Baby Bag

შეკრულობა ძუძუთა ბავშვებში - გამომწვევი მიზეზები და დახმარების გზები

შეკრულობა ძუძუთა ბავშვებში - გამომწვევი მიზეზები და დახმარების გზები
შეკრულობა, ანუ ყაბზობა არის საჭლმის მონელების გაძნელება, რაც გამოიხატება ნაწლავების არასრულ, დაყოვნებულ ან გაძნელებულ დაცლაში და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: მუცლის შებერვა, ყურყური, ხშირად მუცლის ტკივილი, დაუცლელობის შეგრძნება, ზოგჯერ – საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, მადის დაქვეითება, ბოყინი, გულისრევა, რაც ნაწლავში შიგთავსის დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული.

ყაბზობა არასასიამოვნო მოვლენაა ყველა ასაკში, მით უმეტეს, 2 წლამდე ბავშვებში, რადგან მათ არ შეუძლიათ თავიანთი აზრებისა და განცდების თავისუფლად გადმოცემა.
ყაბზობა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში
ახალშობილისთვის ყველაზე კარგი საკვები ბევრი მიზეზის გამო დედის რძეა. ძირითადი მიზეზი კი არის დედის რძეში ცილებისა და ცხიმების ბალანსირებული შემცველობა, რომელიც სრულად პასუხობს ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებებს. ამიტომაც არის, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს იშვიათად ემართებათ ყაბზობა. თუმცა რიგ შემთხვევებში ძუძუთა ბავშვებსაც აწუხებებთ შეკრულობა, რაც დედის არაბალანსირებული კვებით შეიძლება იყოს გამოწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ ახალშობილის საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემა მხოლოდ ახლა ეგუება გარემო ფაქტორების ზემოქმედებას, პატარას ადვილად შეიძლება განუვითარდეს მგრძნობელობა სხვადასხვა საკვებ კომპონენტის - უფრო ხშირად გარკვეული ტიპის ცილების მიმართ. სწორედ ამიტომ არსებობს სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მეძუძური დედების სწორი კვებისთვის.
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ყაბზობა აწუხებს?
ყველა ბავშვს კუჭის მოქმედების ინდივიდუალური რეჟიმი აქვს, ამიტომ უმჯობესია, დავაკვირდეთ სიმპტომებს: თუ კუჭში გასვლის დროს ბავშვი იჭინთება, წითლდება, ტირის, უჭირს ნაწლავების დაცლა, ხშირად გადის აირებზე და აქვს შეცვლილი, მძაფრი სუნი, ან თუ ბევრად ნაკლებად ჭირვეულობს ნაწლავების დაცლის დღეს, ვიდრე სხვა დღეებში, სავარუდოა, რომ თქვენს პატარას აწუხებს შეკრულობა, ანუ ყაბზობა.
ყაბზობა თუ აირების დაგროვება? არის თუ არა კავშირი მათ შორის?
ყაბზობასა და ნაწლავებში აირების დაგროვებას შორის უთუოდ არის კავშირი, ხშირ შემთხვევაში ყაბზობა იწვევს ნაწლავებში ჭარბად აირების წარმოქმნას და დაგროვებს, ხშირად კი პირიქით ხდება - აირების ჭარბად წარმოქმნა ხდება ყაბზობის მიზეზი. სიმპტომურად კი ორივე მდგომარეობა მსგავსი ნიშნებით ვლინდება - ყაბზობასაც და აირების დაგროვებასაც ახასიათებს კოლიკის კლინიკა, რაც გამოიხატება შემდეგნაირად: უეცარი ტირილის შეტევები, ძირითადად საღამოს საათებში. ტირილი განსხვავდება შიმშილით და დაღლილობით გამოწვეულლი ტირილისგან - ბევრად უფრო ხმამაღალი და გახანგრძლივებულია, ხშირად ბავშვი კი არ ტირის, არამედ კივის. ტირილის დროს ბავშვი შეიძლება იყოს დაჭიმული, რკალისებრად მოხრილი სხეულით, მუშტებად შეკრული ხელებით, დაჭიმული მუცლით. ჩვილის დაწყნარება პრაქტიკულად შეუძლებელია სანამ თავისით არ დამშვიდდება. ზოგადი მდგომარეობა ტირილის შეტევებს შორის პერიოდებში ნორმალურია.
როგორც აირების დაგროვებით, ასევე ყაბზობით გამოწვეული ჭირვეულობის დროს ბავშვის დახმარება ერთი და იგივე მეთოდებით არის შესაძლებელი:
• ფრთხილად აიყვანეთ პატარა, ჩაეხუტეთ და მსუბუქად გადაუსვით ზურგზე ხელი მრვალჯერ. ფრთხილად ამოძრავეთ ბავშვი - ამით თქვენ ხელს შეუწყობთ ნაწლავებიდან აირების გამოდევნას.
• დაიწვინეთ ბავშვი მუცლით ხელზე და მეორე ხელით დააფიქსირეთ მისი ზურგი (ეს პოზა „ვეფხვი ხეზე“ სახელით არის ცნობილი). ბავშვის ხელები და ფეხები უნდა იყოს თქვენი ხელის აქეთ-იქიდან. ამ პოზაში მისი კუნთები დუნდება და ეს ხელს უწყობს მისი ნაწლავების გათავისუფლებას.
• დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, მოუხარეთ პატარას ფეხები მუცლისკენ, მიიტანეთ მისი მუხლები მუცელთან და გაუშვით ხელი. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენჯერმე - ამ პროცედურის დროსაც დუნდება მისი მუცლის ფარის კუნთები და ეს ხელს უწყობს ტკივილის გაქრობას.
• გაახვიეთ ბავშვი პლედში მჭიდროდ ხელების ჩათვლით - ეს პატარებს დაცულობის შეგრძნებას უჩენს და ხელს უწყობს მათ მოდუნებას, რასაც შედეგად ტკივილის შემსუბუქებამდე მივყავართ.

• ბეიბიქალმის წვეთები ყოველი ჭამის წინ - აუცილებლად დაეხმარება თქვენს პატარას და დაიცავს აირების დაგროვებისგან და ყაბზობისგან.

R

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის, არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის ტკივილი,“ - ივანე ჩხაიძე

„გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის, არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის ტკივილი,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ რინოვირუსის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონზე აქტიურად ცირკულირებს. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი გაციების ყველაზე ხშირი გამომწვევია:

„კორონავირუსი ზუსტად ორჯერ უფრო მეტად არის გადამდები, ვიდრე სეზონური გრიპის ვირუსი. რინოვირუსი ჩვენთვის ცნობილია, როგორც გაციების ყველაზე ხშირი გამომწვევი ვირუსი. გაციება გახლავთ​ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითადი სეზონი ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება. რინოვირუსით გამოწვეული გაციების შემთხვევები ბოლო პერიოდის განმავლობაში წამყვანია. ბოლო პერიოდის განმავლობაში რინოვირუსი და კორონავირუსის ძველი, უწყინარი შტამები ფიქსირდება.“

ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მძიმე მიმდინარეობის გაციება არ არსებობს და ამ დროს ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ:

„ზოგადი მდგომარეობა ასეთ ბავშვებთან არის მსუბუქი. ​გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის. არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის ტკივილი. ეს არის ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, იშვიათი ხველა, ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა 37,5- 38 -ის ფარგლებში. სწორედ ეს ახასიათებს გაციებას. როგორც წესი, ამ ბავშვებს საავადმყოფოში მოთავსება არ სჭირდებათ.“

ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსსა და რინოვირუსს ერთმანეთის მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვთ:

„კორონავირუსსა და რინოვირუსით გამოწვეულ გაციებას შორის კლინიკურ ნიშნებში განსხვავება არ არსებობს.​ კორონავირუსის აბსოლუტური უმრავლესობა მიმდინარეობს მსუბუქად. როდესაც ჩვენ გვინდა ავხსნათ, რას ნიშნავს მსუბუქი მიმდინარეობა, სულ ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვეულებრივი გაციება. ყველაზე მნიშვნელოვანია დინამიკაში დაავადების მიმდინარეობა. გაციებას არ ახასიათებს გართულება. ის, როგორც წესი, ერთ კვირაში მთავრდება. მოზრდილი ასაკის ბავშვებში მაქსიმუმ შეიძლება იყოს სინუსიტი და მცირე ასაკის ბავშვებში ოტიტი.“

„კორონავირუსი შეიძლება დაიწყოს გაციებით, მაგრამ დინამიკაში მეშვიდე-მერვე დღეს მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად დამძიმდეს და საჭირო გახდეს ბავშვის გადაყვანა საავადმყოფოში. თუ ბავშვს აქვს სიმპტომები,​ ისინი დროებით იზოლაციაში უნდა გადავიყვანოთ. თავისთავად რინოვირუსიც გადამდებია. არც ის არის სასიამოვნო, როდესაც თქვენი შვილისგან სხვას გადაედება რინოვირუსი. რეკომენდაცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ბავშვები გაციების კლინიკური ნიშნებით: ხველით, დაბალი ტემპერატურით, ცხვირიდან გამონადენით და ცემინებით, აუცილებლად უნდა დარჩნენ სახლში და არ წავიდნენ ბაღში. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, ვინაიდან ამით ჩვენ ვამცირებთ ორივე სახის ვირუსის გადაცემის რისკს,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად