Baby Bag

,,მიეცით პატარებს სადეზინფექციო ხსნარში დამუშავებული ნაჭერი და „ათამაშეთ“ ტელეფონის ეკრანის და ტელევიზორის პულტის გაწმენდა''

,,მიეცით პატარებს სადეზინფექციო ხსნარში დამუშავებული ნაჭერი და „ათამაშეთ“ ტელეფონის ეკრანის და ტელევიზორის პულტის გაწმენდა''

გთავაზობთ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ივანე ჩხაიძის რჩევას თუ როგორ ავუხსნათ პატარებს, რა არის კორონავირუსი და როგორ ვასწავლოთ მათ პირადი ჰიგიენა?

,,დისტანციური სამყარო, რომელიც კორონავირუსმა შექმნა, ბავშვებისთვის, ერთი მხრივ, საზიანოა. პატარები ტელევიზიით ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებენ და ისინი ნეგატიური ამბების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეები არიან. რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში?!

პატარებისთვის გრიპი, გაციება და მათი სიმპტომები ნაცნობია, კორონავირუსი კი მათთვის ახალი ხილია და გარკვეულ დაძაბულ ფონს ქმნის. აუხსენით ბავშვებს, რა არის კორონავირუსი და როგორ მოქმედებს ის. ასაკის შესაბამისად დაარწმუნეთ პატარები თავის დაცვის აუცილებლობაში და ხაზი გაუსვით იმას, რომ სასიკვდილო არაფერია.

ბავშვების პასიურობა დაუშვებელია. უმჯობესია, თამაშით ასწავლოთ მათ პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა და შესთავაზოთ ვირუსის ერთობლივი დამარცხება. მაგალითად, მიეცით პატარებს სადეზინფექციო ხსნარში დამუშავებული ნაჭერი და „ათამაშეთ“ ტელეფონის ეკრანის და ტელევიზორის პულტის გაწმენდა. ეს ქცევა მათ მალე ჩვევაში გადაეზრდებათ.

ბავშვებმა არ იციან არც სოციალური დისტანციის მნიშვნელობა, ამიტომ აუცილებელია, სახლიდან გაყვანისას მათთან ერთად გაზომოთ 2 მეტრი და ასწავლოთ პატარებს, რა მანძილით უნდა ჩამოშორდნენ ქუჩაში მყოფ ადამიანებს.

სახლიდან ბავშვების გაყვანისას რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის თან ტარება და პატარებისთვის ერთი ფლაკონის მიცემა, რათა მათ თავად გამოიმუშავონ თამაშისას პერიოდულად ხელების დამუშავების ჩვევა. ასწავლეთ მათ დახველების ეტიკეტიც. ეს წესები ბავშვებს საფრთხეს აარიდებს თავიდან,'' - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე. 

წყარო: evexhospitals.ge


არ დაგავიწყდეთ !!! Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''

,,მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება''
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ შეინიშნება სტაბილიზაციის ტენდენცია. საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის ვადებზე.

აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა, შესაბამისად, მასობრივი ვაქცინაციისთვის აქტიური მზადება იწყება. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთი კვირის ვადაში შეიმუშავებს ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმას, რომელიც დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გადაამზადებს დამატებით ამცრელ ბრიგადებს და ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად ჩაერთვებიან ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები.

ვაქცინაციის პროცესთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, შენარჩუნებული იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენცია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 350 428 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 951 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 35 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3333 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

წაიკითხეთ სრულად