Baby Bag

რამდენად უსაფრთხოა მიკროტალღურ ღუმელში გამთბარი საკვები?

რამდენად უსაფრთხოა მიკროტალღურ ღუმელში გამთბარი საკვები?

მიკროტალღური ღუმელის გამოგონებამ კერძების შენახვისა და მომზადების ჩვევები მნიშვნელოვნად შეცვალა. 1970 წლის შემდეგ ჩვენ გადანახული საკვების გაცხელებაში ძალიან ცოტა დროს ვხარჯავთ. მიკროტალღურ ღუმელში კერძის გათბობა საკმაოდ მარტივი პროცედურაა, რის გამოც მისი მოხმარება დიასახლისებისთვის ძალიან კომფორტულია. თუ თქვენ სამზარეულოში ფუსფუსი გიყვართ, ალბათ, გეცოდინებათ, რომ ალუმინის ფოლგის გამოყენებისას მიკროტალღურ ღუმელში კერძი სწრაფად ცხელდება, ხოლო ცეცხლგამძლე პლასტმასის კონტეინერები საკვებში მავნე ნივთიერებების მოხვედრას უწყობს ხელს. მიუხედავად მიკროტალღური ღუმელის გამოყენების შესახებ გავრცელებული სხვადასხვა ნეგატიური ინფორმაციისა, დიასახლისები საკვების ღუმელში გათბობას აქტიურად განაგრძობენ. როგორც გაირკვა, მათი უდიდესი ნაწილი კერძის გაცხელებისას უსაფრთხოების წესებს ნაკლებად იცავს, რითაც საკუთარ და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

კვების ექსპერტები თვლიან, რომ მიკროტალღურ ღუმელში ნებისმიერი ტიპის საკვების გაცხელებაა შესაძლებელი, თუმცა გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია. თქვენ შეგიძლიათ ქათამი, ინდაური, კვერცხი ან ბოსტნეული ღუმელში თამამად შეათბოთ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ ტემპერატურის რეგულირება, რათა საკვები სათანადოდ გაცხელდეს. კერძის გათბობისას მას ერთხელ მაინც უნდა მოურიოთ, ან ადგილი შეუნაცვლოთ, საკვები პროდუქტი აუცილებლად უნდა დაფაროთ ცეცხლგამძლე მატერიით. თუ საკვების გათბობის მარტივ წესებს ზედმიწევნით დაიცავთ, კერძში მავნე ბაქტერიების მოხვედრის რისკს მინიმუმამდე დაიყვანთ, რაც ისეთი დაავადებების განვითარებისგან დაგიცავთ, როგორიცაა სალმონელა. განსხვავებული ტიპის საკვებს მიკროტალღურ ღუმელში სხვადასხვა წესით ათბობენ, რათა კერძის სიჯანსაღის შენარჩუნება შეძლონ.

• ბოსტნეულის გათბობა მიკროტალღურ ღუმელში

ბოსტნეული საქონლისა და ფრინველის ხორცთან, ასევე ხილთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომლის მომზადება ან გათბობა მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ. ბოსტნეულს ტენიანობის მაღალი ხარისხი აქვს. რბილი პროდუქტები ღუმელში საკმაოდ კარგად თბება. რაც მთავარია, ბოსტნეულის გაცხელებისას ის სასარგებლო თვისებებსა და ნივთიერებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს, რის გამოც თქვენ ჯანსაღი პროდუქტის მირთმევის საშუალება გეძლევათ. უახლესმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბოსტნეულის სხვადასხვა ნაირსახეობა მოხარშვის დროს კვებით ღირებულებას მნიშვნელოვნად კარგავს, ხოლო ღუმელში გამოცხობის ან გათბობის შემთხვევაში, მათ უდიდეს ნაწილს სასარგებლო ნივთიერებები სრულად უნარჩუნდება.

ბოსტნეულის კერძების გათბობისას, უმჯობესია, შუშის ან კერამიკის კონტეინერები გამოიყენოთ. თუ ბოსტნეული გაყინულია, პირველ რიგში, ის კარგად გაალღვეთ და ღუმელში მხოლოდ ამის შემდეგ შედგით. ბოსტნეული მიკროტალღურში 135°F-მდე უნდა გაცხელდეს. კვების ექსპერტები გირჩევენ, რომ თავი აარიდოთ უმი სტაფილოს მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებას, რადგან მას აალება და ნაპერწკლების გამოყრა ახასიათებს.

•  ფრინველის ხორცის გაცხელება მიკროტალღურ ღუმელში

ქათმის სადილად მირთმევა ყველა გურმანს უყვარს, რის გამოც ის სასადილო მაგიდაზე ძალიან ხშირად გვხვდება. გათბობის პროცესში ქათამი აუცილებლად უნდა შემოაბრუნოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ყველა მხრიდან თანაბრად თბება. კვების ექსპერტები გირჩევენ, რომ ქათამი ან მისგან მომზადებული კერძი მიკროტალღურ ღუმელში 154-165 °F-მდე გააცხელოთ. ღუმელში არასდროს შეათბოთ ქათამი, რომელიც შიგთავსით გაქვთ მომზადებული. უმჯობესია, თუ მთლიან ქათამს არ გაათბობთ, რადგან მსგავს შემთხვევაში სითბოს ღრმად შეღწევა უჭირს, რის გამოც ბაქტერიების განადგურება რთულდება. როდესაც გაყინულ პროდუქტს გაალღვობთ, ის დაუყოვნებლივ უნდა მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში. ფრინველის ხორცის არასათანადოდ გაცხელება ან მისი მომზადებისას დაშვებული შეცდომა ძალიან საშიში ბაქტერიული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. თუ თქვენ ღუმელში ქათმის კერძს სათანადოდ ვერ გააცხელებთ, შესაძლოა სალმონელას, სტაფილოკოკის ან ნაწლავური ჩხირის ბაქტერიების მსხვერპლად იქცეთ. ფრინველის ხორცის მომზადების ან გაცხელებისას უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ, შესაძლოა, კამპილობაქტერ ჯეჯუნით დაავადებაც გამოიწვიოს, რაც კვებითი მოწამვლის საკმაოდ რთული ფორმაა. 

მომზადებულია ​​msn.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

რა ვიცით საფრანგეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საფრანგეთში აღმოაჩინეს:

„ვირუსებისთვის მუტაციები ჩვეულებრივი მოვლენაა. ნებისმიერ მუტაციას, რომელიც ასპარეზზე გამოჩნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ორ კატეგორიად განიხილავს: შეშფოთებისა და ინტერესის ვარიანტად. ჯერჯერობით ამ ვარიანტისთვის არცერთი ვარიანტის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. დიდი ალბათობით მას ინტერესის ვარიანტის სტატუსი მიენიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ მასში არის მრავალხმრივი მუტაციები, დაახლოებით 46-მდე მუტაცია.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალ შტამზე დეტალური ინფორმაცია მეცნიერებს ჯერ არ აქვთ:

„ჯერჯერობით ახალი შტამის კლინიკურ მიმდინარეობაზე, იმუნურ პასუხზე საუბარი ნაადრევია. მან 12 ადამიანში ინფექცია გამოიწვია და იმის იქით არაფერი. ნებისმიერი ახალი ვარიანტი რამოდენიმე რისკის მატარებელია. როდესაც ერთი ადამიანი ხდება ავად, მასში ას მილიონამდე ვირუსის სახეობა ჩნდება. ამდენი კოპირებების დროს ვირუსი უშვებს შეცდომებს. როდესაც მუტაციათა გარკვეული სახეობა დაგროვდება, ვირუსი პირველსახეს ნაკლებად ემსგავსება.“

„ასეთი მუტაცია ბევრი აღმოცენებულა მსოფლიოში. მათ არ ჰქონდათ უფრო სწრაფი გავრცელების უნარი, ვიდრე დომინანტ ვარიანტებს, რის გამოც ისინი მსოფლიოში ვერ გახდნენ დომინანტურები,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​Euronews Georgia 

წაიკითხეთ სრულად