Baby Bag

როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს - პედიატრის რეკომენდაცები

როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს - პედიატრის რეკომენდაცები

როგორ მოვიქცეთ ჩუტყვავილას დროს? - აღნიშნულ კითხვას პედიატრი თამარ ობგაიძე ​პასუხობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

პატარებს მუდამ ახსოვთ, რომ მათ ჩუტყვავილა, მწვანე კოპლებიანი ინფექცია გადაიტანეს - ყველაზე ხშირად ხომ სწორედ ბრილიანტის მწვანის ხსნარით უმუშავებდნენ გამონაყარს?!

ჩუტყვავილა ჰერპესვირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ჰაერ-წვეთივანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. დაავადება უხშირესად ცხელებით, სისუსტით იწყება, რასაც თან სდევს სხვადასხვა ტიპის გამონაყრის განვითარება - ლაქოვან გამონაყართან ერთად ვითარდება ბუშტუკები, ეროზიული ზედაპირები, კანიდან ამობურცული ელემენტები, რაც სახეზე, სხეულზე, თავის თმიან ნაწილზე, კიდურებზე ვრცელდება. გამოყრა ტალღურად ხდება, რასაც ტემპერატურის მომატებაც ახასიათებს. გამონაყარს ქავილი სდევს თან. 1 კვირაში ცხელება ქრება, გამონაყრის ყველა ელემენტი ფუფხით იფარება, რომლებიც თანდათან ძვრება.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველესად, პედიატრს მიმართეთ, რათა სწორი დიაგნოზი დაისვას და შესაბამისი რჩევა-დარიგებებიც მიიღოთ.

​ყურადღება მიაქციეთ კანის ჰიგიენას. პატარა ყოველდღე დაბანეთ, ოღონდ ღრუბლის გამოყენების გარეშე, რომ გამონაყარი არ გააღიზიანოთ და გამონაყრის ელემენტები ექიმის მიერ მითითებული ანტისეპტიკური ხსნარით დაამუშავეთ.

ეცადეთ, ბავშვმა გამონაყარი არ მოიქავოს და ამ გზით ინფექცია არ შეიტანოს კანში. ხშირად გამოუცვალეთ შიდა და ლოგინის თეთრეული.

​ჩუტყვავილას უხშირესი გართულებებია კანის ინფექციები. საშიშ გართულებათა რიგს მიეკუთვნება ენცეფალიტი.

​გახსოვდეთ! თუ პატარას ჩუტყვავილას ფონზე ძილიანობა, ზოგადი სისუსტე, კრუნჩხვა, მაღალი ცხელება გამოუვლინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად