხსნით. ის მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაცხელდეს.

გარდა ტოქსინებისა, მნიშვნელოვანია ობის სოკო. ხშირად გამიგია, რომ ობის სოკოს აშორებენ კონსერვს. როდესაც ხსნიან და ხედავენ, რომ ობი აქვს მოკიდებული, იმას აშორებენ და ისე მიირთმევენ. ეს ძალიან არასწორია. როგორც ბოტულინუმი, ასევე ობის სოკო არის საშიში. არსებობს განსაკუთრებით საშიში სოკოები, რომელსაც რამოდენიმე ათასი წელიც კი შეუძლია გაძლოს. მისი ტოქსინები მომშხამავი და მომწამვლელია. შეიძლება მყისიერი რეაქციაც ჰქონდეს ადამიანს,“- მოცემულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად