Baby Bag

ინფექციონისტები გვაფრთხილებენ, რომ Covid-19-ის ვირუსი ფეხსაცმლის ზედაპირზე სიცოცხლეს 5 დღის მანძილზე ინარჩუნებს

ინფექციონისტები გვაფრთხილებენ, რომ Covid-19-ის ვირუსი ფეხსაცმლის ზედაპირზე სიცოცხლეს 5 დღის მანძილზე ინარჩუნებს
ინფექციონისტები გვაფრთხილებენ, რომ Covid-19-ის ვირუსი ფეხსაცმლის ზედაპირზე სიცოცხლეს 5 დღის მანძილზე ინარჩუნებს. თუ ხალხმრავალ ადგილებში ხშირად გადაადგილდებით, თქვენი ფეხსაცმლის ფსკერი ვირუსებისა და ბაქტერიების ნამდვილ ბუდედ იქცევა. სუპერმარკეტები, სადგურები და აეროპორტები ამ მხრივ ყველაზე სახიფათო ადგილებად არის მიჩნეული. მართალია, ბაქტერიების უდიდესი ნაწილი ფეხსაცმლის ფსკერზე გროვდება, მაგრამ დაინფიცირებული ადამიანის მიერ ამოხველების ან დაცემინების შემთხვევაში ვირუსი, შესაძლოა, თქვენი ფეხსაცმლის ზედაპირზეც აღმოჩნდეს.

ფეხსაცმლის ძირი, როგორც წესი, მყარი მასალისგან არის დამზადებული, რომელიც ინფექციებისა და ვირუსებისთვის საიმედო თავშესაფრად მარტივად იქცევა. მსგავსი ტიპის მასალა წყალს, ჰაერს და ტენს არ ატარებს, რაც მიკრობებისთვის საიმედო გარემოს ქმნის. მას შემდეგ რაც ქვეყანაში ერთი ღამის განმავლობაში ვირუსის გავრცელების 190 ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს, ავსტრალიელები სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულს განსაკუთრებით ერიდებიან. ავსტრალიაში შემთხვევათა რიცხვი 2 793-მდე ძალიან სწრაფად გაზარდა, მათ შორის 12 ფატალურად დასრულდა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ავსტრალიელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ფეხსაცმლის ფსკერის ვირუსით დაბინძურების რისკი მით მეტად მატულობს, რაც უფრო ხალხმრავალ ადგილებს ვსტუმრობთ. ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობის, სავაჭრო ცენტრებსა და სადგურებში გადაადგილების შემდეგ მეტი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.

კვლევებით დასტურდება, რომ სინთეთიკური მასალის ზედაპირზე ვირუსს 5 დღის მანძილზე არსებობის უნარი აქვს. კვლევები ოთახის ტემპერატურაზე ჩატარდა. ჯანდაცვის სპეციალისტები კვლევის შედეგებს აბსოლუტურად იზიარებენ და აცხადებენ, რომ მასალა, რომლისგანაც ფეხსაცმელების უდიდესი ნაწილი მზადდება და იკერება, ვირუსის გადარჩენის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ სახლში მისვლის შემდეგ ფეხსაცმელები კართან ან მის მიღმა დავტოვოთ. მთავარია, რომ საგარეო ფეხსაცმლით ოთახებში არ ვიაროთ, რათა ვირუსის გავრცელების რისკები მნიშვნელოვნად შევამციროთ. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ადამიანების დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და საკვები პროდუქტების მაღაზიების კონსულტანტები კი მუშაობას ძველებურად აგრძელებენ. ადამიანებს, რომლებიც კვლავ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, ექსპერტები სპეციალური საგარეო ფეხსაცმლის ტარებას ურჩევენ, რომელსაც მხოლოდ სახლიდან გასვლის შემდეგ გამოიყენებენ.

ტილოს, ხელოვნური ტყავის ან სხვა მსუბუქი მასალისგან შეკერილი ფეხსაცმელი, შეგიძლიათ, სარეცხ მანქანაში დაბალ ტემპერატურაზე გარეცხოთ. მყარი მასალისგან შეკერილ ფეხსაცმელს კი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით გაწმენდა სჭირდება, რაც ვირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

მომზადებულია ​dailymail.co.uk-ის მიხედვით 
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად