Baby Bag

კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იბუპროფენი არ მიიღოთ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაცია

კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იბუპროფენი არ მიიღოთ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ოფიციალური რეკომენდაციის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, იბუპროფენი არ უნდა მიიღონ. აღნიშნულ რეკომენდაციას წინ უძღოდა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება. ფრანგი მედიკოსები ვარაუდობენ, რომ იბუპროფენის მიღებას პაციენტებში კორონავირუსის მიმდინარეობის დამძიმება შეუძლია.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვერანმა გამაფრთხილებელი განცხადება სამედიცინო ჟურნალ „The Lancet”-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გააკეთა. უახლესი კვლევით დადგინდა, რომ იბუპროფენის მიღება ორგანიზმში ფერმენტებს ააქტიურებს, რომლებიც Covid-19-ის განვითარების პოტენციურ ხელშემწყობად გვევლინებიან.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის კრისტიან ლინდმაიერის განცხადებით ექსპერტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლესი რეკომენდაციების შემუშავებაზე აქტიურად მუშაობენ. ლინდმაიერის თქმით, უმჯობესია, თუ ადამიანები თვითმკურნალობისას იბუპროფენის ნაცვლად უპირატესობას პარაცეტამოლს მიანიჭებენ. პრესსპიკერმა ისიც აღნიშნა, რომ მედიკოსებს პაციენტებისთვის იბუპროფენის გამოწერის უფლება კვლავ აქვთ და მსგავსი გადაწყვეტილებები მათ თავად უნდა მიიღონ.

ლინდმაიერის ჟურნალისტებთან საუბარს წინ უძღოდა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის პოსტი, რომელიც მან ტვიტერზე გამოაქვეყნა. ვერანი ადამიანებს ურჩევს, რომ ტემპერატურის მატების შემთხვევაში პარაცეტამოლი დალიონ, რადგან იბუპროფენი და სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, შესაძლოა, კორონავირუსით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დამამძიმებელ ფაქტორად იქცეს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი იმ ადამიანებს, რომლებმაც სიცხის დასაწევად იბუპროფენი უკვე გამოიყენეს, ექიმისთვის დაუყოვნებლივ მიმართვისკენ მოუწოდებს. აუცილებელია, რომ პარაცეტამოლის მიღებისას ნებადართულ დოზას არ გადააჭარბოთ, რადგან აღნიშნული პრეპარატის ჭარბი დოზებით მიღება ღვიძლს მნიშვნელოვნად აზიანებს.

კორონავირუსი პაციენტების უმრავლესობაში მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. გართულების შემთხვევაში კი ის პნევმონიას და ორგანოთა უკმარისობას იწვევს, რაც ფატალური შედეგით სრულდება.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო იბუპროფენის მოხმარების წინააღმდეგ კორონავირუსის გავრცელებამდეც გამოდიოდა. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, იბუპროფენი და მისი სხვადასხვა ბრენდული ვარიაცია (ნუროფენი, ადვილი ) სერიოზულ ინფექციურ გართულებებს იწვევს.

ნუროფენის მწარმოებელი ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის Reckitt Benckiser-ის წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის სიმპტომების სამკურნალოდ ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული და არასტეროიდული მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მათთვის სიახლეს არ წარმოადგენს.

„მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. იბუპროფენი ძლიერი პრეპარატია, რომელსაც ბოლო 30 წლის მანძილზე ადამიანები სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გამო ძალიან ხშირად იყენებენ, მათ შორის ვირუსული ინფექციებით დაინფიცირების დროსაც. არ არსებობს რაიმე სახის მეცნიერული მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იბუპროფენის გამოყენებას უნდა მოერიდოთ.“ - ნათქვამია Reckitt Benckiser-ის ოფიციალურ განცხადებაში. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ Reckitt Benckiser-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან რეგულარული კავშირი აქვს, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალი სიღრმისეულად შეისწავლოს. ორგანიზაციის მფლობელები გვარწმუნებენ, რომ უახლოეს მომავალში მათი პროდუქტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ დამატებით რეკომენდაციებს აუცილებლად მოგვაწვდიან. 

მომზადებულია ​sciencealert.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ქვეყნის ჩაკეტვის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ. თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა ჩაიკეტოს?“ - გიორგი ფხაკაძე

„ამ ქვეყნის ჩაკეტვის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ. თქვენ გინდათ, რომ ეს ქვეყანა ჩაიკეტოს?“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებული შეზღუდვები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩაკეტვის მომხრე არ არის:

„რა აზრი აქვს ამ შეზღუდვებს? ეს არის პაკაზუხობა."  ​საქართველოში არის „პაკაზუხა“ შეზღუდვები. თუ აკეთებ, გააკეთე. თუ არ გაქვს ამის თავი, უთხარი ადამიანებს, რომ ვერაფერს ვერ აკეთებ. სახელმწიფო გეუბნებათ, თავში ქვა გიხლიათო. სახელმწიფომ მიაგდო საქართველოს მოქალაქეები. ჩემზე უკეთესად იციან, რა არის გასაკეთებელი.“

გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა, რათა ქვეყნის ჩაკეტვის რისკი თავიდან ავიცილოთ:

„ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ქვეყნის ჩაკეტვის საშუალება არავის არ მივცეთ. თქვენ გინდათ, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს? მე არ მინდა! ​ეს ქვეყანა რომ არ ჩაიკეტოს, უნდა ავიცრათ ფაიზერით და მორჩა! რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლები ამოჰყოფს თავს რეანიმაციულ განყოფილებაში. ვერ იტყვიან, რომ ქვეყანა უნდა ჩაკეტონ.“

„ჩაკეტვა, ალბათ, ვიღაცას აწყობს. მე არ ვიცი, საღ ადამიანს ვის შეიძლება აწყობდეს ქვეყნის ჩაკეტვა?!“ - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად