Baby Bag

​რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით

​რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით

რატომ სუნთქავენ პატარები ხშირად და როგორია სუნთქვის სიხშირე ასაკის მიხედვით, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ყველა დედიკომ იცის, პატარა ხშირად სუნთქავს. ის თუ იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბავშვს ჟანგბადზე გაცილებით დიდი მოთხოვნილება აქვს, ვიდრე მოზრდილს, ამავე დროს პატარას სუნთქვა ზერელეა, კომპენსირება კი სწორედ სუნთქვის გახშირებით ხდება. ამიტომაც რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ხშირად სუნთქავს.

გარდა ამისა, მოზრდილებისაგან განსხვავებით, მისი სუნთქვა რითმული არ არის, რასაც ადვილად შენიშნავთ სუნთქვაზე დაკვირვებისას. სუნთქვის რიტმი იცვლება არამარტო მოძრაობისას, არამედ ნერვული აგზნების ან გარემოს ტემპერატურის მატებისას. სუნთქვის სიხშირე მატულობს ცხელების, ასევე სასუნთქი გზების ინფექციების დროს.

არსებობს სუნთქვის ორი ტიპი - მუცლის და გულმკერდის. 1 წლამდე ასაკში სუნთქვა მუცლის ტიპისაა, რაც ნიშნავს, რომ სუნთქვისას მუცლის მოძრაობას უფრო შენიშნავთ, ვიდრე გულმკერდისას. 2 წლიდან სუნთქვა შერეული ხდება.

7-8 წლიდან კი სქესობრივი განსხვავებები ვლინდება - ვაჟებს უპირატესად მუცლის სუნთქვა უყალიბდებათ, გოგონებს კი გულმკერდის,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.


შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის ყურსასმენები საშიში მოზარდებისთვის? - ოტორინოლარინგოლოგი მელანო ჯანხოთელი აქტუალური პრობლემის შესახებ

ოტორინოლარინგოლოგი მელანო ჯანხოთელი „პოსტ ალიონში“ ყურსასმენების გამოყენების ნეგატიურ ასპექტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სასმენი აპარატების გამოყენების გამო ახალგაზრდებს სმენის პრობლემები ხშირად ექმნებათ:

„დღეს ყურსასმენები ჩვენი მოზარდების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი მოხმარების გახშირება ონლაინ სწავლების მოთხოვნამაც გამოიწვია. ყურსასმენებს არამხოლოდ თინეიჯერები და ახალგაზრდები, ზრდასრულებიც იყენებენ აუდიო წიგნების გამოსვლის გამო. ყველა მოწინავე ქვეყნის წამყვანი მეცნიერების კვლევებით დადასტურებულია, რომ ახალგაზრდებსა და მოზარდებში სმენის პრობლემების 2/3 სწორედ ყურსასმენების გამოყენებით არის გამოწვეული. ეს უზარმაზარი პროცენტია, ძალიან დიდი. საერთოდ იმის უარყოფა, რომ ყურსასმენები კომფორტულია, კომფორტულია საყვარელი მუსიკის მოსმენა, ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს სწორად. როგორ მოვიქცეთ ისე, რომ არ დავიზიანოთ სმენა.“

მელანო ჯანხოთელის თქმით, მუსიკის ხმამაღლა მოსმენა არც ისე უწყინარი გართობაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს:

„თითქოს უწყინარი გართობაა ხმამაღლა მუსიკის მოსმენა, მაგრამ ხმაური სმენისთვის ძალიან საშიშია. საერთოდ ხმაური დეციბილებში იზომება. 10-15 დეციბილი არის ნიავი, მსუბუქი ფოთლების შრიალი, 20-25 დეციბილით იზომება ჩურჩულის დონე, 30-35 დეციბილი ჩვეულებრივი ხმაურის დონეა, 60 დეციბილი არის უკვე ყვირილის დონე და ის უკვე დისკომფორტს გვიქმნის. საერთოდ სმენისთვის ძირითადად საშიშია 85-90 დეციბილიდან ზემოთ ბგერები, რომელსაც ნებისმიერი სასმენი აპარატი ძალიან მარტივად გამოსცემს, იმგვარად არის ისინი შექმნილი.“

მელანო ჯანხოთელი აცხადებს, რომ ახალგაზრდები ძირითადად ხმაურიან მუსიკას უსმენენ:

„ახალგაზრდებს ძალიან მოსწონთ როკ-ჯგუფების სიმღერები, მეც ძალიან მიყვარდა ახალგაზრდობაში და ვუსმენდი, რა თქმა უნდა, ხმამაღლა, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი ყურსასმენები და ამიტომ ჩვენს თაობას მსგავსი პრობლემები არ აწუხებდა. როკ-ჯგუფის კონცერტის ხმიანობა შეესაბამება 100-120 დეციბილის დონეს. ეს იგივეა, რომ რეაქტიული ძრავის ხმაური თქვენგან ათ მეტრში მოისმინოთ.“

„ჩვენ გვაქვს მიმღები და თავის ტვინის ცენტრალური ნაწილი, რომელიც ახდენს გარედან მოსმენილი ბგერების აღქმას და დიფერენცირებას. არსებობს სხვადასხვა სახის სასმენი აპარატები, ზოგიერთი იდგმება ყურში და ზოგი გარედან კეთდება. განსაკუთრებით საშიშია ყურში ჩასადები ყურსასმენები. გარდა იმისა, რომ ის გარეთა სასმენი მილის კანს აღიზიანებს, მისი გამოყენებისას ბგერა პირდაპირ, დამუშავების გარეშე ეცემა დაფის აპკზე. როგორც ყველაფერ სხვას, დაფის აპკის მუშაობასაც აქვს თავისი სარზღვრები. ის გათვლილია ბუნებრივ ხმაურზე, რომელიც გარედან უნდა მიიღოს და არა ხელოვნურზე. როდესაც ახალგაზრდა ყურსასმენებში ძალიან უწევს ხმას, ის დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს სმენაზე,“ - აღნიშნავს მელანო ჯანხოთელი.

წყარო:​ პოსტ ალიონი

წაიკითხეთ სრულად