Baby Bag

„3 წლამდე ასაკის ბავშვი 24 საათიანი ჰიპერთერმიის შემდეგ აუცილებლად აჩვენეთ ექიმს“

„3 წლამდე ასაკის ბავშვი 24 საათიანი ჰიპერთერმიის შემდეგ აუცილებლად აჩვენეთ ექიმს“

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„გრიპის ვირუსი მკვეთრი აქტივაციის ფაზაში შედის და არამარტო გრიპის ვირუსი, ვხვდებთ აგრეთვე ადენო, რინო, პარაგრიპი, კოკსაკის ვირუსებს, რომელთაც განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვთ.

თუ ტემპერატურა მატულობს 40 გრადუსამდე, იწევს შემცივნებით, ახასიათებს ყელის ტკივილი, ოსსალგია, ართრალგია (ძვლების და სახსრების ტკივილი) თავის ტკივილი, ღებინება,ზოგჯერ ძლიერი აბდომინალური ტკივილი (მუცლის ტკივილი) ხშირად ზოგადი მშრალი ლორწოვანები (არც ცხვირიდან გამონადენი, არც ხველა) - ეს სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს მესამე დღიდან, ლეთარგიული მდგომარეობა (პაციენტს სულ ეძინება) ტემპერატურა პრაქტიკულად ვერ ან რთულად ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს...ეს უკვე გრიპია. 

დღეს ძირითადად ვხვდებთ B ტიპის გრიპის ვირუსს (ლაბრატორიული ტესტებით) სეზონურ გრიპს რომ ვეძახით, თუმცა გრიპი გრიპია, ყველაზე ვერაგი რესპირატორულ ვირუსებს შორის! 

A ტიპის ვირუსი უფრო ხშირად იძლევა გართულებებს, რადგან მას შეუძლია შეიცვალოს ანტიგენური სტრუქტურა, კვლავ შებრძანდეს ორგანიზმში ახალი სმოკინგით და ნიღბით, რომელსაც ვეღარ ცნობს დასუსტებული ორგანზმი,კვლავ იწყებს იმუნური სუსტემა ბრძოლას და გართულებებიც იწყება...პანიკაშია საზგადოება,ყველაზე მეტად ტემპერატურა გვაშინებს,რომელიც ხშირად არ გეპუებათ იმიტომ, რომ ორგანიზმი ტემპერატურის მეშვეობით ებრძვის გრიპის ვირუსს... 

3 წლამდე ასაკის ბავშვი, უკვე 24 საათიანი ჰიპერთერმიის შემდეგ აუცილებლად აჩვენეთ ექიმს, ხოლო ყველა დანარჩენი ასაკი, 72 საათიანი ჰიპერთერმიის შედეგ აუცილებლად მიბრძანდთ ვიზიტზე ოჯახის ექიმთან, ან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახეთ...

სახლის პირობებში, სანამ ექიმი გნახავთ, მიეცით ბავშვს ანტიპირეტული (სიცხის დამწევი) საშუალება, ჯობია გაორმაგებული დოზით, ვიდრე ხშირად, გააგრილეთ ბავშვი თუ გადახურებულია. თუ გაყინული აქვს ხელ-ფეხი, ესე იგი ტემერატურა ჯერ კიდევ ზევით იწევს და ამიტომ დაათბუნეთ...

შეგიძლიათ, გამოიყენოთ დაზელვა ოთახის ტემერატურის წყლით, გამდნარი კარაქით, თავზე კომბოსტოს ფურცელი დაადეთ, მიაღებინეთ დიდი რაოდენობით სითხე, ჩაი (ცაცხვი, გვირილა, ჟოლო, ჯანჯაფილი, ლიმონი, თაფლი) ვიტამინიზირებული საკვები, არ დააძალოთ ხორცი და ცხიმიანი საკვების მიღება. 

ამ დროს უმადობა ჩვეულებრივი მოვლენაა...არ მისცეთ ბევრი მედიკამენტი (პოლიპრაგმაზია ამ დროს დაუშვებელია) არ მისცეთ ანტიბაქტერიული საშუალებები თვითნებურად - ეს საშუალებები ექიმმა უნდა დანიშნოს ჰემოგრამაზე დაყრდნობით, ისინი მაინც არ მოქმედებენ. 

ვირუსის ორგანიზმიდან ელიმინაციას სჭირდება დრო - 5-7-10 დღე, თუმცა აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობაზე დინამიური დაკვირვება რათა არ მოხდეს მეორადი ბაქტერიული ფლორის გააქტივება! გრიპის ვირუსის უხშირესი გართულება პნევმონიაა. თუ თქვენს ბავშვს აღენიშნა ქოშინი, ძლიერი ხველა, სწრაფი დაღლა, ციანოზი ცხვირ-ტუჩის ირგვლივ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

გრიპით დაავადებული პაციენტის იზოლაცია აუცილებელია. დაიცავით თქვენი თავიც და გაუფრთხილდით სხვებსაც, ნუ გახვალთ გარეთ, განსაკუთრებით ადამიანების თავშეყრის ადგილებში!!! ის (გრიპით დაავადებული პაციენტი) სახლშიც ნიღბით უნდა იმყოფებდეს, სხვებმაც მოიხმარეთ ნიღაბი და ცვალეთ ყოველ 2 საათში, ნახმარი ნიღაბი მოათავსეთ ურნაში, ხშირად გაანიავეთ ოთახები, დაალაგეთ სველი წესით, დაიბანეთ ხელები ისტერიულად! 

გრიპზე იმუნიზირებული მოსახლეობის მცირე პროცენტი დაავადდა გრიპით, მაგრამ მათში კლინიკური მიმდინარეობა იყო ძალიან მარტივი... აი, რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს (ოსელტამივრი)) სააფთიაქო ქსელში დეფიციტშია. 

გთხოვთ იზრუნოთ ამაზე, (ვისაც ხელეწიფება) რადგან არ ვართ დაზღვეულები ვირუსის შემოტევის შემდგომი ტალღებისგან!!! ტამიფლუ არ გამოიყენოთ თვითნებურად, მხოლოდ თქვენი ექიმის რჩევით,  რადგან დოზირებას მკაცრი შერჩევა სჭირდება,  ასაკისა და წონის მიხედვით!!! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!!! იმოქმედეთ შიშის და პანიკის გარეშე!!! თქვენს გვერდთ ვართ

P.S ტამიფლუს მარაგი სჭირდება ქვეყანას!!!!“ - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას ბავშვებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას ბავშვებში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ყურის ანთებითი დაავადებების გამომწვევი მიზეზებისა და იმ გართულებების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ხშირად მშობლების უნებლიე შეცდომები იწვევს:

„ყურის ანთება შეიძლება იყოს როგორც ​ვირუსული ეტიოლოგიის, ასევე ბაქტერიული და სოკოვანი ეტიოლოგიის. ის, პირველ რიგში, უკავშირდება იმ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, რაც ადრეული ასაკის ბავშვებს გააჩნიათ. მათ გარეთა სასმენ მილში უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული ხრტილოვანი და კანქვეშა ქსოვილი, რის გამოც აქ არ არის დამცველობითი ჯირკვლები, არ არის თმიანი საფარველი. შესაბამისად, ვერ ხდება მიკრობების გამოდენა. შუა ყურში არის ევსტახის მილი. დიდი რაოდენობით არის მომარაგებული სისხლძარღვებით ეს მილი ადრეული ასაკის ბავშვებში, შესაბამისად სხვადასხვა ვირუსული ინფექციების ან თანდართული ბაქტერიული ინფექციების დროს მეტი ალბათობაა შუა ყურის ოტიტის განვითარების. ხშირად არის დაფის აპკის ანთება. ექიმმა უნდა განაცალკევოს, ყურის ტკივილი გვაქვს თუ ანთება.“

​თემურ მიქელაძის თქმით, ყურის სხვადასხვა დაავადების გამომწვევად ზოგჯერ, შესაძლოა, არახელსაყრელი გარემო პირობებიც იქცეს:

„გარეთა სასმენ მილში ისედაც მდებარეობს სხვადასხვა პირობით პათოგენური ფლორა. საკმარისია რაღაც არახელსაყრელი პირობები, მაგალითად, ზედმეტი ტენიანობა, სიმშრალე, ამ დროს დამცველობითი ფუნქცია ქვეითდება. ძალიან ხშირად ბავშვები სხვადასხვა ჩხირით იზიანებენ ყურს. მშობლებს ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ყურის საწმენდი ჩხირების გამოყენება. სასურველია გამოვიყენოთ ისეთი ჩხირი, რომელსაც აქვს თავისი დამცველი ზედაპირი, ანუ ის არ შედის უშუალოდ ღრმად, მხოლოდ ზედაპირულად უნდა დავამუშაოთ. როგორც მოგეხსენებათ, გოგირდი არის დამცველობითი და ის ამ გოგირდით იშორებს მიკრობებს. ზედმეტი ჩხირების გამოყენებით ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ გოგირდის საცობი და თვითონ საცობმა შეუწყოს ხელი მეორადად ბაქტერიული ინფექციის გავრცელებას. სწორედ ამ დროს ვითარდება ხოლმე სოკოვანი გარეთა ოტიტები, ბაქტერიული გარეთა ოტიტები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ყურის ჩხირის გამოყენებას ბავშვებში.“

„მშობლები საკმაოდ ხშირად აწვეთებენ თვითნებურად სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. ამ დროს ექიმს არ აქვს დიფერენცირებული, შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს შუა ყურის ანთება. ამ დროს შეიძლება მოხდეს დაფის აპკის გახსნა. ამ ტკივილგამაყუჩებლებმა, ​შესაძლოა, გამოიწვიოს დაავადების გართულება.ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ექიმთან მისვლამდე ასაკობრივი დოზის გათვალისწინებით მიიღონ პეროლარული მოქმედების ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი და შემდგომ მიმართონ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის შოუ“

წაიკითხეთ სრულად