Baby Bag

​რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება

​რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება

რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი და რა საფრთხეს შეიცავს მისი დიდი რაოდენობით მიღება, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„გემრიელ, წვნიან, არომატულ ციტრუსზე უნდა მოგიყვეთ, რომლის ისტორია ჩინეთიდან იწყება. ჩინელებს დღესაც აქვთ ტრადიციად, საახალწლოდ ერთმანეთს ორი მანდარინი აჩუქონ სიმდიდრისა და კეთილდღეობის სურვილებით.

ეს ხილი სწორედ მაშინ მწიფდება, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ვიტამინები - ზამთარში!

იცით, რატომაა მანდარინი ასეთი არომატული? მისი კანი დიდი რაოდენობით ეთერზეთებს შეიცავს. არომატის გარდა ამ ეთერზეთს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

ძველი მკურნალების რეცეპტებში ხშირად შეხვდებით მანდარინის ქერქს. გაციების დროს მანდარინის გახეხილი ქერქის ცხელ ჩაიში შერევა, ამ რეცეპტების მიხედვით, ნახველის გათხევადებას, ხველის შემცირებას და სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.

და თანაც მანდარინი ფიტონციდების წყაროა. ეს ნივთიერებები ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, რომელთაც ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება შეუძლიათ.

ზამთრის პირობებში მანდარინი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, ის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას ანუ C ვიტამინს შეიცავს, შეგახსენებთ, გარდა იმუნურ რეაქციებში მონაწილეობისა, ის აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის; აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას; აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

ასკორბინის მჟავას გარდა მანდარინი დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, კალიცუმს, ფოფსორს, კალიუმს შეიცავს. და კიდევ, ის ზამთარში D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.

ეს მზისფერი ციტრუსი აქტიურ ფლავონოიდებს შეიცავს, რომელებიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას უწობენ ხელს, ზრდიან კაპილარების ელასტივობასა და კედლის სიმტკიცეს.

მანდარინი ყველასთვის სასარგებლო არ არის. თუ თქვენს პატარას კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები აქვს, მით უფრო კუჭის მომატებული მჟავიანობის ფონზე, მანდარინის მიცემა რეკომენდებული არ არის.

მას ბავშვის კუჭ-ნაწლავის ამომფენი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.

როდიდან გავასინჯოთ ბავშვს მანდარინი?

წლამდე მისი მიცემა არ ღირს. 1 წლის შედმეგ კი ფრხთილი დეგუსტაციით უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად 2-3 მლ მანდარინის წვეთი გაასინჯეთ. თუ ბავშვს ალერგია არ გამოუვლინდა, შეგიძილიათ მშვიდად მისცეთ.

უმადო პატარების დედების საყურადღებოდ - მანდარინს მადის აღძვრა შეუძლია!

ზომიერება აუცილებელია. მანადრინის დიდი რაოდენობიოთ მიღებისას ორგანიზმში კაროტინი გროვდება, რაც პატარას კანის გაყვითლებას იწვევს,“- წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა საკვები პროდუქტები შევთავაზოთ პატარებს ზაფხულში?

რა საკვები პროდუქტები შევთავაზოთ პატარებს ზაფხულში?
რა საკვები პროდუქტები შევთავაზოთ პატარებს ზაფხულში და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? - ამ და სხვა თემებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.
- პატარები ხშირად, სიცხეში საკვებზე უარს ამბობენ (განსაკუთრებით, ცხელ წვნიანებზე და ხორცზე), როგორ მოვიქცეთ, რათა მიიღონ მათთვის აუცილებელი პროდუქტები?
- ზაფხულში ბავშვის კვება რამდენადმე იცვლება. კვების თავისებურებას განაპირობებს მაღალი ტემპერატურა და მზის აქტიური გამოსხივება, რაც პატარას ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ცვლილებებს იწვევს. სიცხეში ბავშვს მადა უქვეითდება - წყალი, გაზიანი სასმელი, ნაყინი, მისთვის ყველაზე სასურველი პროდუქტი ხდება. აუცილებლად უნდა მივიღოთ ზომები, რომ ამ გემრიელმა სასუსნავებმა ბავშვის ძირითადი საკვები არ ჩაანაცვლოს. ორგანიზმი ხომ ზაფხულშიც ისევე იზრდება და საჭიროებს სასარგებლო ნივთიერებებს, როგორც წელიწადის სხვა დროში. ამიტომ ზაფხულში ბავშვის კვების ხასიათი მისი ორგანიზმის მოთხოვნილებებს და შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს.
- რა შეიძლება შევთავაზოთ ბავშვებს ზაფხულში, გემრიელიც რომ იყოს და სასარგებლოც?

- თუ პატარა ძუძუთი კვებაზეა:
დედამ თავად უნდა აკონტროლოს საკუთარი კვების რაციონი. აუცილებლად უნდა მიიღოს ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, მცენარეული და ცხოველური ცხიმები (მარგარინის გარდა), ასევე ბურღულეული, პური, მაკარონი, ახალი ხილი, ბოსტნეული და ტკბილეული, ამავდროულად, ყველა მეძუძურ დედას უნდა ახსოვდეს, რომ რაციონალურად კვება, გადაჭარბებულად კვებას არ ნიშნავს, და ყველაფერი, რასაც ისინი მიიღებან საკვების სახით, რძის შემადგენლობაზე აისახება. ამიტომ კულინარიული ექსპერიმენტები და ეგზოტიკური კერძების დაგემოვნება უმჯობესია, სამომავლოდ გადაიდოს.
თუ ბავშვი უფროსებთან ერთად უზის სასადილო მაგიდას:
ცხიმების წილად მოდის საკვების ენერგეტიკული ღირებულების 27-28%, ამიტომ ცხიმის შემცველი საკვების არსებობა პატარის რაციონში აუცილებელია. ხშირად ბავშვები უარს ამბობენ ცხელ წვნიანზე და ხორცზე. ასეთ შემთხვევებში, ბავშვის კვების რაციონში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ რძის და რძემჟავა პროდუქტები. შესთავაზეთ ქათმის უცხიმო ხორცი, თევზი, კურდღლის ხორციც. 3 წლიდან შესაძლებელია ბავშვს ზღვის პროდუქტებიც შევთავაზოთ, თუ მას ალერგია არ აქვს. ასევე, შეგიძლიათ კვების რაციონში ჩართოთ მცენარეული ზეთით შეზავებული ბოსტნეულის სალათები, შეგიძლიათ გამოიყენოთ მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის ზეთები, ისინი აქტიურად მონაწილეობენ ცხიმოვან ცვლაში.
ზაფხულობით ბავშვის ორგანიზმი ხშირად განიცდის ვიტამინების ნაკლებობას. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ორგანიზმი ხარჯავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს. გაძლიერებული ოფლიანობა, ვიტამინებთან ერთად, ორგანიზმს მინერალურ მარილებსა და მიკროელემენტებსაც აკარგვინებს, ამიტომ ზაფხულის პერიოდში აუცილებელია ბავშვის კვების რაციონში ჩაირთოს ახალი ხილი და კენკრა. სეზონური ბოსტნეული შესაძლებელია, ბავშვს მივაწოდოთ საუზმეზე, სადილად ან ვახშმად. უხვად შეაზავეთ მწვანილით (კამა, ოხრახუში, პიტნა, ხახვი, წითელი ბულგარული). ბოსტნეულის სალათების მწვანილით შეზავება სასარგებლოცაა, პიკანტურ გემოს მატებს კერძს, რაც მთავარია, აუმჯობესებს მადას და ბავშვს გემოვნებას უყალიბებს. ხშირად დაუმზადეთ ხილის და კენკრის პიურე, წვენები, კისელი, მწვანე ჩაი, ეს ყველაფერი ვიტამინებით მდიდარიცაა და ზაფხულში შესანიშნავად შეგიცვლით საკონდიტრო ნაწარმს. ხილი და ბოსტნეული უმი სახითაც უნდა შესთავაზოთ. პროდუქტი კარგად გარეცხეთ და ეცადეთ, ერთი საათი ცივ წყალშიც გააჩეროთ, ამით პროდუქტში არსებულ ნიტრატებს გაანეიტრალებთ. მოარიდეთ პატარა ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს - ტკბილეულს, ცომეულს, საკონდიტრო ნაწარმს. მათი ჭარბი მიღება ვიტამინებისა და ცილების უკმარისობას განაპირობებს. თუმცა გადაჭარბებას არ გირჩევთ, ნუ დაივიწყებთ, ალერგიას მარწყვთან მიმათებაში, ნურც ეგზოტიკურ ხილს მიეძალებით. გახსოვდეთ, ყველაზე მეტი სარგებლობა იმ ხილსა და ბოსტნეულს მოაქვს, რომელიც ბავშვისთვის ჩვეულ კლიმატურ ზონაშია მოყვანილი.
- რამდენი საათი უნდა იყოს კვებათა შორის შუალედი?

​- კვებათა შორის შუალედები 3,5-4 საათი უნდა იყოს. 3 წლიდან კი ეს ინტერვალი 5 საათამდე შეიძლება გაზარდოთ. ეცადეთ, რომ ბავშვმა ვახშამი დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა მიიღოს, მშვიდად დაძინება რომ შეძლოს.

ზაფხულობით ბავშვმა მეტი წყალი უნდა დალიოს, ვიდრე გრილ სეზონზე. სუფთა წყლის გარდა, რეკომენდებულია ახალგაწურული და წყლით გაზავებული წვენებიც. ტკბილი და გაზიანი სასმელი წელიწადის არცერთ დროს არ არის სასურველი, მით უმეტეს ზაფხულში წყურვილის მოსაკლავად მათი გამოყენება არ შეიძლება.

​გაითვალისწინეთ, რომ სიცხეში ყველა პროდუქტი სწრაფად ფუჭდება. მცირდება მათში ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობა, ამიტომ ბავშვს მხოლოდ ახალგაკეთებული კერძები აჭამეთ. დაიცავით კვების რეჟიმი, მისი წყალობით ბავშვის კუჭის წვენი ზუსტად საჭირო დროს, საკვების მიღებისას გამოიყოფა. ეს რეფლექსური მოვლენაა, ამიტომ ბავშვს ერთსა და იმავე დროს უნდა აჭამოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მადა დაეკარგოს ან მონელების პრობლემა ჩამოუყალიბდეს.
- უნდა დავაძალოთ თუ არა რაიმე საკვების, თუკი კატეგორიულ უარს ამბობს?
- რაც შეეხება საკვების დაძალებას, ამაზე ადრეც გესაუბრეთ და ახლაც მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ​ყველა ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. კვების რაციონის სწორი ორგანიზებით, თქვენ ძალიან კარგად შეძლებთ სრულყოფილად უზრუნველყოთ მოზარდი განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით, მთავარია თქვენი ძალისხმევა და საკითხისადმი მშვიდი, გაწონასწორებული მიდგომა.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად