Baby Bag

რაზე მიუთითებს ბავშვის განავალში სისხლის არსებობა და როგორ მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე?

რაზე მიუთითებს ბავშვის განავალში სისხლის არსებობა და როგორ მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე?

რაზე მიუთითებს ბავშვის განავალში სისხლის არსებობა და როგორ მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით?

„პირველ რიგში, ნორმაზე ვილაპარაკოთ. თქვენ შეიძლება, განავალში სისხლი უბრალოდ მოგეჩვენოთ. იმიტომ, რომ განავალი ფერს იცვლის და ჰგავს სისხლიანს, როცა ბავშვი იღებს ზოგიერთ საკვებს, მაგალითად, ჟოლოს, ჭარხალს, პომიდორს. ამ დროს განავალი მოწითალო ფერისაა. როგორც კი ამ საკვებს რაციონიდან ამოიღებთ, მას ჩვეულებრივი ფერი დაბრუნდება.


განავალი შეიძლება შავი ფერის იყოს, როცა ბავშვს რკინის პრეპარატს ან ნახშირს აძლევთ და ეს საშიში სულაც არ არის.

​თუ თქვენ კვებავთ ჩვილს ძუძუთი, რომლის თავზე ნახეთქები გაქვთ, მის კუჭში რძესთან ერთად მოხვდება თქვენი სისხლიც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი პირღებინებაც და შავის ფერის განავალიც.

ახლა პათოლოგიაზე ვისაუბროთ - განავალში სისხლზე ეჭვი უნდა მიიტანოთ მაშინ, როცა განავალი წითელია ფერისაა, მასში ხედავთ სისხლის აშკარა მინარევს ან განავალი შავი ფერისაა. სწორედ შავი და არა მუქი ყავისფერი ან მუქი მწვანე.

პრობლემის განსაზღვრა სისხლის ფერის მიხედვით

როცა განავალში ალისფერ სისხლს ხედავთ, ნიშნავს, რომ სისხლი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა ნაწილებიდან მოდის, მაგალითად, სწორი, მსხვილი ნაწლავიდან, ანალური ხვრელიდან.

​როცა განავალი შავია, ნიშნავს იმას, რომ პრობლემა საყლაპავში, კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწლავშია. მარილმჟავას ზემოქმედებით სისხლი ფერს იცვლის და განავალი შავდება.

​თუ სისხლი განავლის ბოლო ულუფაშია, მოსხმული აქვს განავალს ან ანუსის გაწმენდის შემდეგ ხელსახოცზე ხედავთ ალისფერ სისხლს, ის ყველაზე ხშირად ანუსიდან მოდის და სავარაუდოდ, ბუასილის ან ანუსის ნახეთქის გამოა.

სისხლიანი განავლის მთავარი მიზეზები:

ალისფერი სისხლი -
თუ პატარას დიარეა აქვს და განავალში სისხლია, გამოსარიცხია ზოგიერთი ინფექციური ნაწლავური დაავადება, მაგალითად, დიზენტერია, ამებიაზი. სისხლიანი დიარეის დროს ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტია საჭირო.
ბუასილი
ანუსის ნახეთქი
ამ ორი პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი, როგორც წესი, ყაბზობაა.
ნაწლავის პოლიპები
ნაწლავის ზოგიერთი ანატომიური დეფექტი
ნაწლავის პარაზიტული დაავადებები
წყლულოვანი კოლიტი
ლაქტოზის აუტანლობა
კვებითი ალერგია - თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ალერგია მხოლოდ კანზე შეიძლება გამოვლინდეს, ცდებით. ძროხის რძის ცილის აუტანლობა ზოგჯერ მუცლის ტკივილით, დიარეით და სისხლიანი განავლითაც ვლინდება.
შავის ფერის განავალი ანუ მელენა - საყლაპავის, კუჭის-თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, სიმსივნეები.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

თვითგამოკვლევა და თვითმკურნალობა დაივიწყეთ. არც გუგლის საძიებო სისტემა გამოგადგებათ პრობლემაში გასარკვევად. ექიმს უნდა მიმართოთ და მის მიერ დაგეგმილი კვლევები ჩაატაროთ. ეს შეიძლება იყოს სისხლის საერთო ანალიზი, განავლის ტესტები, ანუსის და კუჭ-ნაწლავის ორგანოების დათვალიერება, მათ შორის რენტგენოლოგიური ან ენდოსკოპური მეთოდით,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე,“- პედიატრი ევგენი კომაროვსკი

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ ბავშვებში სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, შვილების მადის გასაუმჯობესებლად მათ სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატარებინონ:

„თანამედროვე მშობლები გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჭამას. თქვენ გეჩვენებათ, რომ თუ ბავშვის ორგანიზმი არ მიიღებს ყველა ვიტამინს და დაბალნსებულ კვებას, აუცილებლად ავად გახდება. სინამდვილეში ბავშვის ორგანიზმს საკვების დეფიციტის გადატანაც შეუძლია და ეს ზოგჯერ მარგებელიც არის. ჭამის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მადა. როდესაც ბავშვი მშიერია და საჭმლის მიღების საჭიროებას განიცდის, საკვებს ნორმალურად ინელებს და ეს მისთვის სასარგებლოა.

თუ ბავშვი არ ჭამს სადილს და მხოლოდ კანფეტი უნდა, თუ მისი კვება არ არის მრავალფეროვანი, აქედან ჩნდება პრობლემებიც. არ აყვეთ ბავშვებს! ბავშვმა უნდა ჭამოს ის, რასაც აძლევთ, მაგრამ უნდა ჭამდეს სიამოვნებით. თუ მადა არ აქვს, სჯობს, საერთოდ არ აჭამოთ. გაუზარდეთ ბავშვს ფიზიკური დატვირთვა, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ მშობლების, საბავშვო ბაღის და სკოლის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვებმა მადიანად ჭამონ. არ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღში ბავშვმა სამ საათზე ნაკლები დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე. როდესაც ბავშვი სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებს, ის შესანიშნავად ჭამს და საკვებსაც კარგად ინელებს,“- აღნიშნა ევგენი კომაროვსკიმ.

წყარო: ​„LIFE FM”           

წაიკითხეთ სრულად