Baby Bag

„კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა“ - ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის განცხადება

„კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა“ - ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის განცხადება

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით დაავადებისადმი შიშები მძაფრდება. აღნიშნული ვირუსით უკვე ათასობით ადამიანი დაავადდა და 100-ზე მეტი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ხშირად ფატალურ შედეგებს იწვევს და სწრაფად ვრცელდება, კანადის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ვანკუვერის საგანმანათლებლო საბჭოს ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი ბავშვებისთვის ნაკლებად სახიფათოა.

კანადაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა მის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე შეუძლოდ მყოფ ადამიანს უსაფრთხოების მიზნით სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ვანკუვერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა მშობლებს სპეციალური განცხადებით მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბავშვებს დაინფიცირების საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ.

მართალია, კორონავირუსი ბავშვებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვანკუვერის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მშობლებს ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოუწოდა. მათი თქმით, ვირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენის გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია. ბავშვებმა ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ, გაციების ან გრიპის შემთხვევაში პატარები სახლში უნდა დარჩნენ, დაცემინების ან დახველების შემთხვევაში ადამიანებმა სახეზე ხელები უნდა აიფარონ, რათა ნებისმიერი სახის ვირუსული დაავადების გავრცელების თავიდან აცილება შეძლონ.

ვანკუვერის რეგიონალური ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ხველებით და ცემინებით ხდება, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი შეუძლოდ მყოფი ადამიანი, გრიპის ან გაციების მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი აუცილებლად სახლში უნდა დარჩეს.


კანადის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების დაბალი ალბათობისა, ისინი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზად არიან.

მომზადებულია ​bc.ctvnews.ca-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

იხსნება თუ არა შეზღუდვები, რომელიც 12 მაისის ჩათვლით იყო - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია

იხსნება თუ არა შეზღუდვები, რომელიც 12 მაისის ჩათვლით იყო - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია

13 მაისიდან შეზღუდვები, რომელიც ​12 მაისის ჩათვლით იყო, მოიხსნება, კომენდანტის საათი კი ძალაში რჩება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

,,ახლა პიკში ვართ და არ არის გამართლებული, რომ კომენდანტის გადავადებაზე ვისაუბროთ. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის გადავადებაზე ვიფიქროთ. მაისის ბოლოსკენ, როცა პიკი შემსუბუქდება, შემდეგ უკვე გადავხედავთ გადაწყვეტილებას,'' - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1251 ადამიანი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში - 31.

ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%.

რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ აცრილია - 67136, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 4689. 

წაიკითხეთ სრულად