Baby Bag

​რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით

​რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით

რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ყველა დედიკომ იცის, პატარა ხშირად სუნთქავს. ის თუ იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბავშვს ჟანგბადზე გაცილებით დიდი მოთხოვნილება აქვს, ვიდრე მოზრდილს, ამავე დროს პატარას სუნთქვა ზერელეა, კომპენსირება კი სწორედ სუნთქვის გახშირებით ხდება. ამიტომაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ხშირად სუნთქავს.

გარდა ამისა, მოზრდილებისაგან განსხვავებით, მისი სუნთქვა რითმული არ არის, რასაც ადვილად შენიშნავთ სუნთქვაზე დაკვირვებისას. სუნთქვის რიტმი იცვლება არამარტო მოძრაობისას, არამედ ნერვული აგზნების ან გარემოს ტემპერატურის მატებისას. სუნთქვის სიხშირე მატულობს ცხელების, ასევე სასუნთქი გზების ინფექციების დროს.

არსებობს სუნთქვის ორი ტიპი - მუცლის და გულმკერდის. 1 წლამდე ასაკში სუნთქვა მუცლის ტიპისაა, რაც ნიშნავს, რომ სუნთქვისას მუცლის მოძრაობას უფრო შენიშნავთ, ვიდრე გულმკერდისას. 2 წლიდან სუნთქვა შერეული ხდება.

7-8 წლიდან კი სქესობრივი განსხვავებები ვლინდება - ვაჟებს უპირატესად მუცლის სუნთქვა უყალიბდებათ, გოგონებს კი გულმკერდის,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.


შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდგადატანილ პაციენტებს გაცილებით მაღალი რისკი აქვთ ინსულტის განვითარების, ვიდრე მათ, ვისაც დაავადება არ გადაუტანია,“ - ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე

„კოვიდგადატანილ პაციენტებს გაცილებით მაღალი რისკი აქვთ ინსულტის განვითარების, ვიდრე მათ, ვისაც დაავადება არ გადაუტანია,“ - ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე

ნევროლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ პოსტ-კოვიდურ ეტაპზე განვითარებული ყველაზე საშიში გართულებები დაასახელა, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია:

„არის საშიში, სახიფათო გართულებები, რომელიც, შესაძლოა, იყოს​ პოსტ-კოვიდურ პერიოდში, ასევე მწვავე კოვიდის დროს. კორონავირუსული ინფექცია ზრდის თრომბების წარმოქმნის რისკს. შესაძლებელია, რომ ამ თრომბების წარმოქმნის რისკის ფონზე პაციენტს განუვითარდეს იშემიური ინსულტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულებაა კოვიდ-19-ის. კოვიდგადატანილ პაციენტებს გაცილებით უფრო მაღალი რისკი აქვთ ინსულტის განვითარების, ვიდრე მათ, ვისაც დაავადება არ გადაუტანია. კოვიდგადატანილ პაციენტებს უფრო მეტი რისკი აქვთ იშემიური ინსულტის განვითარების, ვიდრე სხვა რესპირატორულ ვირუს გადატანილ ადამიანებს.“

ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, გართულებების გამოვლენის მაღალი რისკი აქვთ იმ ადამიანებსაც, ვინც კოვიდი მარტივად გადაიტანა:

​იმ პაციენტებში, ვინც ძალიან მშვიდობიანად გადაიტანა ინფექცია საკუთარ სახლში, ისე, რომ ჰოსპიტალში გადაყვანა არ დასჭირდა, მათ მაინც მაღალი რისკი აქვთ ასეთი გართულებების გამოვლენის. ეს უკვე შესწავლილი ფაქტია. კოვიდ-19 იწვევს ძალიან აგრესიულ იმუნურ პასუხს, რომელიც თავადვეა ძალიან ბევრი პრობლემის მიზეზი. ერთ-ერთი შედეგი ამისა, შესაძლოა, იყოს: ენცეფალოპათია, ენცეფალიტი, მიელიტი.“

ალექსანდრე ცისკარიძემ ის დაავადებები დაასახელა, რომელთა ქონის შემთხვევაში აცრა აუცილებელია:

„ჩვენ ხშირად გაგვიგონია, რომ პაციენტი დამძიმდა თანმხლები დაავადებების არსებობის გამო. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს გაცილებით მაღალი რისკი აქვთ ჰოსპიტალში მოხვედრის და სამწუხაროდ, სიკვდილობისაც. აცრა აუცილებელია შემდეგი პაციენტებისთვის: ინსულტგადატანილი ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც ცერებრული ვენური თრომბოზი აქვს გადატანილი, დემენციის, პარკინსონის დაავადებების ან მსგავსი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.“

„კოვიდის დროს კიდურების დაბუჟების შეგრძნება ხშირი ჩივილია. ​უხშირეს შემთხვევაში ეს გახლავთ ფუნქციური ჩივილი, რომელიც სტრესით არის გამოწვეული. ამას მარტივად ხსნის დამამშვიდებელი საშუალების მიღება. ექიმს უნდა მივმართოთ მაშინ, თუ ეს ჩივილი გაგრძელდა, ამ სიმპტომებმა არ გაიარა და პირიქით, პროგრესირება განიცადა,“- აღნიშნულ საკითხებზე ალექსანდრე ცისკარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად