Baby Bag

„ფილტვების ანთების დიაგნოსტირება ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს“

„ფილტვების ანთების დიაგნოსტირება ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს“

როგორ მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ქვეყანაში სეზონური გრიპის აფეთქებაა, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გართულება პნევმონიაა. პნევმონია ანუ ფილტვის ქსოვილის ანთება სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ბავშვთა ასაკში, ძირითადად გვხვდება, როგორც ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების გართულება.

წარმოშობის მიხედვით ორი ტიპის პნევმონიას ვარჩევთ - საზოგადოებაში შეძენილს და საავადმყოფოსშიდა ინფექციას. ეს უკანასკნელი ვითარდება ჰოსპიტალიზაციის დროს კლინიკაში არსებული რომელიმე მიკრობის ზეგავლენით. პნევმონიას, როგორც ზოგადად, სასუნთქი გზების ინფექციებს, ახასიათებს ხველა, ცხელება, თუმცა მხოლოდ ამ ნიშნებით მასზე ეჭვის მიტანა ძნელია. დაავადების დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს. ამისათვის დათვალეთ სუნთქვის სიხშირე.

როგორ დავთვალოთ სუნთქვა?

სუნთქვის აქტი ორი ფაზისაგან შესდგება - შესუნთქვა და ამოსუნთქვა. ამ ორი ფაზის დათვლით ვიღებთ 1 სუნთქვით აქტს.
უკვე გიამბეთ, რომ ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად სუნთქავენ. პნევმონიის დროს სუნთქვის სიხშირე კი განსაკუთრებით მატულობს.
სუნთქვა აუცილებლად მშვიდ მდგომარეობაში უნდა დათვალოთ, რადგან მოძრაობისას ის ხშირდება. აუცილებლად დათვალეთ 1 წუთის მანძილზე სრულად, რადგან ბავშვებში სუნთქვა არიტმულია.

გადაუდებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი პატარას სუნთქვის სიხშირე 1 წუთის მანძილზე არის:

2 თვემდე - 60 და მეტი
2 თვიდან 1 წლამდე - 50 და მეტი
1 დან -2 წლამდე - 40 და მეტი
2 -დან 5 წლამდე 30 და მეტი
სუნქვის გახშირება ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების, მათ შორის პნევმონიის, ასევე ბრონქოსპაზმის მთავარი ნიშანია და ამიტომ დახმარებისათვის ექიმს დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უნდა გაასინჯოთ ჩვილს თავდაპირველად მწვანე ან ყვითელი ფერის ვაშლი? - პედიატრი გირჩევთ

რატომ უნდა გაასინჯოთ ჩვილს თავდაპირველად მწვანე ან ყვითელი ფერის ვაშლი? - პედიატრი გირჩევთ
რატომ უნდა გაასინჯოთ ჩვილს თავდაპირველად მწვანე ან ყვითელი ფერის ვაშლი? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობს მის ​ბლოგს უცვლელად:

,,ვაშლი, ალბათ, მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხილია, უამრავი ჯიშით, ფართო გავრცელებით. უმიც, მოშუშულიც, წვენის, პიურეს, თუ ნამცხვრის შემადგენლობაში, გემრიელი და სასარგებლოა.

წარმოშობით ცენტრალური აზიიდანაა, სადაც მისი ველური წინაპარი Malus sieversii ახლაც იზრდება.

ვაშლის შესახებ მთავარი ხუმრობა გეცოდინებათ - სამმა ვაშლმა შეცვალა სამყარო დასაბამიდან დღემდე - სამოთხის, ნიუტონის და სტივ ჯობსის.

არის კიდევ ერთი ცნობილი გამოთქმა ვაშლის შესახებ - ის გასული საუკუნიდან მოდის და უელესელებს ეკუთვნით - ,,ერთი ვაშლი დღეში და ექიმი არ დაგჭირდება! “

ჰოდა, მოდი, სწორედ ამ მიმართულებით გავშლი ჩემს ბლოგს ვაშლის შესახებ.

აი, ვაშლის საარგებლო ქიმია:

  • ვაშლის მთავარი შემადგენელი მარონუტრიენტები წყალი და ნახშირწყლებია. თუმცა ნახშირწყლები მარტივი შაქრებიითაა წარმოდგენილი (გლუკოზა, ფრუქტოზა, სუკროზა), ვაშლის გლიკემიური ინდექსი არ არის მაღალი
  • სავსეა C ვიტამინით
  • შეიცავს საკვები ბოჭკოების დიდ რაოდენობას, რაც ნაწლავური მიკროფლორის ზრდისა და განვითარებისათვის სჭირდება, ეს ნივთიერებები ყაბზობის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა
  • ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებენ, რომ ვაშლის შემადგენლობაში არსებულ ანტიქსიდანტებს, განსაკუთრებით, ქვერცენტინს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. განსაკუთრებით აქტუალურია ეს კავშირი მსხვილი ნაწილავის კიბოს შემცირებულ რისკთან
  • 2019 წელს გამოქვეყნებული ექსპერიმენტული კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნივთიერებებს ნერვული უჯრედების - ნეირონების დაცვა შეუძლიათ. შეგახსნებთ, რომ ნეირონები ის უჯრედებია, რომელთაც დაზიანების შემდეგ აღდგენის ან ახლით ჩანაცვლების უნარი არ აქვთ
  • ვაშლი შეიცავს კალიუმს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მიკრონუტრიენტია
  • რკინა ის ნივთიერებაა, ურომლისოდაც ჰემოგლობინი არ სინთეზირდება. ამიტომ ვაშლი რკინადეფიციტური ანემიების პროფილაქტიკისათვის საუკეთესო საკვებია.
  • ვაშლის შემადგენლობაშია K ვიტამინი, რომელიც სისხლის შედედების პროცესებში მონაწილეობს

გახსოვდეთ, რომ ვაშლის მიღება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს მუცლის ტკივილის და გაზების დაგროვებას იწვევს ფერნეტირებადი ორიგო, მონო- და დისაქრიდების შემცველობის გამო, ამიტომ ასეთ შემთხვევაში თქვენს პედიატრთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ

ვაშლის კანის ფერადოვნებას მის კანში ფლავანოიდების და ანთოციანების მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს. რაც უფრო მკევთრი ფერისაა ვაშლი, მით მეტია მასში პიგმენტები, რაზეც შეიძლება პატარას ალერგია ჰქონდეს.

ამიტომ, როცა ჩვილისათვის ვაშლს არჩევთ, თავდაპირველად გირჩევთ, მწვანე ან ყვითელი ფერის ვაშლი შეარჩიოთ. მისი შეტანა რაციონაში 6 თვიდან შეგიძლიათ, როცა ძუძუ უკვე აღარ აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას საკვებ ინგრედიენტებზე და დამატებით კვებას იწყებთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშლი, ისევე როგორც ყველა ახალი საკვები, მცირე დოზებით უნდა დაიწყოთ და ბავშვის რეაქციას დააკვირდეთ.

მოკლედ, უელსელებმა იქნებ ცოტა უტრირებაც გააკეთეს, მაგრამ ვაშლი მართლა ძალიან სასარგებლო ხილია და აუცილებლად შეიტანეთ თქვენი პატარას რაციონში.


თქვენი ექიმი ჯანმრთელობას გისურვებთ!​''  - აღნიშნავს პედიატრი. 

წაიკითხეთ სრულად