Baby Bag

„ნუ შეგაშინებთ მაღალი ცხელება - ის გრიპის თანმდევი ნიშანია!“- პედიატრი გრიპის ვირუსზე

„ნუ შეგაშინებთ მაღალი ცხელება - ის გრიპის თანმდევი ნიშანია!“- პედიატრი გრიპის ვირუსზე

როგორ გამოვიცნოთ გრიპი და რას ნიშნავს ლათინური ასოები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, - აღნიშულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები უკვე ​განვიხილეთ. ისიც ვთქვით, რომ მათი რაოდენობა 300-მდეა, მათგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობით და გართულებებით გრიპი ხასიათდება.
ზამთართან ერთად აქტიურდება სწორედ გრიპის ვირუსი, რაც საქართველოში ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული ვრცელდება, პიკით ზამთრის თვეებში.

რას ნიშინავს ლათინურენოვანი ასოები და აბრევიატურები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

არსებობს 3 ტიპის გრიპი. მათ A, B, C ასოებით ავღნიშნავთ. ჩამოთვლილი ვირუსებიდან ეპიდემიებსა და პანდემიებს იწვევს პირველი ორი, მესამე მხოლოდ ერთეულ შემთხვევევებშია ბრალდებული.
A ტიპის ვირუსს ქვეტიპებიც აქვს. ამას განსაზღვრავს ის ცილები, რაც ვირუსების ზედაპირზეა განთავსებული - ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა. მათი ცვლილებები განაპირობებს გრიპის ვირუსის ცვლილებებსაც. შესაბამისად, აბრევიატურები - H1N1 და H3N2 აღნიშნავს A ტიპის ვირუსiს ქვეტიპებს.
არსებობს სეზონური გრიპი და პანდემია.
სეზონური გრიპი სეზონური აფეთქებების სახით ვლინდება ზამთრის თვეებიდან ადრე გაზაფხულის ჩათვლით ზომიერი კლიმატის ქვეყნებში, მის მიმართ მოსახლეობის ნაწილს უკვე აქვს იმუნიტეტი, ამიტომ ეს ვირუსი ფართოდ არ ვრცელდება.
გართულებები ვლინდება ადრეული ასაკის ბავშვებში, მოხუცებსა და იმ პირებში, რომელთაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ.
პანდემიური გრიპი უფრო იშვიათია და პლანეტაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება. მოსახლეობს არ აქვს ამ ვირუსის მიმიმართ იმუნიტეტი. გართულებები შესაძლებელი აღენიშნოს ნებისმიერ ადამიანს და არა მარტო რისკ-ჯგუფებს.
კაცობრიობას ყველაზე მძიმე პანდემია 1918-19 წლებში ახსოვს და ის ისტორიაში „ისპანკის“ სახელწოდებით შევიდა. ბოლო პანდემია პლანეტაზე 2009 წელს აღინიშნა.

როგორ გამოვიცნოთ გრიპი?

დაავადება იწყება მწვავედ თავის, თვალბუდეების, სახსრების ტკივილით, შემცივნებით, მაღალი ცხელებით, რაც უხშირესად 4-5 დღეს გრძელდება, თუმცა ამ სეზონზე შეიმჩნევა ცხელების გაგრელება 6-7 დღემდეც.
ხშირად დამახასიათებელია ცხელების ორფაზიანი მიმდინარეობა - ერთდღიანი ნათელი, უსიცხო პერიოდის შემდეგ ცხელება კვლავ განახლდება.
აღნიშნულს თან ერთვის ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ძლიერი სისუსტე, ცხვირიდან სისხლდენა, მიდრეკილება წნევის დაქვეითებისა და გონების დაკარგვისაკენ.
უხშირესი გართულებები ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს კრუპის სინდრომი, მწვავე ბრონქიტი, პნევმონია.

უმკურნალეთ გრიპს ბინაზე

მიეცით თბილი სითხეები გაზრდილი რაოდენობით;
საჭირო შემთხვევაში ექიმი ეფექტურ ანტივირუსულ პრეპარატს დანიშნავს;
მართეთ ცხელება 38,5 და მეტი ტემპერატურის არსებობისას, ამ მიზნით გამოიყენეთ პრეპარატების ორი ჯგუფი - პარაცეტამოლი და იბუპროფენი;
ნუ შეგაშინებთ მაღალი ცხელება - ის გრიპის თანმდევი ნიშანია!
იმ შემთხვევაში, თუ შენიშნეთ გახშირებული სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ბავშვი ვერ იღებს სითხეებს, აღებინებს კვების და /ან სითხეების ყველა მიღების შემდეგ, აქვს გამოხატული ძილიანობა, კრუნჩხვა, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ საავადმყოფოს.

დაიცავით საკუთარი თავი და პატარები

არ გაუშვთ ბავშვი საბავშვო ბაღსა და სკოლაში, რითაც დაიცავთ თქვენს პატარას გართულებებისაგან, მის სხვა თანატოლებს კი ინფიცირებისაგან;
ხშირად დაიბანეთ ხელები;
დღის მანძილძე ხშირად განიავეთ ოთახები;
არ გამოიყენოთ ავადმყოფის პირადი ნივთები - ჭურჭელი, პირსახოცი, ცხვირსახოცი;
გამოიყენეთ დამცავი ნიღაბი;
გახსოვდეთ, გრიპის ყველაზე საუკეთესო პროფილაქტიკა ვირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციაა, რაც რეკომენდებულია ჩატარდეს გრიპის სეზონის დადგომამადე,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად