Baby Bag

8 წლის ასაკის ბავშვებს გასულ წლებთან შედარებით აუტიზმის დიაგნოზს უფრო ხშირად უსვამენ - უახლესი კვლევის შედეგები

8 წლის ასაკის ბავშვებს გასულ წლებთან შედარებით აუტიზმის დიაგნოზს უფრო ხშირად უსვამენ - უახლესი კვლევის შედეგები

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორწლიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ 8 წლის ასაკის ბავშვებს აუტიზმის დიაგნოზს იმაზე ხშირად უსვამენ, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა.

2016 წელს 8 წლის ასაკის ყოველი 54 ბავშვიდან ერთს აუტიზმი ჰქონდა, 2014 წელს კი მსგავს დიაგნოზს მხოლოდ ყოველ 59-ე ბავშვს უსვამდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევის ჩატარებისას სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ოფიციალურ ანგარიშებს ეყრდნობოდა.

კვლევამ შავკანიან და თეთრკანიან ბავშვებს შორის აუტიზმის გავრცელების მნიშვნელოვანი განსხვავება ვერ გამოავლინა, თუმცა დაავადების მაჩვენებელი ლათინოამერიკელ ბავშვებში გაცილებით მაღალი იყო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მკვლევარები თვლიან, რომ ლათინოამერიკელ ბავშვებს უფრო ხარისხიანი გამოკვლევა, დიაგნოსტირება და ინტერვენცია ესაჭიროებათ. კვლევით ასევე დადასტურდა, რომ შავკანიანი და ლათინოამერიკელი პატარების მდგომარეობა პროფესიონალების მიერ გაცილებით გვიან ფასდებოდა, ვიდრე თეთრკანიანების, რის გამოც მათი მკურნალობა ხშირად დაგვიანებით იწყებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 3 წლის ასაკამდე ბავშვების განვითარების დონის სამედიცინო შეფასება 74%-დან 84%-მდე გაიზარდა, რაც მედიკოსების მხრიდან აღნიშნული პრობლემისადმი ინტერესის გაზრდასა და პრევენციული ღონისძიებების აქტიურად გამოყენებაზე მიანიშნებს.

გასული წლების ანგარიშებთან შედარებით მამრობითი სქესის პატარებში აუტიზმის დიაგნოზის რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ბიჭებს გოგონებთან შედარებით აუტიზმის განვითარების 4-ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ. მკვლევარები აღნიშნული სხვაობის მიზეზების დადგენას აუცილებლად მიიჩნევენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვების რიცხვი შტატების მიხედვითაც განსხვავდება. კოლორადოში აღნიშნულ დიაგნოზს ყოველი 76 ბავშვიდან ერთს მაინც უსვამენ, ხოლო ნიუ-ჯერსიში აუტიზმი ყოველ 32-ე ბავშვს უდგინდება. მკვლევარები აღნიშნული სხვაობის მიზეზად დიაგნოსტირების ხარისხს შორის განსხვავებებს ასახელებენ. თითოეულ შტატში აუტიზმის დიაგნოსტიკა და მიღებული შედეგების ოფიციალური აღრიცხვა განსხვავებულად ხდება, რაც ზუსტი მონაცემების დადგენას ართულებს.

მომზადებულია ​ksat.com-ის მიხედვით

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ძალიან წამყვანი მომენტია - კოვიდით ძირითადად იღუპებიან ის ადამიანები, ვისაც აქვს პარადოქსული შიში,“ - ვერიკო ბაზიარი

„ეს ძალიან წამყვანი მომენტია - კოვიდით ძირითადად იღუპებიან ის ადამიანები, ვისაც აქვს პარადოქსული შიში,“ - ვერიკო ბაზიარი

მეან-გინეკოლოგმა ვერიკო ბაზიარმა სახლის პირობებში კოვიდ-19-ის მართვის საინტერესო რჩევები მოგვცა. მისი თქმით, მთავარია, ვირუსმა არ შეგვაშინოს:

„მთავარია, რომ ადამიანს არ უნდა გაუჩნდეს შიში. ​ემოციის მართვა უნდა ისწავლოს ადამიანმა. ძირითადად იღუპებიან ის ადამიანები, ვისაც აქვს პარადოქსული შიში. ეს ძალიან წამყვანი მომენტია. ჯერჯერობით ერთი რამ არის ცნობილი, რაზეც ყველა თანხმდება, C ვიტამინი, D ვიტამინი და ცინკი, ეს სამი რამ არის, რაც უნდა მიიღოს ადამიანმა. თუ ადამიანი ცინკს დროულად, კარგი დოზირებით იყენებს, გემოვნებისა და ყნოსვის აღდგენაში ეხმარება.“

ვერიკო ბაზიარის თქმით, თუ სიცხე ტემპერატურის დამწევს ემორჩილება, ზედმეტი შფოთვა საჭირო არ არის:

„ბებიის რეცეპტებით, მაგალითად, ჯინჯერით ვერ მიიღებ იმდენ C ვიტამინს, რამდენიც საჭიროა. სითხის მიღებისთვის, ციტრუსის გამოყენებით ჩაის სხვადასხვა სახეობის მიღება, რასაკვირველია, შეიძლება. სიცხის მატება, რომელიც ემორჩილება პარაცეტამოლს და შესაძლოა, დაიწიოს, უნდა მიიღო მშვიდად, იმიტომ, რომ ამ დროს შენი ორგანიზმი იბრძვის ვირუსის საწინააღმდეგოდ. არიქა, ორმოცამდე ადის სიცხე და ანტიბიოტიკის მიღება დაიწყოს ადამიანმა, ეს არ შეიძლება.“

„თუ ასე გაივლი ამას, ჟანგბადს ისუნთქებ, ივარჯიშებ, კარგია. არ შეიძლება ჩაუწვე და იკვნესო ადამიანმა. შენს თავს უნდა გადააბიჯო და ბუქნები მაინც გააკეთო. ​ბუშტს თუ ვერ ბერავ, წყალში ბუშტები გაუშვი და ამით ავარჯიშე შენი ფილტვები. ეს არის ელემენტარული რჩევები, რომლითაც ძალიან მშვიდად შეიძლება გაიარო კოვიდის 12 დღიანი პერიოდი და ისე დამთავრდეს, რომ ვერც კი გაიგო,“- აღნიშნულ საკითხზე ვერიკო ბაზიარმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია

წაიკითხეთ სრულად