Baby Bag

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც ვრცელდება, არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს“ - ქართველი ექიმი იტალიიდან

„ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც ვრცელდება, არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს“ - ქართველი ექიმი იტალიიდან

ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი, რომელიც იტალიაში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მუშაობს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ატეხილ პანიკას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვთ:

„რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი.

ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლორებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა (გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც, არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.

მოკლედ, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოც. ქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.

იტალიას მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი, რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები... ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მაიღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.

პანიკამ და სოც. ვირუსულობამ სხვა დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, სოციო-ეკონომიკური. ინფორმაციის გავრცელების დღიდან ათიათასობით ადამიანი მოაწყდა მიმღებებს გაციების ნიშნებით, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას, რაღა თქმა უნდა, არსად არდაკარგული და მუდამ ჩვენთან მყოფი, good old, Influenza, იგივე გრიპი სჭირდა (წელიწადში საშუალოდ 500,000 ადამიანს კლავს, btw). ამან გამოიწვია 12-13 საათიანი რიგები და სრული ქაოსი, სადაც ჩვენი COVID19 უფრო მარტივად გავრცელდა.

ასეთი პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.

აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი - სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები (ეს ისეც გამოსადეგია). თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს (როგორც ყველა მსუბუქი გრიპის ინფექციის დროს),“ - წერს დავით მათიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 26 თებერვალს და­ფიქ­სირ­და. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად