Baby Bag

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

„ეს დაავადება განუკურნებელი არ არის“ - პაატა იმნაძე კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება და თეორია გავრცელდა, თუმცა ჯერ არ არის მეცნიერულად გამყარებული.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი არასპეციფიკურად დაიცვას აღნიშნული დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება იმიტომ არის, რომ ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, პატარებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსით დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ვითარება საყურადღებოა, თუმცა საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად. საპანიკო და თავზენაცარდასაყრელი არაფერი გვჭირს. დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთლდა. ანუ დაახლოებით იმდენივე დაიღუპა, რამდენიც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის. ჯერ მონაცემები ცოტაა, ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ამ დროისათვის ლეტალობა არის 2%-ის ფარგლებში. გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეს იყო წინა კორონავირუსების დროს. SARS-CoV-ის დროს ლეტალობა იყო თითქმის 10%, MERS-CoV-ის დროს - 30%-ზე მეტი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ახალი კორონავირუსი ძალიან საყურადღებოა,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად 213 ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 9 692-ს მიაღწია, აქედან 90 შემთხვევა ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კორონა არასოდეს, არასოდეს კლავს უსიმპტომოდ და უჩივილოდ“

„კორონა არასოდეს, არასოდეს კლავს უსიმპტომოდ და უჩივილოდ“
„კორონა არასოდეს, არასოდეს კლავს უსიმპტომოდ და უჩივილოდ, არასოდეს კლავს ისე, რომ ან სატურაცია და ან სხვა რაიმე ანალიზის ცვლილება არ მოგცეს,“ - ამის შესახებ გერმანიაში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი იაგო ფრან­გიშ­ვი­ლი წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის ნათქვამს:

„​ამაზრზენია გარდაცვლილის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, ამას არავითარი გამართლება არა აქვს. არადა, საშინელი პროპაგანდით მიდის. მედიის დონეზე, პოლიტიკის დონეზე და პარტიის დონეზეც. პოლიტიკური პარტიის დონეზეც. 

50 წლის აბსოლუტურად უსიმპტომო ქალი, გარდაიცვალა არა კოვიდით, არამედ კოვიდით „გამართლებული“ უპასუხისმგებლო და უსახური შეზღუდვის და იმობილიზაციის გამო.

იქნება იმ წამლობითაც, რასაც საქართველოში კოვიდიანს „პროფილაქტიკურად“ აძლევენ, მაგალითად, რემდესევირი.

ახალგაზრდა ქალი, იზოლირებული სასტუმროში, უსიმპტომო, უჩივილო გარდაიცვალა.

კორონა არასოდეს, არასოდეს კლავს უსიმპტომოდ და უჩივილოდ, არასოდეს კლავს ისე, რომ ან სატურაცია და ან სხვა რაიმე ანალიზის ცვლილება არ მოგცეს.

ქალი, რომელსაც დასაწყისში ჰქონდა ტემპერატურა, მერე კი ბოლო სამი დღე საერთოდ არაფერი აწუხებდა და რომელსაც, როგორც ბათუმის ჯანდაცვა აცხადებს, არავითარი პათოლოგიური, ავადმყოფური ანალიზი თუ ჩივილი არ ჰქონდა, ფაქტობრივადაც და თეორიულადაც შეუძლებელია უწოდო „გარდაიცვალა კორონათი“.

ადამიანები იღუპებიან არასწორი მართვის, არასწორი შეზღუდვის, არასწორი გამოკეტვის, არასწორი პანიკის და იმობილიზირების, უმოძრაობით გამოწვეული ყველაზე ხშირი გართულების ფილტვის არტერიის ემბოლიის გამო, რომელიც შეიძლება პატარა ვენურმა თრობოზმაც გამოიწვიოს, ან უმოძრაობამ და კონტრაცეპტივამ, ან უმოძრაობამ და არითმიის თანხვედრობამ.

ამიტომაც, უპირველესი, რაც აუცილებელია კოვიდით ინფიცირებისას, როცა არაა მძიმე ჩივილები, ესაა: მოძრაობა, სუფთა ჰაერი, ნაკლები წოლა, და თუ წოლა, ნახევრადჯდომით, ბევრი სითხე და ისევ და ისევ მოძრაობა და სუფთა ჰაერი.

​​დანაშაულია უსიმპტომოს და დაბალსიმპტომიანის გამოკეტვა, იზოლირება სხვაა და გამოკეტვა სხვაა. უნდა შეწყდეს და აილაგმოს „კოვიდის სასტუმროები“, როცა 8 კვადრატულ მეტრ საკანშია ადამიანი გამოკეტილი. 

გაუშვით დაცარიელებულ სოფლებში, გაუშვით ბაღში ან ტყეში ან გინდაც და ბუნებაში გაუშალეთ „პალატკა“, ოღონდაც ნუ გამოკეტავთ და მოეშვით ამ უსაშინლეს ვითომმედიცინას „ანტივურუსულ“ მედიკაციას, რაღაც ჰორენდული დოზირების სტეროიდების მიცემას და კიდევ ერთხელ, ისწავლეთ მარტივი განსხვავება პრედნიზოლონს და დექსამეტაზონს შორის, ნუ აძლევთ ადამიანებს დექსამეტაზონს პრედნიზოლონის დოზირებით. ეს უმეცრება კიარაა ან შეცდომა კიარაა, არამედ უბრალოდ დანაშაულია,“ - წერს ექიმი იაგო ფრანგიშვილი. 

წაიკითხეთ სრულად