Baby Bag

როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს - პედიატრის რეკომენდაცები

როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს - პედიატრის რეკომენდაცები

როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს? - აღნიშნულ კითხვას პედიატრი თამარ ობგაიძე ​პასუხობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

პატარებს მუდამ ახსოვთ, რომ მათ ჩუტყვავილა, მწვანე კოპლებიანი ინფექცია გადაიტანეს - ყველაზე ხშირად ხომ სწორედ ბრილიანტის მწვანის ხსნარით უმუშავებდნენ გამონაყარს?!

ჩუტყვავილა ჰერპესვირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ჰაერ-წვეთივანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. დაავადება უხშირესად ცხელებით, სისუსტით იწყება, რასაც თან სდევს სხვადასხვა ტიპის გამონაყრის განვითარება - ლაქოვან გამონაყართან ერთად ვითარდება ბუშტუკები, ეროზიული ზედაპირები, კანიდან ამობურცული ელემენტები, რაც სახეზე, სხეულზე, თავის თმიან ნაწილზე, კიდურებზე ვრცელდება. გამოყრა ტალღურად ხდება, რასაც ტემპერატურის მომატებაც ახასიათებს. გამონაყარს ქავილი სდევს თან. 1 კვირაში ცხელება ქრება, გამონაყრის ყველა ელემენტი ფუფხით იფარება, რომლებიც თანდათან ძვრება.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველესად, პედიატრს მიმართეთ, რათა სწორი დიაგნოზი დაისვას და შესაბამისი რჩევა-დარიგებებიც მიიღოთ.

​ყურადღება მიაქციეთ კანის ჰიგიენას. პატარა ყოველდღე დაბანეთ, ოღონდ ღრუბლის გამოყენების გარეშე, რომ გამონაყარი არ გააღიზიანოთ და გამონაყრის ელემენტები ექიმის მიერ მითითებული ანტისეპტიკური ხსნარით დაამუშავეთ.

ეცადეთ, ბავშვმა გამონაყარი არ მოიქავოს და ამ გზით ინფექცია არ შეიტანოს კანში. ხშირად გამოუცვალეთ შიდა და ლოგინის თეთრეული.

​ჩუტყვავილას უხშირესი გართულებებია კანის ინფექციები. საშიშ გართულებათა რიგს მიეკუთვნება ენცეფალიტი.

​გახსოვდეთ! თუ პატარას ჩუტყვავილას ფონზე ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, კრუნჩხვა, მაღალი ცხელება გამოუვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცრუ სტერეოტიპია გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში, თუ დაუბუჟდათ ხელი, პირველ რიგში კარდიოლოგს მიმართავენ,“ - ნევროლოგი მადონა სეხნიაშვილი

„ცრუ სტერეოტიპია გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში, თუ დაუბუჟდათ ხელი, პირველ რიგში კარდიოლოგს მიმართავენ,“ - ნევროლოგი მადონა სეხნიაშვილი

​​ნევროლ​ოგი მადონა სეხნიაშვილი ხელების დაბუჟების პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული სიმპტომი უმეტესად ნერვის პრობლემებზე მიგვანიშნებს:

„ტკივილს და დაბუჟებას აქვს დამცველობითი ფუნქცია. ის გვაფრთხილებს, რომ გარკვეულ პოზიციაში ნერვი არ არის კომფორტულად. ასეთ დროს უნდა შევიცვალოთ პოზიცია. ხელების დაბუჟება უხშირესად ნერვის ბრალია. ხელების დაბუჟება არის შეგრძნება, რომელსაც ნერვული კაბელი აღიქვამს. დაბუჟების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ უხშირესად ეს უნდა იყოს ნერვის პრობლემა. ცრუ სტერეოტიპია გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში, თუ დაუბუჟდათ ხელი, მიმართავენ პირველ რიგში კარდიოლოგს, ​აკონტროლებენ სისხლის ​შედედების პრობლემას. თუ ეს სისხლის შედედების პრობლემაა, რატომ არის მხოლოდ ერთი ხელისთვის ეს სისხლი ბლანტი და რატომ არ არის მეორე კიდურისთვის? უფრო კრიტიკულად თუ მივუდგებით, ცალ მხარეს, კონკრეტულად რომელიმე ადგილში დაბუჟება ყოველთვის ასოცირდება ნერვის რაიმე სახის პათოლოგიასთან.“

მადონა სეხნიაშვილის თქმით, დაბუჟებას უხერხულ პოზაში ხანგრძილვად ყოფნა იწვევს:

„თუ მთელი ხელის დაბუჟებაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში მხრის წნულის პრობლემაა. სავარაუდოდ ხდება მხრის წნულის მოჭყლეტვა. დღის განმავლობაში ჩვენ თუ ​უხერხულ პოზიციაში გვიდევს ხელი და დაგვიბუჟდა, რა თქმა უნდა, შევიცვლით პოზიციას. ძილის დროს ამას ვერ ვაკონტროლებთ. შესაბამისად, ძილის პროცესში კიდური შეიძლება ხანგრძლივად იყოს კომპრესირებული. ამ დროს ნერვს უფერხდება სისხლის მიმოქცევა, ის განიცდის იშემიას, სისხლნაკლებობას. ეს საკმაოდ უსიამოვნოა, თუმცა საშიშს ვერ დავარქმევთ. მნიშვნელოვანია იშემიის ხანგრძლივობა, ანუ რამდენ ხანს იყო ნერვი სისხლის მიმოქცევის გარეშე.“

მადონა სეხნიაშვილი თანამედროვე სამყაროში ყველაზე გავრცელებული ნეიროპათიის, მაჯის არხის სინდრომის შესახებ საუბრობს:

„დაბუჟებული ხელის სინდრომს სხვაგვარად შეყვარებულთა დამბლასაც ეძახიან. როდესაც შეყვარებულები ჩახუტებულები წვანან, პარტნიორის თავმა, შესაძლოა, მიაჭყლიტოს ნერვი მეორე პარტნიორის მხარზე. მსგავს ნეიროპათიებს შორის ყველაზე ხშირი არის მაჯის არხის სინდრომი. ამ დროს შუათანა ნერვი იჭყლიტება მაჯის გვირაბის მონაკვეთზე. ეს მდგომარეობა ასოცირებულია თითების განმეორებად მოძრაობასთან, მაგ. კომპიუტერთან ხანგრძლივად ბეჭდავთ, ქსოვთ. ამ დროს მაჯის მონაკვეთზე ზიანდება ნერვი. მაჯის გვირაბის დროს პაციენტებს ვურჩევთ ძილის განმავლობაში მაჯის ფიქსატორის გამოყენებას.“

„ნერვის მოჭყლეტვაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩივილები არის დაბუჟებასა და სისუსტეზე. პირველ რიგში ​ტკივილი იჩენს ხოლმე თავს და მოგვიანებით ერთვება დაბუჟება,“ - აღნიშნავს მადონა სეხნიაშვილი.

წყარო:​ სხვა შუადღე

წაიკითხეთ სრულად