Baby Bag

ეპილეფსია ბავშვებში - სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ეპილეფსია ბავშვებში - სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ეპილეფსიის დიაგნოზს ბავშვებს საკმაოდ ხშირად უსვამენ. პატარების დიდი ნაწილი აღნიშნული დაავადებისგან თინეიჯერობის ასაკამდე თავისუფლდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სწორი მკურნალობის წყალობით სრულფასოვნად ცხოვრებას ახერხებს. ჩვენს სტატიაში ეპილეფსიის ძირითად ნიშნებსა და სიმპტომებს, ასევე გულყრათა განსხვავებულ ტიპებს, სინდრომებსა და მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს გაგაცნობთ.

ეპილეფსიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გულყრაა, რომელიც თავის ტვინში მიმდინარე ანომალიური ელექტრონული აქტივობით არის გამოწვეული. დაავადებული ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ბავშვია. ზრდასრულებს, რომლებსაც ეპილეფიის დიაგნოზს უსვამენ, როგორც წესი, პირველი შეტევა ბავშვობაში ან მოზარდობის პერიოდში ემართებათ. კვლევებით დგინდება, რომ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების 2/3-ს დაავადების სიმპტომები თინეიჯერობის ასაკამდე უქრება. ექიმი ბავშვს ეპილეფსიის დიაგნოზს იმ შემთხვევაში უსვამს, თუ მას ცხოვრებაში ერთი ან ორი ისეთი კრუნჩხვითი შეტევა მაინც დამართნია, რომელსაც სხვა გამომწვევი მიზეზი არ აქვს. როგორც წესი, ეპილეფსიით დაავადებულ პატარებს გულყრები სიცოცხლის პირველივე წელს უვლინდებათ.

ეპილეფსია თითოეულ ბავშვზე განსხვავებულად ზემოქმედებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის გულყრები აღენიშნება პატარას, როგორ რეაგირებს მისი ორგანიზმი მკურნალობაზე და ხომ არ აქვს მას დამატებით რაიმე ქრონიკული დაავადება. ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტების დახმარებით კრუნჩხვითი შეტევების გაკონტროლება საკმაოდ მარტივია, თუმცა ბავშვების ნაწილს, მკურნალობის მიუხედავად, გულყრებთან გამკლავება ძალიან უძნელდება.

ეპილეფსიური გულყრის სახეები და სინდრომები

ეპილეფსიური გულყრა ორი სახისაა: ფოკალური და გენერალიზებული:

• ფოკალური გულყრა

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ფოკალურ გულყრას სხვაგვარად პარციალურ გულყრასაც უწოდებენ. ფოკალური გულყრის გამომწვევი მიზეზია ტვინის ერთ კონკრეტულ უბანზე პათოლოგიური განმუხტვა. გულყრას წინ უძღვის წინასწარი პერიოდი, რომელსაც აურის სახელით ვიცნობთ. ბავშვს ეცვლება ხედვა, სმენა, ის გრძნობს განსხვავებულ სუნებს. შესაძლოა პატარა უცნაურმა შეგრძნებებმა ან შიშმა შეიპყროს, ეიფორია დაეუფლოს. ფოკალური გულყრა, როგორც წესი, გონების დაკარგვას არ იწვევს. ის კუნთების კონკრეტულ ჯგუფზე ზემოქმედებს, მაგ. ხელის ან ფეხის თითები. ფოკალური გულყრის დროს ადამიანი შეშდება. მას თქვენი საუბრის მოსმენის უნარი აქვს, თუმცა პასუხის გაცემა არ შეუძლია. ფოკალური გულყრის სხვა სიმპტომებია: გულისრევა, სხეულის დაბუჟება ან ჭარბი ოფლიანობა. დისკოგნიტურ ფოკალურ გულყრას ცნობიერების დაკარგვის გამოწვევა შეუძლია. მსგავსი ტიპის გულყრის დროს ბავშვი, შესაძლოა, უმიზეზოდ იცინოდეს, ტიროდეს, თვალებს აშტერებდეს ან ტუჩებს იკვნეტდეს.

• გენერალიზებული გულყრა
გენერალიზებული გულყრა თავის ტვინზე სრულად ვრცელდება და ცნობიერების დაკარგვას იწვევს. გენერალიზებური გულყრა სხვადასხვა ტიპისაა.

• ტონური გულყრები - ბავშვს კუნთები ეჭიმება და ეძაბება, რაც მოულოდნელად ხდება, რის შედეგადაც ის, შეიძლება, დაეცეს ან გაშეშდეს. როგორც წესი, ტონური გულყრები 15 წამზე ნაკლებ ხანს გრძელდება.

• აბსანსი - ცნობიერების ხანმოკლე დაბინდვას იწვევს. ბავშვი, შესაძლოა, გაშეშდეს, თვალები გააშტეროს ან სწრაფად ახამხამოს. აბსანსი ყველაზე ხშირად 4-14 წლის ბავშვებს ემართებათ. ის მაქსიმუმ 10 წამის მანძილზე გრძელდება.

• გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა - რამდენიმე ფაზას მოიცავს. ბავშვის სხეული და კიდურები თავდაპირველად იკუმშება, იძაბება, შემდეგ იშლება და კანკალი ვითარდება. კრუნჩხვების დასრულების შემდეგ ბავშვი დაღლილი და გამოფიტულია. გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა ადრეულ ასაკში ვლინდება და 3-4 წუთის მანძილზე გრძელდება.

• მიოკლონური გულყრა - მსგავსი ტიპის გულყრა კუნთების მოულოდნელი შეკრთომითა და ბიძგებით ხასიათდება. როგორც წესი, ის 1-2 წამის მანძილზე გრძელდება და გონების დაბინდვას არ იწვევს.

ეპილეფსიური სინდრომი ბავშვებში

ბავშვებს, რომლებსაც სპეციფიკური ნიშნები და სიმპტომები უვლინდებათ, ექიმები ეპილეფსიური სინდრომის დიაგნოზს უსვამენ. დიაგზონის დასმისას მედიკოსები გულყრის ტიპებს, შეტევის გამოვლენის ასაკს და ელექტროენცეფალოგრამის პასუხებს ეყრდნობიან. ბავშვებს განსხვავებულ ტიპის ეპილეფსიური სინდრომები უვითარდებათ.

• როლანდის ეპილეფსია - სინდრომი 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. ის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების 15 პროცენტს აწუხებს. როლანდის ეპილეფსიის მქონე პატარებს ღამის საათებში ფოკალური გულყრები აღენიშნებათ, რომელიც, შესაძლოა, გენერალიზებულ ტონურ-კლონურ გულყრაში გადაეზარდოთ. იშვიათ შემთხვევებში, სინდრომი უძილობის დროს ვლინდება. ბავშვებს სახისა და ენის კრუნჩხვები აღენიშნებათ. როგორც წესი, გულყრებისგან მოზარდების უმეტესობა 16 წლის ასაკში თავისუფლდება.

• აბსანსი (მცირე ეპილეფსია) - 16 წლამდე ასაკის ბავშვების 12 %-ს აღენიშნება. სინდრომი უმეტესად 4-დან 10 წლამდე ასაკის პატარებში ვლინდება. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების 90 %-ს აბსანსი 12 წლის შემდეგ აღარ აღენიშნება. აბსანსი იმდენად უმნიშვნელო გულყრებს იწვევს, რომ ზოგჯერ მშობლები შეტევას ვერც კი ამჩნევენ.

• ინფანტილური სპაზმები - უმეტესად 1 წლის ასაკამდე ბავშვებში ვლინდება. სინდრომი სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე ხანმოკლე სპაზმებს ან ბიძგებს იწვევს. მსგავსი ტიპის სპაზმები უმეტესად ტვინის გარკვეული დაზიანებების მქონე ჩვილებს აღენიშნებათ. ბავშვებს, რომლებსაც ინფანტილური სპაზმები აწუხებთ, დასწავლის პრობლემები აქვთ. ხშირად ინფანტილური სპაზმების მქონე ბავშვებს ლენოქს-გასტოს სინდრომიც უვითარდებათ.

• ლენოქს-გასტოს სინდრომი - უმეტესად 3-5 წლის ბავშვებს აქვთ. ზოგიერთ ადამიანს კი აღნიშნულ დიაგნოზს მხოლოდ მოზარდობის ასაკში უსვამენ. ლენოქს-გასტოს სინდრომი გულყრათა მრავალფეროვნებით ხასიათდება. ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნული სინდრომის დიაგნოზი აქვთ, ქცევითი და მეხსიერების პრობლემები აღენიშნებათ. ლენოქს-გასტოს სინდრომის მკურნალობა საკმაოდ რთულია და გულყრები მოზრდილ ასაკამდე გრძელდება.

• ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი - საკმაოდ იშვიათია და ძირითადად 3-7 წლამდე ასაკის ბავშვებს უვლინდებათ. ბავშვებს ენობრივი სიმბოლოების აღქმა უჭირთ და ვერბალური განვითარების პრობლემები აქვთ. მათ ქცევითი დარღვევებიც აღენიშნებათ. ბავშვების 70%-ს ფოკალური გულყრები აწუხებს.

როგორ ამოვიცნოთ ეპილეფსიური გულყრები?

ეპილეფსია თითოეულ ბავშვზე განსხვავებულად ზემოქმედებს. გულყრების ამოცნობა მშობლებისთვის საკმაოდ რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, რომლებსაც საკუთარი მდგომარეობის ვერბალურად გადმოცემის უნარი არ აქვთ. აბსანსის იდენტიფიცირება ძალიან რთულია, მაშინ როდესაც გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა საკმაოდ მარტივი ამოსაცნობია. ყურადღება მიაქციეთ ბავშვს, რომელიც თამაშისას, ჭამისას ან საუბრისას მოულოდნელად შეშდება. უნებლიე კრუნჩხვითი მოძრაობები, თვალების გაშტერება ან გონების დაბინდვაც გულყრაზე მიგანიშნებთ. კუნთების ტონუსის დაკარგვა და დაცემაც ეპილეფსიური გულყრის ერთ-ერთი სიმპტომია.

ჩვილ ბავშვებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის სუნთქვის რიტმს, ასევე სახის მიმიკებს, მაგ. თვალებისა და პირის უცნაურ მოძრაობებს, კუნთების მოულოდნელ შეკრთომებს, კიდურების უჩვეულო მოძრაობებს. ეპილეფსიური გულყრის სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა დაავადებების ზოგიერთ სიმპტომს, რის გამოც ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზები

ეპილეფსიის გამომწვევი პოტენციური მიზეზები შემდეგია:

• განვითარების დარღვევები, მაგ. აუტიზმი
• გენეტიკური ფაქტორები
• მაღალი ტემპერატურა, რომელმაც კრუნჩხვა გამოიწვია
• ინფექციური დაავადებები, მაგ. მენინგიტი
• ორსულობის ეტაპზე დედის ინფექციური დაავადებები
• ორსულობისას დედის მავნე კვებითი ჩვევები
• ჟანგბადის დეფიციტი მუცლად ყოფნის ან დაბადების დროს
• თავის ტრავმა
• თავის ტვინის სიმსივნე ან კისტა

ეპილეფსიის მქონე ბავშვებში გულყრების განვითარებას შემდეგი ფაქტორები უწყობს ხელს:

• აღფრთოვანება
• მოულოდნელი ნათება
• ძილის ნაკლებობა
• კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკლებობა
• ხმამაღალი მუსიკა ან ხმაური
• საკვების დეფიციტი
• სტრესი

ეპილეფსიის დიაგნოსტირება

ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმის დიაგნოსტირება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში. ექიმს დიაგნოზის დასმაში ძალიან ეხმარება მშობლის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაცია გულყრის შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია ეპილეფსიური შეტევის ვიდეო ჩანაწერი.

დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია:

• სრულფასოვანი სამედიცინო და ოჯახური ისტორია
• გულყრების დეტალური ანალიზი
• ფიზიკური შემოწმება
• სისხლის ანალიზი
• ელექტროენცეფალოგრამა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, CT კვლევა.

ეპილეფსიის მკურნალობა

ბავშვებს, რომლებსაც ეპილეფსიის დიაგნოზს უსვამენ, უმეტესად ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით მკურნალობენ. აღნიშნულ პრეპარატებს გულყრების პრევენცია შეუძლია, თუმცა მათ ეპილეფსიისგან საბოლოოდ განკურნების უნარი არ აქვთ. ბავშვების დიდ ნაწილს, რომლებსაც ეპილეფსიური შეტევები აღარ აწუხებთ, მედიკამენტების მიცემა აღარ სჭირდებათ. დაუშვებელია მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან არსებობს გულყრების ხელახლა განვითარების რისკი.

ანტიეპილეფსიური მედიკამენტები ყველა ბავშვისთვის ეფექტური არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში მკურნალობის სხვა მეთოდები გამოიყენება:

• კეტოგენური დიეტა

ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისთვის ძალიან ეფექტურია კეტოგენური დიეტა. კეტოგენური დიეტის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაცია.

• ნეიროსტიმულაცია

ნეიროსტიმულაცია არამედიკამენტოზური, აპარატული მკურნალობის მეთოდია, რომელიც ტვინის ცალკეული უბნების სტიმულაციას ისახავს მიზნად.

• ქირურგიული ჩარევა

განსაკუთრებულ შემთხვევებში ეპილეფსიური გულყრების პრევენციის მიზნით ბავშვებს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ.

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც სასწავლო მასალის ათვისებისა და განვითარების პრობლემები აქვთ, განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. 

მომზადებულია ​medicalnewstoday.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„გამორიცხულია ავტორიტარმა მშობელმა გაზარდოს ლიდერი ბავშვი,“ - ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი გადაცემაში იმედის დღე" ლიდერი ბავშვების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მშობელმა შვილის ლიდერული თვისებები უნდა წაახალისოს:

„მნიშვნელოვანია ბავშვის შინაგანი ტენდენციები, რომ თავისი მინდა გამოავლინოს. ძალიან სამწუხაროდ მშობელი ხშირად ამას ურჩობის და წინააღმდეგობრიობის კვალიფიკაციას აძლევს. ის ცდილობს ბავშვის „მავნე“ ჩვევა რაიმე გზით ჩაახშოს, რა თქმა უნდა , კეთილი ზრახვების საფუძველზე. მშობელი ყველა ზომას იღებს, რომ ბავშვმა შინაგანი მინდას და თავისი აზრის გატანის ტენდენცია აღარ იქონიოს. ამ დროს ბავშვს ხშირად უწოდებენ თავნებას, მუდმივად საკუთარი სურვილის გატანის მსურველად ნათლავენ, ჯიუტს, თავისნათქვამას, თავზეხელაღებულს ეძახიან. ლიდერი ბავშვის მშობლობა არ არის იოლი. ძალიან რთულია, რომ ხელი არ შეუშალო ბავშვის ჯიუტობის გამოვლინებას. მშობელს ძალიან ბევრი საქმე აქვს, რის გამოც რთულია ბავშვის მინდაზე ორიენტირებულ ქმედებას ანგარიში გაუწიოს. რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მისი მინდა მით უფრო იმპულსურია, შესაბამისად, მშობლისთვის ეს უგუნურადაც შეიძლება გამოიყურებოდეს.“

თეა გოგოტიშვილის თქმით, თუ ბავშვი საკუთარ თავს არ ვნებს, მას მშობელმა მიზნების მიღწევაში ხელი არ უნდა შეუშალოს:

„ვეცადოთ ავიღოთ გეზი „არ ავნოთ“ პრინციპზე. თუ ბავშვს რაიმე ისეთი უნდა ან არ უნდა, რაც მისი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის რისკია, მშობელი უნდა ჩაერიოს, თუ რისკი არ არის, მას არ უნდა გადაეღობოთ. მშობელს არ უნდა ეშინოდეს, რომ ბავშვი თავისნათქვამა გაიზრდება. ბავშვი კოპირებს იმ მშობლის მოდელს, რომელიც თვითონ არის ავტორიტარული, სულ განკარგულებებს იძლევა. მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი ლიდერია. ამ დროს ის ლიდერი კი არ არის, მშობლის სტილს კოპირებს. ეს სარკეში დანახულის გამეორებაა და არა შინაგანი ტენდენციის გამოვლინება. გამორიცხულია ავტორიტარმა მშობელმა გაზარდოს ლიდერი ბავშვი. ლიდერობას სჭირდება საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარის განვითარება. ლიდერი ბავშვის ჩამოყალიბება საზოგადოებისთვის ძალიან სასარგებლოა. ლიდერები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან სხვებს. აქ უნარებია მთავარი, შინაგანი ტენდენცია გადამწყვეტი არ არის.“

თეა გოგოტიშვილი აღნიშნავს, რომ ლიდერად ჩამოყალიბებაში ბავშვს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება ეხმარება:

„დინჯი, დამკვირვებელი ბავშვი, რომელიც არ არის აქტიური, შეიძლება აღმოჩნდეს ლიდერი. მთავარი ის არის, რომ ლიდერობა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ბავშვს პასუხისმგებლობის უნარის განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა და არა იმაზე, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. სხვადასხვა ასაკში ბავშვს სხვადასხვაგვარად უნდა შევუწყოთ ხელი. ბავშვი არის მშობლების სარკე. ბავშვს ეძლევა განცდაში ის, რასთანაც მას აქვს შეხება. მშობლის მიმართ კრიტიკა მხოლოდ გარდატეხის ასაკში შემოდის. როდესაც ოთხი წლის ბავშვზე ვსაუბრობთ, მშობელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მასთან ითანამშრომლოს, მასთან ერთად გააკეთოს საქმე, ჩართოს ბავშვი თავის საქმიანობაში. ამას ბავშვი თანდათან შეითვისებს. როგორ იქცევა მშობელი, რამდენად კონსტრუქციულია ის, ამას ბავშვი ნელ-ნელა გადაიტანს და თავის ქცევაში ასახავს.“

„არაჩვეულებრივია, როდესაც მშობლები და ბავშვები ერთად უყურებენ მულტფილმებს, კითხულობენ წიგნებს და მსჯელობენ. შესაძლებელია, რომ ლიდერული თვისებების მქონე ბავშვი გახდეს ეგოცენტრული. ბავშვში მშობელმა თანაგრძნობის უნარი უნდა გააღვივოს. არიან ძალიან მგრძნობიარე ბავშვები. მშობელმა უნდა დაინახოს როგორია მისი შვილი. მთავარი არ არის, რა დიაგნოზს დავუსვამთ ბავშვს, მთავარია როგორ მივუდგებით. თუ ბავშვი სულ საკუთარ თავზეა ორიენტირებული და უჭირს სხვების განცდების გაზიარება, ამ დროს მულტფილმების ყურება, სამართლიანი გმირების ჩვენებაა საჭირო,“ - აღნიშნავს თეა გოგატიშვილი

წყარო:​ იმედის დღე

წაიკითხეთ სრულად