Baby Bag

საკვები პროდუქტები, რომლებიც ფილტვების გაჯანსაღებასა და სუნთქვის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ

საკვები პროდუქტები, რომლებიც ფილტვების გაჯანსაღებასა და სუნთქვის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
ფილტვი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სასიცოცხლო ფუნქციის შენარჩუნებაში ეხმარება. ჰაერის დაბინძურება, მოწევა და სხვა მავნე ჩვევები ისეთი სერიოზული გართულებებისა და დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, როგორებიცაა: პნევმონია, ბრონქიტი, ასთმა და ა.შ. ფილტვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. დღეს, როდესაც ახალი ტიპის კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, სასუნთქი გზების სიჯანსაღეზე ზრუნვამ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა შეიძინა.

Covid-19-ის ვირუსი ორგანიზმში შეღწევისას პნევმონიის განვითარებას უწყობს ხელს, რის გამოც დაინფიცირებულებს სუნთქვა საგრძნობლად უჭირთ. სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, მის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციული ღონისძიებების გატარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ფილტვების გაძლიერებაზე თუ ზრუნავთ, თქვენს ყოველდღიურ რაციონში ისეთი პროდუქტები უნდა ჩართოთ, რომლებიც სასუნთქი გზების გაჯანსაღებისთვის ძალიან სასარგებლოა.

ნიგოზი

ნიგოზი დიდი რაოდენობით შეიცავს Omega 3-ის ჯანსაღ ცხიმებს, რის გამოც ორგანიზმში ანთებითი პროცესების გავრცელებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. ნიგოზი მდიდარია E ვიტამინითაც. დილის საათებში რამდენიმე ნიგვზის მირთმევა თქვენს იმუნიტეტს საგრძნობლად გააძლიერებს. ნიგოზი ხელს უწყობს ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ზრდის ფილტვის ტევადობას.

მწვანე ჩაი

ანტიოქსიდანტებით მდიდარი მწვანე ჩაი ორგანიზმში ანთებითი პროცესების გავრცელებას უშლის ხელს. თუ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ, მწვანე ჩაის მირთმევა ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში ძალიან დაგეხმარებათ. მასში დიდი რაოდენობით გვხვდება პოლიფენოლი - ეპიგალოკატეხინის გალატი, რომელიც ფილტვში სიმსივნური უჯრედების გამრავლებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. მწვანე ჩაი ძლიერ ნაერთს, თეოფილინსაც შეიცავს, რომელიც ბრონქოლიზური მოქმედებით გამოირჩევა და შევიწროვებულ ბრონქებს აფართოვებს.

ნიორი

ნიორი უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ანთების საწინააღმდეგო ნაერთებს, რის გამოც ის ფილტვში ოქსიდაციური სტრესის განვითარებისგან გიცავთ. ჩინეთში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კვირის განმავლობაში 2-ჯერ უმი ნივრის მირთმევა ფილტვის სიმსივნის განვითარებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს. 

მომზადებულია ​india.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის რაციონში წითელი ხორცი აუცილებლად უნდა იყოს კვირაში 4 დღე,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ბავშვის რაციონში წითელი ხორცი აუცილებლად უნდა იყოს კვირაში 4 დღე,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვის რაციონში ხორცისა და თევზის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და მშობლებს განუმარტა, თუ რა სიხშირით უნდა ჩართონ შვილის რაციონში წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი:

„წითელი ხორცი კვირის მანძილზე აუცილებლად უნდა იყოს 4 დღე, ფრინველის ხორცი შესაძლებელია იყოს ორი დღე, თევზი უნდა იყოს კვირაში 1 დღე. ეს შესაძლებელია შეიცვალოს ინდივიდუალურად იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს ბავშვს თითოეულ პროდუქტთან. ეს არ შეიძლება სრულად იყოს ჩანაცვლებული მცენარეული ცილებით, თუმცა ერთი დღე შესაძლებელია დავუთმოთ მცენარეულ ცილებსაც. ბავშვთა ასაკში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რკინა, B12 ვიტამინი მნიშვნელოვანია ზრდა-განვითარებისთვის, ასე ვერ ჩავანაცვლებთ მცენარეული ცილებით ცხოველურ ცილებს.

დაბადებიდან იმ ასაკამდე, სანამ ჩვენ გვისმენენ შვილები, მშობლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, თუ რას მიირთმევს პატარა. ძალიან ხშირად ამბობენ მშობლები: „რა ვქნა? ტკბილ გაზირებულ სასმელს სვამს.“ ამ დროს ვკეითხები მშობლებს: „მუშაობს ბავშვი?“ ისინი გაკვირვებულები მიყურებენ. თუ ჩვენ არ ვუყიდით, ის არ შევა მაღაზიაში და არ მოიპარავს. აღზრდის კულტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“- მოცემულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად