Baby Bag

8 წლის ასაკის ბავშვებს გასულ წლებთან შედარებით აუტიზმის დიაგნოზს უფრო ხშირად უსვამენ - უახლესი კვლევის შედეგები

8 წლის ასაკის ბავშვებს გასულ წლებთან შედარებით აუტიზმის დიაგნოზს უფრო ხშირად უსვამენ - უახლესი კვლევის შედეგები

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორწლიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ 8 წლის ასაკის ბავშვებს აუტიზმის დიაგნოზს იმაზე ხშირად უსვამენ, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა.

2016 წელს 8 წლის ასაკის ყოველი 54 ბავშვიდან ერთს აუტიზმი ჰქონდა, 2014 წელს კი მსგავს დიაგნოზს მხოლოდ ყოველ 59-ე ბავშვს უსვამდნენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევის ჩატარებისას სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების ოფიციალურ ანგარიშებს ეყრდნობოდა.

კვლევამ შავკანიან და თეთრკანიან ბავშვებს შორის აუტიზმის გავრცელების მნიშვნელოვანი განსხვავება ვერ გამოავლინა, თუმცა დაავადების მაჩვენებელი ლათინოამერიკელ ბავშვებში გაცილებით მაღალი იყო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მკვლევარები თვლიან, რომ ლათინოამერიკელ ბავშვებს უფრო ხარისხიანი გამოკვლევა, დიაგნოსტირება და ინტერვენცია ესაჭიროებათ. კვლევით ასევე დადასტურდა, რომ შავკანიანი და ლათინოამერიკელი პატარების მდგომარეობა პროფესიონალების მიერ გაცილებით გვიან ფასდებოდა, ვიდრე თეთრკანიანების, რის გამოც მათი მკურნალობა ხშირად დაგვიანებით იწყებოდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 3 წლის ასაკამდე ბავშვების განვითარების დონის სამედიცინო შეფასება 74%-დან 84%-მდე გაიზარდა, რაც მედიკოსების მხრიდან აღნიშნული პრობლემისადმი ინტერესის გაზრდასა და პრევენციული ღონისძიებების აქტიურად გამოყენებაზე მიანიშნებს.

გასული წლების ანგარიშებთან შედარებით მამრობითი სქესის პატარებში აუტიზმის დიაგნოზის რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ბიჭებს გოგონებთან შედარებით აუტიზმის განვითარების 4-ჯერ უფრო მაღალი რისკი აქვთ. მკვლევარები აღნიშნული სხვაობის მიზეზების დადგენას აუცილებლად მიიჩნევენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვების რიცხვი შტატების მიხედვითაც განსხვავდება. კოლორადოში აღნიშნულ დიაგნოზს ყოველი 76 ბავშვიდან ერთს მაინც უსვამენ, ხოლო ნიუ-ჯერსიში აუტიზმი ყოველ 32-ე ბავშვს უდგინდება. მკვლევარები აღნიშნული სხვაობის მიზეზად დიაგნოსტირების ხარისხს შორის განსხვავებებს ასახელებენ. თითოეულ შტატში აუტიზმის დიაგნოსტიკა და მიღებული შედეგების ოფიციალური აღრიცხვა განსხვავებულად ხდება, რაც ზუსტი მონაცემების დადგენას ართულებს.

მომზადებულია ​ksat.com-ის მიხედვით

შეიძლება დაინტერესდეთ

„999 996 ბავშვი უნდა აიცრას იმიტომ, რომ 4 ბავშვს არ დასჭირდეს კოვიდზე მკურნალობა საავადმყოფოში? ამის შემდეგ უკვირს ვინმეს, რომ ნდობა უკვე ფსკერზეა?“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

„999 996 ბავშვი უნდა აიცრას იმიტომ, რომ 4 ბავშვს არ დასჭირდეს კოვიდზე მკურნალობა საავადმყოფოში? ამის შემდეგ უკვირს ვინმეს, რომ ნდობა უკვე ფსკერზეა?“ - ექიმი იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ 5-11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის მხარდაჭერის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. იაგო ფრანგიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,კითხვები ციკლიდან,,ახლა ამისი დრო არ არის“ ან,,ვის წისქვილზე ასხამ წყალს?“

დილის რადიო ინფო :,,აშშ დაუშვებს მრნა ვაქცინას 5 და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში,“უფრო სწორად, ფაიზერის ვაქცინას. სხვა მ რნმ/ზე არაა საუბარი,​ფაიზერია მხოლოდ ამ განსაკუთრებულ პატივში. მიზეზი, საბაბი, თუ რაც თქვეს, არ ვიცი რა დავარქვა, არის შემდეგი:

,,ყოველ 100.000 კოვიდით ინფიცირებულ ბავშვზე საავადმყოფოში დახმარება ესაჭიროება 0,4 ბავშვს" ანუ ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავადმყოფო ესაჭიროება 4 ბავშვს, არა ყოველ მილიონ ბავშვზე, არამედ, ყოველ მილიონ ინფიცირებულზე 4 ბავშვს ესაჭიროება საავადმყოფო, კი არ იღუპება, ესაჭიროება სტაციონარი.

რამდენი მძიმე ქრონიკული დაავადების ბავშვია ერთ მილიონ ბავშვზე? ხომ შეიძლება, რომ გავაკეთოთ დაავადებათა და სარისკე კატალოგი და ვთქვათ, რომ აი, ამ ასაკის ბავშვთა აი, ეს ჯგუფები არიან განსაკუთრებით სარისკე.

ეს ხომ შეიძლება? რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ არა.

999.996 ბავშვი უნდა აიცრას იმიტომ, რომ 4 ბავშვს არ დასჭირდეს კოვიდზე მკურნალობა საავადმყოფოში? ამის შემდეგ უკვირს ვინმეს, რომ ნორმალური განვითარების ქვეყნებშიც კი მოსახლეობის 30%მდეა არამცრელი? ამის შემდეგ უკვირს ვინმეს, რომ ნდობა უკვე ფსკერზეა?

ადამიანს ებოძა გონება გააზრებისთვის. ძალიან გთხოვთ,​ იმ დისკუსიას ნუ გაშლით, რომ ,,აცრილი არაა გადამდები“და ასე შემდეგ. ასზე მეტი სკოლის და სკოლამდელი ბავშვია ჩემთან და ვიცი, რომ გერმანიაში სკოლებში ყველას ტესტავენ, აცრილსაც და აუცრელსაც, იმიტომ, რომ იციან, ვირუსმატარებელი შეიძლება იყოს ყველა,“ - აღნიშნავს იაგო ფრანგიშვილი.

წაიკითხეთ სრულად